2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, სავარაუდოდ, 22 ოქტომბერს გაიმართება. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განაცხადა, რომ მთავრობასთან შეთანხმებით გადაწყვეტილია არჩევნების ოქტომბრის მესამე კვირას ჩატარება.

როგორ ემზადებიან პოლიტიკური პარტიების რაიონული ორგანიზაციები არჩევნებისთვის, შეარჩიეს თუ არა გამგებლობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები, – ამ შეკითხვებით ხარაგაულში მოქმედი პოლიტიკური პარტიების რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს ერთი თვის წინ მივმართეთ. პარტიების ლიდერები მაშინ დაგვპირდნენ, რომ დაზუსტებულ ინფორმაციას ივნისის ბოლოს მოგვაწვდიდნენ.

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე პარტიის ცენტრალურ ოფისში წარდგენილი კანდიდატების ვინაობას, ჯერჯერობით, არ ასახელებს და ამბობს: „ჯერ არაფერი გამოკვეთილა, პარტიის ცენტრალურ ოფისში გადაგზავნილია კანდიდატურები და პასუხებს ველოდებით. უხერხული გამოვა დასახელება. ისინი ჩვენი პარტიის წევრები და პატივსაცემი ადამიანები არიან. გვეუბნებიან, მალე გადაწყდებაო.“

არის თუ არა პარტიის რაიონული ორგანიზაციიდან ცენტრალურ ოფისში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოქმედი გამგებლის, ნიკო თოფურიძის, კანდიდატურა გაგზავნილი, მანანა ბარბაქაძემ ამ საკითხზე პასუხისგან თავი შეიკავა, – „ამ საკითხს ღიად დავტოვებ. გადაგზავნილია კანდიდატურები.“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ამბობს, რომ გამგებლისა და მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების შერჩევის პროცესი ჯერ არ დასრულებულა. ის ამბობს, რომ პირველად ამის შესახებ ინფორმაციას „ჩემი იმერეთის“ რედაქციას შეატყობინებს.

საარჩევნო ბლოკის, „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა,“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი ლაცაბიძე იმედოვნებს, რომ დაწვრილებით ინფორმაციას 15 ივლისს დაგეგმილ პარტიულ თათბირზე მიაწოდებენ.

„რესპუბლიკური პარტიის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ჭიპაშვილი უახლოეს დღეებში პარტიის დატოვებას გეგმავს. „ათ დღეში ჩამოვყალიბდებით, – ამბობს მიხეილ ჭიპაშვილი, – კონსულტაციებს გავდივართ დავით უსუფაშვილის „შენების მოძრაობასთან,“ თუ ვინ სად და რა პოზიციაზე იქნება. „რესპუბლიკურ პარტიას“ რომ ვტოვებ, ეს ჩემმა თანაგუნდელებმა იციან.“

„კონკრეტულად ჯერჯერობით არაფერი გადაწყვეტილა, – ამბობს „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ფცქიალაძე, – დღეს, 4 ივლისს, პარტიის ყრილობა ტარდება და ამის შემდეგ უფრო გამოკვეთება ყველაფერი.“ თემურ ფცქიალაძე დაგვპირდა, რომ გამგებლობის კანდიდატების შესახებ პირველ ინფორმაციას „ჩემი იმერეთის“ რედაქციას მოაწოდებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის მოახლოებულ არჩევნებზე კანდიდატთა მხარდაჭერის თემაზე ისაუბრა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა კობა ლურსმანაშვილმა ხარაგაულში 29 ივნისს ამომრჩევლებთან გამართულ შეხვედრაზე.

მისი თქმით, ის მხარს დაუჭერს ყველას, ვინც ხალხში ავტორიტეტითა და საზოგადოებაში პატივისცემით სარგებლობს, ვინც სოფლების პრობლემების წარმოჩენა შეძლო.

ნინო კაპანაძე