
მესამე თვეა, ხარაგაულის ახალი საავადმყოფო პაციენტებს ელოდება. შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“ ხარაგაულის კლინიკის მენეჯერ ქეთევან აბრამიშვილის ინფორმაციით,
„საავადმყოფო ამჟამად სანებართვო პირობების მიღების პროცესში იმყოფება. სანებართვო პირობების მიღებისთანავე სამედიცინო პერსონალი მზადაა დაიწყოს სტაციონარული და საოპერაციო პაციენტების მიღება. გეგმიურ და გადაუდებელ ამბულატორიულ მომსახურებას კლინიკა 24 საათიანი მორიგეობის რეჟიმში აწარმოებს.“
ქეთევან აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ ლაბორატორია ერთ წელზე მეტია პაციენტებს ფართო სერვისით ემსახურება. პაციენტებს უტარდებათ ელექტროკარდიოგრაფიული, რენტგენოლოგიური და ექოსკოპიური კვლევები. კლინიკა დიდი ხანია ჩართულია ანტენატალურ და ტუბერკულოზით დაავადებულთა მომსახურების პროგრამაში.
ქეთევან აბრამიშვილის თქმით, ხარაგაულის საავადმყოფო მოსახლეობას მომსახურების ფართო სერვისს შესთავაზებს. ამისათვის საავადმყოფომ შესაბამისი კადრები უკვე მოიძია.
პაციენტებს მოემსახურება კვალიფიციური რეანიმატოლოგი, რეანიმატოლოგ-ანესთეზიოლოგი, ქირურგი, ექოსკოპისტი, ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, თერაპევტი, ნევროლოგი, ოფთალმოლოგი, მეანგინეკოლოგი, პედიატრი. ქეთევან აბრამიშვილის თქმით, ახალ საავადმყოფოში დამატებით საჭიროა კიდევ ერთი ქირურგი, პედიატრი და თერაპევტი.
ახალი სპეციალისტებისა და თანამშრომლის მიღება ხდება შერჩევისა და გასაუბრების პრინციპით. შპს „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი“-ის სამედიცინო ხარისხის მართვის განყოფილება მუდმივ რეჟიმში მუშაობს ექიმების, ექთნების და სანიტრების დატრენინგება გადამზადების მიმართულებით.
წინა წლებთან შედარებით, სამედიცინო პერსონალის ხელფასის ოდენობა გაუმჯობესებულია. ექიმის საშუალო ხელფასი 800-900 ლარამდეა, ექთნების 400-500 ლარამდე და სანიტრების 320 ლარამდე.
ახალ საავადმყოფოში სამშობიარო განყოფილება არ არის. ქეთევან აბრამიშვილის თქმით, საავადმყოფოში ანტერნატალური მომსახურების პროგრამა მოქმედებს. ეს გულისხმობს ორსულების აღრიცხვაზე აყვანას, მათზე დაკვირვებას, საჭირო გამოკვლევების ჩატარებასა და ექიმთან ვიზიტების დაგეგმვას.
„მერე უკვე ორსულის გადასაწყვეტია, სად იმშობიარებს, – ზესტაფონში, ქუთაისსა თუ თბილისში,“ – ამბობს ქეთევან აბრამიშვილი და აღნიშნავს, რომ ხარაგაულის საავადმყოფოში ახალგაზრდა კადრების ნაკლებობაა. თუმცა ის ვერ ასახელებს მიზეზს, რატომ არ მოდიან ახალგაზრდა ექიმები ხარაგაულის საავადმყოფოში. „ჩვენ მზად ვართ მოვიდნენ ახალგაზრდები. ჩვენ თუ არ შეგვცვალა ახალგაზრდა თაობამ, ხარაგაული მალე ექიმის გარეშე დარჩება,“ – ამბობს ქეთევან აბრამიშვილი.
ექსპერტი ჯანდაცვის საკითხებში სიმონ გაბრიჭიძე ხარაგაულის საავადმყოფოში ახალგაზრდა კადრების ნაკლებობას სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამის არაეფექტურობით ხსნის.
„სახელმწიფოს არ ჰქონდა წინასწარ განსაზღვრული გეგმა, თუ როგორ უნდა მიეზიდა რეგიონის საავადმყოფოში ახალგაზრდა პერსონალი. ეს პრობლემა ზოგადად არსებობს, არა მარტო ხარაგაულში. რამდენიმე რეგიონში საავადმყოფოების კერძო კომპანიებისთვის გადაცემამ შედეგი არ მოიტანა, რადგან კერძო კომპანიებმა იქ ფინანსური დაინტერესება ვერ დაინახეს. ამიტომ სახელმწიფო იძულებული გახდა, მოეხდინა ასეთი საავადმყოფოების ნაციონალიზაცია. თუმცა, სახელმწიფოს ზუსტი გეგმა არ აქვს, თუ როგორ უნდა მიიზიდოს სამედიცინო პერსონალი, ანაზღაურების რა პირობები ექნებათ მათ. არ არის სტრატეგია, ეს აჩენს ვაკუუმს და შედეგად ვიღებთ თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილ საავადმყოფოს საჭირო მედპერსონალის გარეშე, – ამბობს სიმონ გაბრიჭიძე.
მასალის მომზადების პროცესში ხარაგაულის საავადმყოფოს ერთ-ერთი თანამშრომელი ტელეფონით დაგვიკავშირდა და გვაცნობა, რომ მედპერსონალს ივნისის შემდეგ ხელფასი არ აუღია.
ეს ინფორმაცია ქეთევან აბრამიშვილმა დაგვიდასტურა და აღნიშნა, რომ ამბულატორიაში ჩვენი ვიზიტის შემდგომ ჩაირიცხა ივლისის ხელფასი. უახლოეს მომავალში დაირიცხება აგვისტოსა და შემდეგი თვეების შრომის ანაზღაურება.
„სოციალური მომსახურების სააგენტომ ორი თვის ვადაში უნდა შეამოწმოს ჩვენგან გადაცემული შესრულებული სამუშაოს ანგარიში. ამის შემდეგ სოციალური სააგენტოდან ამბულატორიაში გვეგზავნება მიღება-ჩაბარების აქტი. შემდგომ ირიცხება შესაბამისი თანხა და იცემა ხელფასები. ხელფასების გაცემა ამის გამო იგვიანებს,“ – განმარტავს ქეთევან აბრამიშვილი.
თამთა გოგოლაძე
ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები სოლიდარობას
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა ირინა თიკანაშვილი,
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი