ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ააიპ-ები დეკემბრის თვის შრომის ანაზღაურებისა და სხვა გადაუდებელი ხარჯებისათვის 186,7 ათასი ლარის ოდენობით სუბსიდიის დამატებას ითხოვენ.

– ააიპ „ხარაგაულდასუფთავება“ 45,0 ათ. ლარის დამატებას ითხოვს;

– ააიპ „ხარაგაულკეთილმოწყობა“ – 28,0 ათას ლარს ( გარე განათება – 7,0 ათ. ლარი და პარკები და სკვერები 21,0 ათ. ლარი);

– ააიპ „სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება“ – 69,0 ათას ლარს;

– ააიპ სპორტის განვითარებისა და მართვის ცენტრი -2,0 ათას ლარს;

– ააიპ კულტურის ცენტრი – 22,1 ათას ლარს (მათ შორის 3,8 ათ. ლარი საახალწლო ღონისძიებებისთვის სჭირდებათ);

ააიპ ცენტრალური ბიბლიოთეკა -17,3 ათას ლარს;

ააიპ სათნოების სახლი – 3,3 ათას ლარს.

ააიპ-ების დამატებითი სუბსიდირების საკითხს საკრებულოს ბიურო ხვალ, 14 დეკემბერს, ხოლო საკრებულო – 16 დეკემბერს განიხილავს.

გამგეობიდან საკრებულოსადმი წარდგენილ მოხსენებით ბარათში აღნიშნულია, რომ „სუბსიდირების გაზრდის წყაროდ შესაძლებელია გამოყენებული იქნას შემოსულობების გეგმების გაზრდა 83,0 ათასი ლარით.

კერძოდ, შესაძლებელია:

– სხვა შემოსავლების გეგმის ზრდა 69,0 ათასი ლარით, მ.შ. სანებართვო მოსაკრებელში 29,0 ათასი ლარით და ჯარიმებიდან მისაღებ შემოსავლებში 40,0 ათასი ლარით.

– არაფინანსური აქტივების კლებიდან, კერძოდ მიწის გაყიდვიდან მისაღები შემოსულობის გაზრდა 14,0 ათასი ლარით.

გარდა ამისა, ააიპე-ბისთვის სუბსიდიების გასაზრდელად გეგმავენ შემდეგი ხარჯების შემცირებას:

– მუნიციპალიტეტის გამგეობის ხარჯების – 13,2 ათ. ლარით;

– სარეზერვო ფონდის – 5,0 ათასი ლარით;

– გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და მოვლა-შენახვის ხარჯების – 15,0 ათასი ლარით;

– ხიდებისა და ხიდ-ბოგირების შეკეთების ხარჯების – 2,0 ათასი ლარით.

– განათლების ობიექტების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა – 2,0 ათასი ლარით;

– რელიგიის დაფინანსება შემცირდება 20,0 ათასი ლარით;

– სოციალური პროგრამები – 46,5 ათასი ლარით, მ.შ. ახალდაბადებული ბავშვიანი ოჯახების დახმარების ხარჯები – 7,0 ათასი ლარით, ერთჯერადი დახმარების ხარჯები 36,0 ათასი ლარით და სოციალური დაცვის ადა უზრუნველყოფის ობიექტების რეაბილიტაცია და ინვენტარით უზრუნველყოფა 3,5 ათასი ლარით.

გამგეობის სოციალური და ჯანმრთელობის სამსახურისა და ააიპ ცენტრალური ბიბლიოთეკის დირექტორის მომართვების საფუძველზე, 2016 წლის სოციალურ პროგრამებში დაგეგმილი უსინათლოთა არაფორმალური განათლების პროექტისათვის ხელშეწყობის სუბსიდირების ხარჯი 2,6 ათასი ლარი გადააქვთ ცენტრალური ბიბლიოთეკის ხარჯებში იმავე პროექტის განსახორცილებლად, ვინაიდან ადაპტირებული გარემო მოიძებნა ახლად გარემონტებული ცენტრალური ბიბლიოთეკის ინოვაციების ცენტრში.

საკრებულოს თავმჯდომარის მიმართვის საფუძველზე 2016 წლის წარმომადგენლობითი ხარჯების ეკონომიიდან ათასი ლარი გადააქვთ ააიპ ე. კიკნაძის სახ. სკოლამდელი დაწესებულებების სუბსიდიაში ბაღის აღსაზრდელებისათვის სახალწლოდ სასაჩუქრე პაკეტების შესაძენად.