ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ნადაბურში საბავშვო ბაღის მშენებლობა

იწყება.

ამისთვის საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან (რგფ) ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, საქართველოს მთავრობის 2017 წლის 24 მარტის N569 განკარგულებით, 190 720 ლარი გამოეყო.

ნადაბურის საბავშვო ბაღის მშენებლობისთვის სულ 200 764 ლარია განსაზღვრული. ამ თანხის 5% (10 044 ლარი), თანადაფინანსების სახით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან უნდა დაიფაროს.

აღსანიშნავია, რომ სოფელ ნადაბურში დღემდე საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა. ადგილობრივები დიდი ხანია ითხოვდნენ სოფელში ბაღის გახსნას.

მთავრობის ამავე განკარგულებით, რგფ-დან გამოყოფილი 3 344 780 ლარი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სასოფლო გზების რეაბილიტაციას უნდა მოხმარდეს. სულ ამ გზების რეაბილიტაციისთვის 3 520 974 ლარია განსაზღვრული. სასოფლო გზების რეაბილიტაციისთვის მუნიციპალიტეტმა 176 194 ლარი უნდა გაიღოს.

„ორივე პროგრამის (ნადაბურში საბავშვო ბაღი და სასოფლო გზები) მთლიანი ღირებულება 3 721.7 ათასი ლარია, – ნათქვამია გამგეობისგან საკრებულოსთვის წარდგენილ მოხსენებით ბარათში, –  ხარაგაულის მუნიციპალიტეტისგან პროექტების თანადაფინანსების 5% (186,2 ათასი ლარი) მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით უკვე გათვალისწინებული გვაქვს. თუმცა იმის გამო, რომ დღემდე არ იყო ცნობილი საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის საჭირო თანხა, თანადაფინანსებისათვის საჭირო სახსრები მთლიანად გზებში იყო გათვალისწინებული.“

რგფ-დან პროექტების განსახორციელებლად თანხების გამოყოფისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის მუხლებს შორის თანხების გადასატანად საკრებულო მორიგ საბიუჯეტო ცვლილებას განიხილავს.

ხვალ, 29 მარტს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ხოლო 30 მარტს – საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომები გაიმართება.

საკრებულოს წევრები საბიუჯეტო ცვლილების გარდა, ასევე განიხილავენ და შეაფასებენ გოლათუბანში, წიფასა და ნუნისში სასოფლო გზების რეაბილიტაციის პროექტებს, რომლებიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა მთის ფონდს განსახილველად და დასაფინანსებლად უნდა წარუდგინოს.

  1. სოფელ გოლათუბანში სასოფლო გზის მობეტონება იგეგმება (პროექტის სრული ღირებულებაა 202 660 ლარი, მუნიციპალიტეტისგან თანადაფინანსება – 12 660 ლარი);
  2. ასევე დაგეგმილია სოფელ წიფაში სასოფლო გზის მობეტონება (პროექტის სრული ღირებულებაა 285 065 ლარი, მუნიციპალიტეტისგან თანადაფინანსება – 15 065 ლარი);
  3. იგეგმება სოფელ ნუნისის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია (პროექტის სრული ღირებულებაა 402 035 ლარი, მუნიციპალიტეტისგან თანადაფინანსება – 22 035 ლარი).

ამ სამივე პროექტის დაწყებას მიმდინარე წლის მაისში აპირებენ და აგვისტოში უნდა დასრულდეს.

ლაურა გოგოლაძე