1 kaxa golubiani27 ოქტომბერს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ხარაგაულელი ამომრჩევლების 47 პროცენტი მივიდა. არჩევნების დღეს ცენტრალური მედიასაშუალებებით ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ეს საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი იყო ქვეყნის მასშტაბით.

როგორ ჩაიარა არჩევნებმა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით პრეზიდენტობის კანდიდატების ხარაგაულში მოქმედი საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს და ა/ო „სამართლიანი არჩევნების“ რაიონულ კოორდინატორს მივმართეთ.

საპრეზიდენტო კანდიდატის, ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი ხარაგაულში გოგი ლაცაბიძე ამბობს, რომ „საპრეზიდენტო არჩევნები ძალიან ცუდად ჩატარდა და მაღალ პროფესიულ დონეზე გაყალბდა.“ მისი თქმით, საქმე ეხება არჩევნებამდე 2-3 დღით ადრე პრემიერმინისტრის მიერ დაანონსებულ წინასწარ პროგნოზს. „პრემიერის მიერ ნავარაუდები პროცენტები ზუსტად დაემთხვა შედეგებს. პრემიერის მითითებით მოქმედებდნენ ხარაგაულში „ქართული ოცნების“ შტაბი, გამგებელიც, საკრებულოს თავმჯდომარეც. მათ კოჰაბიტაცია კი არა, გარიგება ჰქონდათ იმ დონეზე, რომ ყოველ 100 კაცში 20 ხმა უნდა ყოფილიყო ბაქრაძის,“ – ამბობს გოგი ლაცაბიძე. მისი განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მასშტაბით შედეგები შეჯამდება, „დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო“ მოითხოვს ბევრი საარჩევნო უბნის ბიულეტენების გახსნას და ხელახლა გადათვლას. „არსებობს ეჭვი, რომ ბურჯანაძისთვის მიცემული ხმები სხვა კანდიდატებს მიაკუთვნეს, მათ შორის ხარაგაულშიც,“ – ამბობს ბურჯანაძის შტაბის ხელმძღვანელი.

kaxa golubiani 2გოგი ლაცაბიძე მიიჩნევს, რომ ყოველგვარ ზღვარს ცდებოდა საუბნო კომისიების წევრთა არაკომპეტენტურობა. ამის მაგალითად მას ხუნევის საარჩევნო უბანზე მომხდარი ფაქტი მოჰყავს. „ჩვენმა წარმომადგენლებმა მიხეილ გელაშვილმა და ასმათ ბლიაძემ უბანზე საჩივარი დაწერეს. საჩივარი, რომელიც გატარდა ჟურნალში, დამალეს და არ წარადგინეს საოლქო კომისიაში. როდესაც ერთი დარღვევა რამდენჯერმე განმეორდება, ეს დარღვევა კი არა, დანაშაულია. შეიძლება ხუნევში მიღებულ ხმებს ჩვენთვის რაიმე გადამწყვეტი მნიშვნელობა არ ჰქონდეს, მაგრამ როცა ასეთი რამ ხდება მთელ რიგ სოფლებში, ეს უკვე სისტემური დანაშაულია. საერთო ჯამში კი ხმების გაყალბების მცდელობაა არჩევნებზე.“

ხუნევში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელი ლაშა გოგოლაძე განმარტავს, რომ ხუნევის საარჩევნო უბანზე კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ ჩამოწერა სია იმ ადამიანებისა, რომლებიც არ იყვნენ მოსულები ხმის მისაცემად. „უნდოდათ მანქანა გაეგზავნათ იმ ამომრჩევლებთან, რომლებიც მხარს „ქართული ოცნების“ კანდიდატს დაუჭერდნენ. ჩვენმა წარმომადგენელმა ეს ფაქტი გააპროტესტა და დაწერა საჩივარი, რომელიც დაიკარგა. ახლა მივმართავთ საოლქო კომისიას რეაგირებისთვის.“

nპრეზიდენტობის კანდიდატ გიორგი მარგველაშვილის ხარაგაულის შტაბის უფროსი მერაბ შათირიშვილი ამბობს, რომ ხარაგაულში არჩევნებმა ჩაიარა ბრწყინვალედ.

„ხარაგაული არის ლიდერი არჩევნებში მოსახლეობის მონაწილეობის კუთხით. ამ აქტივობის შედეგად 13 ათასი ხმიდან 10 ათასი ხმა მიიღო მარგველაშვილმა. საარჩევნო კამპანიაც ტარდებოდა ძალიან მშვიდ ვითარებაში, არანაირ დარღვევას ადგილი არ ჰქონია. თუმცა, არჩევნებამდე მიმდინარეობდა ინტენსიური ჩამოხევა ჩვენი კანდიდატის პლაკატების, მაგრამ ამაზე არ გავამახვილეთ ყურადღება.

ამ არჩევნებზე მიღებული შედეგით ხარაგაულში „ნაციონალურმა მოძრაობამ,“ როგორც ოპოზიციურმა ძალამ, ლეგიტიმაცია დაკარგა. ხარაგაულში ლეგიტიმაცია დაკარგა საკრებულომაც და იმ ფრთამ, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია იმიტომ, რომ ხარაგაულელ ამომრჩეველთა 70%-მა ამ ძალას უარი უთხრა.“

არჩევნების დღეს დადებითად აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატის დავით ბაქრაძის შტაბის ხელმძღვანელი თორნიკე ავალიშვილი. ის წინასაარჩევნო პერიოდში მომხდარ რამდენი ფაქტს იხსენებს. „კონკრეტულად არ დავასახელებ ახლა, მაგრამ დაზუსტებით ვიცი, რომ ტერიტორიული ორგანოების რამდენიმე სპეციალისტი, რომლებსაც არ ენდობოდნენ და ყოფილი სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლები იყვნენ, დაიბარეს „ქართული ოცნების“ შტაბსა და გამგეობაში. მათ უთხრეს, რომ მხარი დაეჭირათ მარგველაშვილისთვის, თუ არადა, მათი საქმიანობა სხვაგვარად შეფასდებოდა. ზოგი რწმუნებული ჩართული იყო წინასაარჩევნო აგიტაციაში ძალიან უხეშადაც.

პოლიციის მიერ, ფარცხნალის საარჩევნო შტაბის უფროსის, ნინო ფხალაძის, სახლში ჩატარებული ჩხრეკის ფაქტი რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში მოხვდა. ეს ძალიან ცუდი ფაქტი იყო მთლიანად ხარაგაულისთვის.

უკეთესი იქნებოდა, რომ უფრო კვალიფიციური კადრები შეერჩია უბნებზე საოლქო კომისიას. საუბნო კომისიების შერჩევა საოლქო კომისიის სისუსტე იყო.

მინდა გითხრათ, რომ პოლიტიკურად განსხვავებული პირების მიმართ უნდა ვიყოთ კონსტრუქციულები, გვქონდეს საქმიანი ურთიერთობები იმ საკითხებში, რაც მუნიციპალიტეტს სასიკეთოდ წაადგება,“ – ამბობს თორნიკე ავალიშვილი.

nარასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლები არჩევნებს ბაზალეთის, ლაშის, დეისის, საბის, ხიდარის, ვარძიის, დაბა ხარაგაულის #1, ღორეშისა და ისლარის საარჩევნო უბნებში აკვირდებოდნენ. თავად კოორდინატორმა ქეთევან პავლაძემ კი არჩევნების დღეს ათი საარჩევნო უბანი მოინახულა. როგორც ქეთევან პავლაძე აღნიშნავს, საპრეზიდენტო არჩევნები თვისობრივად განსხვავებული იყო. „არჩევნები, გასულ წელთან შედარებით, უფრო მეტად თავისუფალ გარემოში წარიმართა.

არჩევნების დღეს პრობლემას ქმნიდა საუბნო კომისიების წევრთა კომპეტენცია. მათ ხშირად უჭირდათ პროცედურების დაცვა და სწორად წარმართვა. ეს პრობლემებს ქმნის უბნებზე. შეიძლება ეს ყველა საუბნო კომისიას არ ეხება, მაგრამ ძირითად შემთხვევებში ასე იყო,“ – ამბობს ქეთევან პავლაძე.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელმა ლაშეს საარჩევნო უბანზე დარღვევა აღმოაჩინა და კოორდინატორმა საჩივრით მიმართა საოლქო კომისიას. საქმე იმაშია, რომ რეგისტრატორმა არ შეამოწმა ამომრჩევლის პირადი ნომერი და დაბადების თარიღი. ამის გამო ერთი და იგივე გვარ-სახელის მქონე ამომრჩევლიდან ხმა ერთმა შეცდომით მისცა. ამ ფაქტზე, საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, რეგისტრატორს შენიშვნა მისცეს.

რაც შეეხება ხუნევის საარჩევნო უბანზე მომხდარ ფაქტს, საოლქო კომისიას ნინო ბურჯანაძის შტაბის ხელმძღვანელმა მიმართა მოთხოვნით, რომ გაეხსნათ სარეგისტრაციო ჟურნალი. საჩივრის განხილვას ხუნევის საარჩევნო კომისიის წევრები და კანდიდატის ერთ-ერთი წარმომადგენელი ესწრებოდა.

საჩივრის ავტორი, ნინო ბურჯანაძის წარმომადგენელი ასმათ ბლიაძე წერს, რომ „თავმჯდომარის მოადგილემ ამოწერა სია, თუ ვინ უნდა მოეყვანათ მანქანით. ჩვენ, დამკვირვებლები, ვთვლით, რომ არ იყო სწორი საქციელი. ამას მოჰყვა ხმამაღალი საუბარი. ხათუნა ლომიძეს ვთხოვე სია, მაგრამ არ გადმომცა. ჩემი სია ჩემთან დარჩება, წადი და იჩივლე ლაშა გოგოლაძესთანო. არსებობს ამ ფაქტის მოწმე მიხეილ გელაშვილი.“

nსაოლქო კომისიის თავმჯდომარე კახა გოლუბიანი აღნიშნავს, რომ ხუნევის საუბნო კომისიაში რეგისტრირებული განცხადება აუცილებლად უნდა დაელუქათ და წამოეღოთ ოლქში სხვა დოკუმენტაციასთან ერთად.

კომისიის თავმჯდომარე ნანული ჩადუნელის განმარტებით, ნინო ბურჯანაძის წარმომადგენელსა და კომისიის თავმჯდომარეს შორის მოხდა შელაპარაკება. „წარმომადგენლის პრეტენზია იყო ასეთი, რატომ ეხებით სამაგიდო სიასო. ვუთხარი, რომ შეეძლო საჩივრისდაწერა, თუ რამე დარღვევას ხედავდა.  საჩივარი გავატარეთ რეგისტრაციაში. ასმათ ბლიაძე ბურჯანაძის პარტიის სხვა წარმომადგენელს – მიხეილ გელაშვილს ესაუბრა უბანზე და მან უთხრა, მე არ მაქვს პრეტენზიაო. მერე საჩივრის ავტორმაც თქვა, აღარ ვჩივიო. განცხადებაზე რეაგირება მოვახდინეთ, განვიხილეთ და ვუთხარით, საფუძველს მოკლებულია და აღმოფხვრილია ის, რასაც საჩივრის ავტორი ითხოვდა. ამიტომ აღარ წამოვიღეთ საჩივარი საოლქო კომისიაში,“ – აცხადებს ნანული ჩადუნელი.

საოლქო კომისიაში საჩივრის განხილვას მიხეილ გელაშვილი ესწრებოდა. მან თქვა: „აღმოიფხვრა ინციდენტი და მეც ვეთანხმები ამას.“

საოლქო კომისიის გადაწყვეტილებით, ხუნევის საუბნო კომისიის სარეგისტრაცო ჟურნალის გახსნა საფუძველს მოკლებულია. კომისია არ აპირებს ხუნევის საუბნო კომისიის წევრთა მიმართ რაიმე ადმინისტრაციული ზომის გატარებას.

ნინო კაპანაძე