
სამი წელია, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრს დავით კიკნაძე ხელმძღვანელობს. რამდენად კმაყოფილია ბატონი დავითი, რომ მისი საქმიანობა სკოლას, მოსწავლესა და მასწავლებელს უკავშირდება; რას შეცვლიდა ხარაგაულელი მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის, ეს მხოლოდ მასზე რომ იყოს დამოკიდებული, – ამ და სხვა საკითხებზე რესურსცენტრის უფროსს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მეცხრე კლასის მოსწავლე ლიზა ბარბაქაძე გაესაუბრა.
-1994 წელს დავიწყე მუშაობა საღანძილის საჯარო სკოლაში მასწავლებლად. იქიდან მოყოლებული დღემდე განათლების სისტემაში ვარ. არ არსებობს ოჯახი, რომ რაღაც კუთხით არ იყოს დაკავშირებული საგანმანათლებლო სისტემასთან, რომელმაც ჩვენი საზოგადოების სრულფასოვანი მოქალაქეები უნდა აღზარდოს. ამიტომ ჩემთვის დიდი პატივია, რომ უკვე 14 წელია, განათლების სისტემაში ვმუშაობ.
-მხოლოდ თქვენზე რომ იყოს დამოკიდებული, ხარაგაულელი მოსწავლეებისთვის და მასწავლებლებისთვის რას შეცვლიდით და როგორ?
-ბევრ რამეს შევცვლიდი. მოსწავლეებს მეტ თავისუფლებას, მეტ გასაქანს მივცემდი. დიდი სურვილი მაქვს, რომ ყველა სკოლა იყოს თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი. მინდა, ხარაგაულში მოსწავლეთა მონაწილეობით მეტი სპორტული და კულტურული ღონისძიება იმართებოდეს.
კარგი იქნება, ხანდაზმული პედაგოგების გვერდით, მეტი ახალგაზრდა მასწავლებელი რომ იყოს დასაქმებული სკოლებში. ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, პედაგოგებს ხელფასს მოვუმატებდი. მასწავლებელობა დიდი პასუხისმგებლობაა. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ცხოვრების ან სკოლის მასწავლებელი რომ არ ჰყოლოდა.
-ყველა სკოლას გარკვეული განსაკუთრებულობა ახასიათებს. თქვენი აზრით, რითია გამორჩეული ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა?
-ხარაგაულის #2 საჯარო სკოლაში როგორც კი შეაბიჯებ, მიხვდები, რომ თქვენი სკოლის ინფრასტრუქტურა, სხვა სკოლების ინფრასტრუქტურასთან შედარებით, ძალიან მოწესრიგებულია. თქვენს სკოლაში მოქმედებს საგამოცდო ცენტრი. ძალიან კარგი ხელმძღვანელი ჰყავს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლას ისევე, როგორც ბევრ სკოლას ხარაგაულში; ასევე კარგი მაწავლებლები და მოსწავლეები. თქვენი სკოლა აქტიურად და წარმატებულადაა ჩართული ბევრ კონკურსსა და ღონისძიებაში. ერთ-ერთს გავიხსენებ, – ძალიან საინტერესო გამოვიდა აფხაზეთიდან დევნილ სკოლასთან დამეგობრების ღონისძიება.
-თქვენი აზრით, რა სხვაობაა ჩემსა და თქვენს თაობებს შორის?
-ალბათ, უფრო მენტალური განსხვავებაა. ვფიქრობ, რომ თქვენი თაობა, ჩვენს თაობასთან შედარებით, გაცილებით დამოუკიდებელია. ეს თქვენი ძალიან დიდი უპირატესობაა. თქვენ ხართ განათლებული ადამიანები. კარგი მომავალი თაობა ეზრდება საქართველოს.
მხოლოდ ერთი სურვილი მაქვს, – ეს შეიძლება ჩემი სუბიექტური აზრი იყოს, – თქვენ წიგნთან ნაკლები კავშირი გაქვთ, ვიდრე ჩვენს თაობას ჰქონდა. ჩვენი თაობა უფრო წიგნიერი იყო.
საბჭოთა კავშირის რეჟიმის დროს სხვა მიდგომები, სხვა განწყობილებები და ურთიერთობები იყო. დღეს დემოკრატიული პრინციპებია წინა პლანზე.
ისე, რომ გითხრათ, ჩვენც იგივე ბავშვობა გვქონდა, ოღონდ… ინტერნეტის გარეშე.
-რას ურჩევთ და რას უსურვებთ ჩვენი სკოლის მასწავლებლებსა და მოსწავლეებს?
-მინდა შობა-ახალი წელი მივულოცო ყველას, მათ შორის ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მშობლებს. მინდა ვისურვო, რომ განათლებული, წიგნიერი ყოფილიყოს მომავალი თაობა. განათლება ისეთი ტოტია, რომელსაც ვერასდროს ვერავინ მოჭრის. ის ტრადიციები და ზნე-ჩვეულებები, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში მკვიდრდებოდა საქართველოში, არ უნდა დავივიწყოთ. ხარაგაული სინდის-ნამუსით, ზრდილობითა და სიკეთით ყოველთვის გამოირჩეოდა და დღესაც გამოირჩევა. წარმატებები მინდა გისურვოთ ყველა თქვენთაგანს.
ესაუბრა ლიზა ბარბაქაძე
ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-9 კლ. მოსწავლე
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რეგიონული ინიციატივების
120 წლის წინ, 1905 წელს, ბორითში ორკლასიანი სასწავლებელი
პოლიტიკაში ქალთა ჩართულობის მიმართ