რეგიონული განვითარების ფონდში ხარაგაულიდან 13 პროექტი განსახილველად გაიგზავნება. აღნიშნული პროექტები საკრებულოს წევრებმა 22 მაისს რიგგარეშე სხდომაზე მოიწონეს.

დღესვე, საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე დეპუტატებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულების ანგარიშის შესახებ იმსჯელეს.

დეპუტატი ჯამბულ გამცემლიძე დაინტერესდა, თუ „ვის ეკისრება პასუხისმგებლობა ბიუჯეტის გარღვევის გამო“ (ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის შემოსავლების გეგმა პირველ კვარტალში 87,8 პროცენტით შესრულდა).

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი ამბობს: „ადგილობრივ ბიუჯეტში გადასახადები და გათანაბრებითი ტრანსფერი გათვალისწინებულზე ნაკლები შემოვიდა, რამაც ბიუჯეტის შეუსრულებლობა გამოიწვია. ამაში პასუხისმგებელი ჩვენი სამსახური არ არის.“

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილი დაინტერესდა, „რატომ არის ნახევრად ჩაბნელებული ხარაგაულის ქუჩები ღამით, როცა ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობას“ გარე განათების ქსელის მოსაწყობად თანხა გამოეყო და ე.წ. კალათა მანქანაც მწყობრშია?

ასევე გაურკვეველია, შევინარჩუნებთ თუ არა მეორე კვარტალში შტატებს სრულად სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში, რადგან ხელფასებისათვის საჭირო თანხა სრულად ამ ააიპ-ს აღარ გააჩნია.

მუნიციპალიტეტი იხდის ელექტროენერგიის ძალიან დიდ გადასახადს. ხომ არ არსებობს ამ მიმართულებით კონტროლის რაიმე მექანიზმი?

ადგილობრივ ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისათვის გამოყოფილი თანხა თითქმის მთლიანად თანადაფინანსებას მოვახმარეთ. წლის განმავლობაში ადგილობრივი გზებისა თუ წყლის სისტემების მოწესრიგებას როგორ ვაპირებთ, ბიუჯეტში რომ თანხა აღარ გვაქვს?!

საფეხბურთო გუნდ „ჩხერიმელას“ შენობის მოსაწესრიგებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხა გამოვყავით. ვისთვის ვაკეთებთ ამას, თუ ამ გუნდში ხარაგაულელები არ ითამაშებენ?“ – დაინტერესდა დეპუტატი ვარლამ ჭიპაშვილი.

საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა იკითხა, – იგეგმება თუ არა მიმდინარე წელს ხარაგაულის საკათედრო ტაძრის მშენებლობისათვის თანხის ჩარიცხვა.

„ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებაში ზოგ თანამშრომელს ხელფასები დაგეგმილზე მეტად დააკლეს, ხოლო ზოგს პირიქით, – მოუმატეს. ეს გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმაც დაადასტურა, – აღნიშნა სხდომაზე თორნიკე ავალიშვილმა.

„არ ვიცი, რა მდგომარეობაა საბავშვო ბაღებში, მაგრამ ამ საკითხით აუცილებლად დავინტერესდები, – განმარტა ვლადიმერ გელაშვილმა, – გარე განათებისთვის თანხები მოთხოვნის შესაბამისად გადავეცი ააიპ-ს და ალბათ ამ სისტემას მოაწესრიგებს. შევეცადე ხევის, ღორეშისა და კიცხის საზოგადოებრივი ცენტრების ელექტროენერგიის ხარჯი იუსტიციის სამინისტროს გადაეხადა, მაგრამ შეთანხმებას ვერ მივაღწიეთ, ყველა თავის ბიუჯეტს უფრთხილდება. საკათედრო ტაძარს თანხას მანამ ვერ გადავურიცხავ, სანამ შარშან გადარიცხული 45 ათასი ლარი ღირებულების სამუშაოების შესრულების ანგარიშს არ მომაწოდებს, – ამბობს ვლადიმერ გელაშვილი.

მორიგი საბიუჯეტო ცვლილებისა და 2017 წლის პირველი კვარტალის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშზე დეპუტატები 5 ივნისის საკრებულოს სხდომაზე იმსჯელებენ.

თამთა გოგოლაძე