ბაზალეთის საჯარო სკოლის ისტორია 1924 წლიდან დაიწყო, როცა ბაზალეთის ნანიტაშვილების უბანში შვიდწლიანი სკოლა გაიხსნა. შემდეგ ის რვაწლიან სკოლად გადაკეთდა და ახლა საბაზო საფუხურის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებული სკოლაა ხარაგაულში.

ბაზალეთის საჯარო სკოლა, სერთიფიცირებული პედაგოგების რაოდენობით, საქართველოს მასშტაბით ას ყველაზე წარმატებულ სკოლათა რიცხვშია ხარაგაულის #3, ხარაგაულის #2 და ბორითის საჯარო სკოლებთან ერთად.

ბაზალეთის საჯარო სკოლაში ამჟამად 38 მოსწავლეს 19 პედაგოგი ასწავლის. მათგან ათი მასწავლებელი სერთიფიცირებულია. სკოლაში ორი დაწყებითი საფეხურის კლასკომპლექტია. აღსანიშნავია, რომ ბაზალეთის საჯარო სკოლის პირველი და მესამე კლასის ოთხი მოსწავლე ამავე სკოლის პედაგოგების შვილებია.

სკოლას, უკვე 35 წელია, იზოლდა ოკრიბელაშვილი ხელმძღვანელობს. მისი თქმით, ყველაზე დიდი პრობლემა სოფლიდან მოსახლეობის მიგრაციაა, რადგან ეს ბავშვთა კონტინგენტის კლებას იწვევს.

„სკოლას ენერგიული, ახალგაზრდა და შრომისმოყვარე პედაგოგები ჰყავს, რომლებიც თითოეულ ბავშვს სიყვარულითა და მზრუნველობით ეკიდებიან, ამიტომ სკოლაში მუდამ ჯანსაღი გარემოა,“ – ამბობს იზოლდა ოკრიბელაშვილი.

2008 წელს ბაზალეთის სკოლის საძირკველთან ახლოს გზა ჩამოიქცა, რაც საფრთხეს უქმნის სკოლის შენობას. სკოლის დირექტორმა ეს საკითხი არაერთხელ დააყენა როგორც ადგილობრივი ხელისუფლების, ისე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინაშე. თუმცა პრობლემა მოუგვარებელი რჩება.

ბაზალეთის სკოლასთან ოპტიმიზირებულია სოფელ ღარიხევის დაწყებითი სკოლის კორპუსი.

„თუ გვინდა, რომ ეს სოფელი შევინარჩუნოთ, ღარიხევში სკოლა აუცილებლად უნდა აშენდეს,“ – ამბობს იზოლდა ოკრიბელაშვილი და დაწყებითი სკოლის მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს.

ბაზალეთის საჯარო სკოლაში ორი სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლისათვის რესურს ოთახი ფუნქციონირებს.

ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი ნინო გურეშიძე, უკვე 30 წელია, კლასკომპლექტში ასწავლის. ის ამბობს, რომ ერთ გაკვეთილზე, ფაქტობრივად, ორი გაკვეთილის ჩატარება უწევს, რაც საკმაოდ რთულია.

„მცოცავ გრაფიკს ვიყენებ. პირველკლასელებს ცალკე ვუტარებ ქართულსა და მატემატიკას, როცა მესამეკლასელებს უცხო ენა უტარდებათ, – ამბობს ნინო გურეშიძე – მასწავლებელმა მუდმივად ბავშვის დამოუკიდებელ მუშაობაზე უნდა იფიქროს. წინასწარ ვამზადებ უამრავ დავალებას, რაც მოსწავლეს სწავლაში ეხმარება. გასააზრებელ სქემებს ვადგენ. პირველ კლასელებთან რომ ვმეცადინეობ, მესამე კლასელები ტექსტის გაგება-გააზრებაზე მუშაობენ.

ნინო გურეშიძე, მასწავლებელთა სახლის პედაგოგებთან ერთად, მესამე კლასის ქართული ენის სახელმძღვანელოზე მუშაობს. ის ამბობს, რომ  სახელმძღვანელოში შეტანილი ტექსტების უმრავლესობა კლასიკოსი მწერლების ნაწარმოებებიდანაა. „სახელმძღვანელოში ასევე შევა პრაქტიკაში დანერგილი ის ინოვაციური მეთოდები, რომლებმაც დადებითი შედეგი მოიტანეს. ვცდილობ, სახელმძღვანელო საქართველოს დაწყებითი განათლების პროექტის ჯიპრაიდის მოთხოვნებს მოვარგო, – ამბობს ნინო გურეშიძე.

2008 წლიდან, როცა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ გუნდურ-ინტეგრირებული პროექტები გამოაცხადა, ბაზალეთის საჯარო სკოლა პროექტებში აქტიურად ჩაერთო.

ქართული ენის პედაგოგი თეა ტალახაძე ახლახან აიპედითა და სერთიფიკატით, ხოლო ბაზალეთის საჯარო სკოლა „მწვანე სკოლის“ წოდებით დაჯილდოვდა ა/ო SENN-ის მიერ გამართულ პროექტში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ მიღწეული წარმატებისათვის. ამ პროექტში ბაზალეთის საჯარო სკოლის 18 მოსწავლეა ჩართული და წარმატებით ახორციელებენ სხვადასხვა ეკო აქტივობებს.

„როდესაც მოსწავლე მასწავლებლის მოტივაციას ხედავს, ისინი მას სიხარულით მიჰყვებიან. მათთვის არ არსებობს დაბრკოლება. მათ იციან, რომ ამ პროექტის თითოეული აქტივობა, მათ მიერ შესრულებული სამუშაო დადებითად აისახება გარემოსა და სკოლაზე,“ – ამბობს თეა ტალახაძე.

ბაზალეთის სკოლა ასევე ჩართულია ა/ო „აკმეს“ მიერ გამოცხადებულ პროექტში „წიგნი სიყვარულია“. ახლახან სკოლაში გაიმართა ასტრიდ ლინდგრენის საიუბილეო საღამო „პეპის დღე“, რომელიც ბაზალეთის სკოლის მოსწავლეებისთვის ნამდვილ ზეიმად იქცა.

„პროექტის „წიგნი სიყვარულია“ ფარგლებში დაგეგმილი გვაქვს, სკოლაში მოვიწვიოთ ჩვენს მუნიციპალიტეტში მცხოვრები ცნობილი ადამიანები, – გვიამბობს თეა ტალახაძე – რომლებიც მოსწავლეებთან წიგნის სიყვარულზე ისაუბრებს. აგრეთვე ვგეგმავთ რაჭაში სოფელ უწერას საჯარო სკოლაში წასვლას. ამ სკოლაში ლიტერატურული კლუბი ფუნქციონირებს და გვინდა, ეს სიახლე ჩვენს სკოლაშიც დავნერგოთ. გაზაფხულზე ვგეგმავ მოვაწყო ინტელექტუალური კონკურსი „რა? სად? როდის?“ 11-დან 13 წლამდე ასაკის მოსწავლეებში. ლიტერატურა შევარჩიე, შეკითხვებს დავსვამთ მხოლოდ წაკითხული ლიტერატურიდან. ვთვლი, რომ ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან თუ მოსწავლეს დაწყებითი კლასებიდან შევაყვარებთ წიგნის კითხვას, ლიტერატურისადმი ინტერესი ცხოვრების ბილომდე გაჰყვება,“ – ამბობს თეა ტალახაძე.

თეა ტალახაძე შეკითხვაზე, – ხომ არაფერი აბრკოლებთ პროექტების განხორციელებაში? – პასუხობს, – „თუ მოტივაცია და სურვილი გაქვს, ხელს ვერაფერი შეგიშლის, პროექტში ჩაერთო.“

ანა კალანდაძე ბაზალეთის საჯარო სკოლის მეცხრე კლასის წარჩინებული მოსწავლეა. ის თეა მასწავლებელთან ერთად პროექტის „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ფარგლებში იმყოფებოდა ბულაჩაურში, სადაც თანატოლების მიერ განხორციელებულ აქტივობებს გაეცნო.

-ვცდილობ, თეა მასწავლებლის მიერ განხორციელებულ პროექტებში აქტიურად ჩავერთო. განსაკუთრებით ლაშქრობებზე სიარული მომწონს, – ამბობს ბაზალეთის სკოლის მე-9 კლასის მოსწავლე შალვა ნიორაძე.

მეხუთეკლასელმა ბექა ჩხიკვაძემ პროექტის „წიგნი სიყვარულიას“ ფარგლებში უამრავი წიგნი წაიკითხა. ბექას სურს, მონაწილეობა მიიღოს პროექტში, რომელიც გადაშენების პირას მყოფ ცხოველებს დაეხმარება.

თამთა გოგოლაძე