ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 19 დეკემბრის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში მოისმინეს.

ანგარიში დეპუტატებს სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა წარუდგინა.

დეპუტატებმა – ვარლამ ჭიპაშვილმა და იური ლურსმანაშვილმა აღნიშნეს, რომ ანგარიშში ყურადღება სამსახურის ნაკლოვანებებზეც უნდა გამახვილდეს.

ვარლამ ჭიპაშვილი თვლის, რომ სოფლის მეურნეობისა და გენდერის კუთხით მრჩეველთა საქმიანობა არაეფექტურია. მისთვის უცნობია, ხარაგაულში რა პროექტები განხორცილდა გენდერის კუთხით და რა შედეგი მივიღეთ.

ვარლამ ჭიპაშვილი მუნიციპალიტეტის ოფიციალური ვებგვერდის kharagauli.ge -ს შესახებ ამბობს, რომ მეტი ყურადღება გამგეობის საქმიანობის გაშუქებას ეთმობა. საკრებულოში მომხდარი აქტივობების შესახებ კი ინფორმაცია მოსახლეობას ნაკლებად მიეწოდება.

დეპუტატი თორნიკე ავალიშვილი მიიჩნევს, რომ kharagauli.ge ინფორმაციებს განუხორციელებელი და ხარვეზით შესრულებული პროექტების შესახებ არ ავრცელებს.

მან აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე მარიამწყაროს გზის, ლეღვნის ხიდის, ღია ესტრადისა და თეთრაწყაროს წყალმომარაგების სისტემის პროექტების ხარვეზები არ გაშუქდა.

მთავარი სპეციალისტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში თეა ბერიძე ამბობს, რომ სოფლის მხარდაჭრის პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებზე ინფორმაციებს ადმინისტრაციული ერთეულებიდან გამგებლის წარმომადგენლები აწვდიან. თავად კი ყველგან მისვლის საშუალება არ აქვთ.

დეპუტატი ქეთევან ზუმბაძე ადმინისტრაციული სამსახურის საქმიანობას არაეფექტურად მიიჩნევს, რადგან ის გამგეობიდან საჯარო ინფორმაციას სამი თვეა ელოდება, ორი კვირის წინ იმავე საკითხზე ისევ მიმართა გამგეობას, მაგრამ უშედეგოდ.

გამგეობის ადმინისტრაციული სამსხურის მიმართ შენიშვნები საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემაც გამოთქვა. მისი თქმით, გამგეობიდან საკრებულოში შემოსული კორესპონდენციები ხარვეზიანია, არ არის დროული კომუნიკაცია გამგეობისა და საკრებულოს აპარატებს შორის.

ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიშს დეპუტატები მომავალი წლის 4 იანვრის სხდომაზე განიხილავენ.

ნინო კაპანაძე