3 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას ზესტაფონის უსინათლოთა კავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ. ისინი ხარაგაულის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში განსახორციელებელი პროექტისათვის „უსინათლოთა არაფორმალური განათლების ხელშეწყობა“ 20 ათასი ლარის გამოყოფას ითხოვდნენ.

„ზესტაფონის უსინათლოთა კავშირში გაერთიანებული არიან არა მხოლოდ ზესტაფონის, არამედ თერჯოლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებიც, – აღნიშნა სხდომაზე უსინათლოთა კავშირის ზესტაფონის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვასილ  ლომიძემ, – ეს პროექტი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, ის ხელს უწყობს  უსინათლოთა საზოგადოებაში ინტეგრირებას. ეს პროექტი არა მხოლოდ მათ სწავლებას ემსახურება, არამედ ხელს უწყობს მათ დასაქმებას. გთხოვთ, ეს საკითხი განმეორებით განიხილოთ საკრებულოს სხდომაზე,“ – ამბობს ვასილ ლომიძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე  მანანა ბარბაქაძემ აღნიშნა: „ჩვენ პროექტისათვის არ გვითქვამს უარი. ჩვენ ვამბობთ, რომ სოციალური მომსახურებისათვის გამოყოფილი თანხა კიდევ აღარ უნდა შემცირდეს, რადგან ადამიანები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან სხვადასხვა სახის დახმარებას საჭიროებენ“.

საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილმა სხდომაზე საბიუჯეტო თანხების ხარჯვის ეფექტურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გამგებელმა 2880 ლარად გაუფორმა ხელშეკრულება საინფორმაციო მომსახურებისთვის „თავისუფალ გაზეთს“, ხოლო 1 100 ლარად ხელშეკრულება დაუდო „საერთო გაზეთს“ მაშინ, როცა გამგეობის გაზეთს 60 ათასი ლარით აფინანსებს. ახალ ტელეფონში რომ 710 ლარს იხდის, პრემიებს ურიგებს მოადგილეებსა და სამსახურის უფროსებს და 17 ათასი ლარი აქვს გამოყოფილი კიდევ ერთი მანქანის შესაძენად, შეუძლია ეს ფუფუნება მოიკლოს და ამ ადამიანებს ხელი გაუმართოს. მოაკელით თანხა გამგეობის წარმომადგენლობით ხარჯს, რომელსაც რესტორნებში ხარჯავთ და დააფინანსეთ ეს პროექტი, – აღნიშნა დეპუტატმა.

უსინათლოთა კავშირის წარმომადგენელმა მზია კურტანიძემ ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ მათ გამგეობიდან მოვითხოვეთ მხოლოდ ერთი ოთახი ცენტრალური ბიბლიოთეკის ძველი შენობაში და 5 ათასი ლარი სამი ადამიანის შრომის ანაზღაურებისთვის.

შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 29 მარტის რიგგარეშე სხდომაზე „უსინათლოთა არაფორმალური განათლების” პროექტისათვის ცენტრალურ ბიბლიოთეკას თანხა არ გამოუყო.

თამთა გოგოლაძე