ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატების: ინგა მაღრაძის, გელა გოლუბიანის, გიორგი ლაცაბიძის, მერაბ ღონღაძისა და თეიმურაზ კუპრაძის იურიდიულ საკითხთა კომისიაში გაწევრიანებას კოლეგებისგან ცხარე კამათი და დებატები მოჰყვა.

დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა ამ საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნა იმ მიზეზით მოითხოვა, რომ ამ კომისიაში რესპუბლიკური პარტიის სამი წევრის (ინგა მაღრაძე, მერაბ ღონღაძე, თეიმურაზ კუპრაძე) შესვლით პარტიათა კვოტირების პრინციპი ირღვევა.

იური ლურსმანაშვილი ვარლამ ჭიპაშვილის ამ მოსაზრებას დეპუტატების უფლების შეზღუდვად მიიჩნევს, რადგან თითოეული დეპუტატი ვალდებულია, ერთ კომისიაში მაინც საქმიანობდეს.

სხდომაზე ინგა მაღრაძემ კოლეგებს კომისიაში მისი საქმიანობის შეზღუდვის დასაბუთება და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან“ 18 დეპუტატის საქმიანობის ეფექტურობის შეფასება მოითხოვა. მისი თქმით, 18 დეპუტატის კოლექტიურმა, „ტაშ-ფანდურებით“ მიღებულმა გადაწყვეტილებებმა ხარაგაულის ბიუჯეტი კრიზისამდე მიიყვანა.

სიტუაცია განსაკუთრებით მაშინ დაიძაბა, როცა საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ დეპუტატებს საკითხის გადადება შესთავაზა.

„რატომ უნდა გადაიდოს საკითხი, სამარცხვინოები ხართ. გადაიხიეთ თავზე კანონი და რეგლამენტი. ასეთი სამარცხვინო თვითმმართველობა ხარაგაულში არ ყოფილა. საკმარისია, ამას არ გაგატანინებთ!“ – მიმართა დეპუტატებს ინგა მაღრაძემ.

საკითხის განხილვა იმდენად გამწვავდა, რომ სხდომაზე შესვენება გამოცხადდა.

შესვენებიდან დაბრუნებულმა დეპუტატებმა ინგა მაღრაძის, გელა გოლუბიანის, გიორგი ლაცაბიძის, მერაბ ღონღაძისა და თეიმურაზ კუპრაძის იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიაში საქმიანობას მხარი დაუჭირეს. ვარლამ ჭიპაშვილმა და მანანა ბარბაქაძემ თავი შეიკავეს.

დეპუტატების გადაწყვეტილებით, ინგა მაღრაძე და ბესიკ ფოცხვერაშვილი საფინანსო-საბიუჯეტო კომისიაში იმუშავებენ.

ნინო კაპანაძე