ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დღეს 2017 წლის ბიუჯეტის პროექტი დაამტკიცა. სხდომაზე მყოფი 26 დეპუტატიდან ბიუჯეტს მხარი ოცმა დაუჭირა.

კენჭისყრაში ფრაქციების, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ წევრები არ მონაწილეობდნენ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტი 6387,1 აასი ლარით განისაზღვრა, რაც მიმდინარე წლის დაზუსტებულ ბიუჯეტთან შედარებით 307 ათასი ლარით ნაკლებია.

გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროდან მისაღები გამოთანაბრებითი ტრანსფერი 289,8 ათასი ლარით შემცირდა.

2016 წელთან შედარებით 30 ათასი ლარით შეამცირეს მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისთვის. ამას საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური გასულ და მიმდინარე წელს გეგმის შეუსრულებლობით ხსნის.

დეპუტატებმა ქეთევან ზუმბაძემ და ინგა მაღრაძემ აღნიშნეს, რომ 2017 წელს ბიუჯეტიდან ააიპ-ები ხელფასებისა და პროგრამებისთვის წლევანდელზე ნაკლებ თანხას მიიღებენ. ამის გამო კი, დეპუტატების თქმით, ან თვითმმართველობას მიკუთვნებული უმთავრესი სამუშაოები ვერ განხორციელდება, ან შეჭირვებულ მოსახლეობას ვეღარ დაეხმარებიან.

საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, წიფასა და ღორეშაში ახალი საბავშვო ბაღები გაიხსნება. მან კომისიის წევრთა მოთხოვნა გააჟღერა, – დეპუტატები სოფლებში საბავშვო ბაღებში ყოველგვარ შემცირებას ეწინააღმდეგებიან.

„ააიპ-ების საშტატო ნუსხები გადასახედია, სახელფასო სარგოებში კი მათ თანაბრობა უნდა დაიცვან,“ – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი და წუხს, რომ მრავალბინიანი სახლების კეთილმოწყობის, უსახლკაროთა დახმარებისა და ნარჩენების შემკრები კონტეინერების შესაძენად ბიუჯეტში თანხა არ დაიგეგმა. ალბათ, სხვა გზა მოიძებნება ამ პრობლემების გადასაჭრელადო, – აღნიშნა.

დეპუტატი ქეთევან ზუმბაძე დაინტერესდა, რას მოხმარდება სოფლის მეურნეობის დასაფინანსებლად გათვალისწინებული 10 ათასი ლარი. გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის, ვლადიმერ გელაშვილის, განმარტებით, ეს თანხა ხელოვნური განაყოფიერებისთვისაა განკუთვნილი.

ვლადიმერ გელაშვილმა თქვა, რომ ახალ საბავშვო ბაღებს ვეღარ შეუძენენ პლაზმურ ტელევიზორს და მუსიკალურ ცენტრებს, რადგან ეს „უკვე ფუფუნებაა.“

დეპუტატებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ნიკო თოფურიძემ მიმართა. მან აღნიშნა, რომ ააიპ-ების საკადრო პოლიტიკაში ჩარევას არ აპირებს. გამგებელმა დეპუტატებს სთხოვა, რომ ცინიზმითა და ქილიკით ერთმანეთს არ ესაუბრონ, რადგან ეს საჯარო მოხელეებს არ ეკადრებათ.

გამგებლის თქმით, უმჯობესია, სიყვარულზე მეტი აქცენტი გავაკეთოთ, რადგან პოზიტივისა და სიყვარულის გარეშე არანაირი შედეგი არ მიიღწევა. გამგებელმა დეპუტატებს ასევე თხოვა, რომ ნაკლოვანებებზე თვალი არ დახუჭონ და ყოველთვის მიუთითონ.

ნინო კაპანაძე