„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი ერთ-ერთი საბავშვო ბაღის აღმზრდელი დაგვიკავშირდა და მომავალი წლიდან საბავშვო ბაღებში ხელფასებისა და საშტატო განაკვეთების მოსალოდნელ შემცირებაზე წუხილით განაცხადა.

საბავშვო ბაღის აღმზრდელმა, სამსახურში დამატებითი პრობლემების შექმნის შიშით, გვთხოვა, რომ მისი ვინაობა საჯაროდ არ დავასახელოთ.

ქალბატონი აღნიშნავს, რომ ხელფასებისა და საშტატო განაკვეთების მოსალოდნელ შემცირებაზე საბავშვო ბაღის თანამშრომლები სიტყვიერად გააფრთხილეს.

ამავე საკითხზე 5 დეკემბერს საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა ინგა მაღრაძემაც ისაუბრა.

შეუმცირდებათ თუ არა ანაზღაურება ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საბავშვო ბაღების აღმზრდელებს, – ამის გასარკვევად ეთერ კიკნაძის სახელობის ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს ირმა სებისკვერაძეს დავუკავშირდით.

ქალბატონი ირმა 2017 წლიდან თანამშრომელთა ხელფასების შემცირებას არც უარყოფს და არც ადასტურებს. ის ამბობს: „ნოემბერის ხელფასი უკვე გავეცით, დეკემბრის ანაზღაურებაც ანალოგიურად გაიცემა. მომავალ წელზე, ჯერჯერობით, არ ვსაუბრობთ. გაერთიანებაში ამჟამად 183 საშტატო ერთეულია. აღმზრდელის დარიცხული ხელფასი 480 ლარია, ხოლო აღმზრდელის თანაშემწის – 408 ლარი“.

ასევე დავინტერესდით, როდის ამოქმედდება წიფასა და ღორეშაში საბავშვო ბაღები. ირმა სებისკვერაძის თქმით, ეს, ჯერჯერობით, უცნობია. ამჟამად ითვლიან, თუ რა თანხაა საჭირო ამ ორი საბავშვო ბაღის გასახსნელად.

თამთა გოგოლაძე