2017 წლის შემოდგომაზე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები გაიმართება. როგორ ემზადებიან პარტიების რაიონული ორგანიზაციები არჩევნებისთვის, უკვე შეარჩიეს თუ არა გამგებლობისა და მაჟორიტარობის კანდიდატები, – ამ შეკითხვებით ხარაგაულში მოქმედი პოლიტიკური პარტიების რაიონული ორგანიზაციების თავმჯდომარეებს მივმართეთ.
„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ამბობს, რომ გამგებლის თანამდებობაზე რამდენიმე კანდიდატურა განიხილება. მან კონკრეტული პირების დასახელებისგან თავი შეიკავა და აღნიშნა, რომ ყველაფერი ივნისის ბოლოს გადაწყდება. რაც შეეხება საკრებულოში მაჟორიტარობის კანდიდატებს, მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით, თითოეული მაჟორიტარული ოლქიდან სამ-სამი კანდიდატურა განიხილება.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ასევე ამბობს, რომ ივნისის ბოლოს დააზუსტებენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გამგებლობის კანდიდატისა და საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების ვინაობას. თორნიკე ავალიშვილის ინფორმაციით, „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი ხარაგაულის ოცივე ოლქში ეყოლება.
პარტიების გაერთიანებაზე საუბრობს საარჩევნო ბლოკის „ნინო ბურჯანაძე – დემოკრატიული მოძრაობა“ რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი ლაცაბიძე და ამბობს, რომ, სავარაუდოდ, კახა კუკავას პარტიასთან გაერთიანება იგეგმება. გოგი ლაცაბიძე პარტიის ცენტრალურ ოფისთან კანდიდატების შეჯერების პროცესშია.
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თემურ ფცქიალაძის ინფორმაციით, პარტიის ცენტრალურ ოფისში გამგებლობისთვის განსახილველად რამდენიმე კანდიდატურა გაიგზავნა, – მათ შორის, თავად თემურ ფცქიალაძის. მისივე თქმით, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ოცივე საარჩევნო ოლქში ეყოლებათ.
„რესპუბლიკური პარტიის“ დატოვებას გეგმავს პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე მიხეილ ჭიპაშვილი. ის ამბობს, რომ დავით უსუფაშვილის მიერ ჩამოყალიბებულ „შენების მოძრაობას“ შეუერთდება. მისივე თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ეყოლებათ როგორც გამგებლობის, ისე მაჟორიტარობის კანდიდატები.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში