ცხოვრებაში ხანდახან რაღაცებზე უარის თქმა გიწევს, ან არ გიწევს, მაგრამ ამისთვის უამრავი დაბრკოლების გადალახვა და წვალებაა საჭირო.

ხდება ისეც, რომ მაშინ, როცა დახმარება ყველაზე მეტად გჭირდება, გვერდში არავინ გყავს და ცარიელი ხელებით გიწევს ცხოვრების ეკლიანი გზის გაკაფვა.

ხარაგაულში, სოფელ კიცხში, ცხოვრობს ერთი გოგო, სახელად ელიზა, რომელმაც იმაზე მეტი დაბრკოლება გაიარა ცხოვრებაში, ვიდრე წარმოგვიდგენია.

მშობლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ შვილებს განათლება მისცენ. არც ელიზას მშობლები არიან გამონაკლისები, თუმცა ძნელი აღმოჩნდა ოჯახის მაქსიმალური შემოსავლიდან, 500 ლარიდან, ერთდროულად ელიზას განათლების მიღება, მის და-ძმაზე ზრუნვა და ოჯახის მინიმალურ საარსებო პირობებზე ფიქრი.

23 წლის ელიზა გამრეკელაშვილი ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს. ქუთაისში ქირით ცხოვრობდა, თუმცა მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო, მეგობართან გადავიდა საცხოვრებლად.

ოჯახს ფინანსურად ძალიან უჭირს და არ სურს მშობლებს კისერზე დააწვეს. როგორც თვითონ ამბობს, მათი მდგომარეობა მასზე კარგად არავინ იცის.

იმისთვის, რომ სწავლა დაემთავრებინა და დიპლომი მოეპოვებინა, საკმაოდ რთული გზის გავლა მოუწია. სასადილოში მიმტანად. შემდეგ თავი დაანება, რადგან ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნა.

მერე გადაწყვიტა დასახმარებლად ხალხისთვის მიემართა, როგორც სიტყვიერი, ისე წერილობითი ფორმით. თუმცა დახმარების ხელი არც ერთი მხრიდან გამოუწვდიათ. ოჯახი იძულებული გახდა, შინაური ცხოველები გაეყიდა, რომ ელიზას პირველი კურსი დაეხურა.

„ბევრისთვის მიმიმართავს დახმარებისთვის, როგორც პირადად, ისე განცხადებებითაც, თუმცა შედეგი ყოველთვის ერთნაირი იყო, უპასუხოდ ვრჩებოდი, არფერი გამოდიოდა. შემდეგ ჩემმა მშობლებმა გაყიდეს პირუტყვი და იმით დავფარე პირველი კურსის გადასახადი,“ – გვიყვება იგი…

შემდეგ დაიწყო ახალი პრობლემა, პრობლემა, სახელად მეორე კურსი, რომლის გადასახადიც 2000 ლარი იყო. ოჯახს უკვე არაფერი ჰქონდა გასაყიდი, ამიტომ ელიზამ გადაწყვიტა, თავად მოეგვარებინა ეს საკითხი.

მოჰკიდა ხელი ფანდურს და ქუჩაში გავიდა. გავიდა და დაიწყო სიმღერა იქ, სადაც შეიძლებოდა, ფული ეშოვნა. არ იყო მარტივი, არც მისთვის, არც მისი ოჯახისთვის, თუმცა ერთი ანდაზა ამ სიტუაციას კარგად შეეფერება: „გაჭირვება მიჩვენე, გაქცევას გიჩვენებო“.

თავიდან ოჯახში წინააღმდეგობას შეხვდა. მშობლებს არ სურდათ, ეს ნაბიჯი გადაედგა მათ შვილს. თუმცა, ელიზამ თავისი გაიტანა მხოლოდ იმიტომ, რომ საკუთარ თავზე მეტად მშობლებზე ფიქრობდა.

„მეორე კურსზე რომ გადავედი, სტუდენტის სტატუსი მიწყდებოდა. ამიტომაც ავდექი და გავედი ქუჩაში. არ იყო მარტივი არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახისთვის, თან დედაჩემსაც აღარ უწყობდა ჯანმრთელობა ხელს, ამიტომ სხვა გზა არ მრჩებოდა.

ავდექი და დავიწყე ის საქმე, რომელიც მსიამოვნებდა, თუმცა არც ისე სასიამოვნო გარემოში,“ – პირველ დღეებს იხსენებს ელიზა და განაგრძობს: „მშობლები მეწინააღმდეგებოდნენ, მიშლიდნენ ქუჩაში სიმღერას.

თუმცა, ვფიქრობ, რომ მარტო მშობლები არ არიან ვალდებულნი გვარჩინონ, ჩვენც შეგვიძლია გავანძრიოთ ხელი და გამოვიყენოთ ჩვენი ნიჭი და შესაძლებლობა“.

იყო დაბრკოლებაც – ხალხისგან შეურაცხყოფა, დაცინვა, ქილიკი, მაგრამ იყო ასევე სითბო, სიყვარული და ყურადღება. როგორც ელიზა ამბობს, ნეგატივს გულწრფელი ღიმილი ანეიტრალებდა. ის სითბო, სიყვარული და უცხო ადამიანები, რომლებიც მას სიყვარულით სავსე თვალებით უყურებდნენ და ეხუტებოდნენ: „ყოველთვის იარსებებენ ისეთი ადამიანები, ვისაც არ მოეწონება ის, რასაც ვაკეთებ. მთავარია, მე არავის არაფერს ვართმევ. ხალხის დამოკიდებულების გამო ავდექი და მარკეტში დავიწყე მუშაობა. თუმცა, ცუდი გრაფიკის გამო, უნივერსიტეტში ვეღარ დავდიოდი, მძიმეებსაც ვერ ვწევდი და დავიწყე ისევ ძველებურად ქუჩაში სიმღერა“, – ამბობს იგი.

სიმღერით თავიდან ქუთაისის ქუჩებს ატკბობდა, შემდეგ კი სხვადასხვა რეგიონში დაიწყო სიარული. ძირითადად ბაზარში უკრავდა, რადგან ბაზარში მომუშავე ადამიანთა სიმღერით დატკბობა ბევრად მარტივი აღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ რომელიმე ქუჩის კუთხეში.

ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში მომენტი, როცა ტყუილის თქმა უწევს. არც ელიზა აღმოჩნდა გამონაკლისი. თუმცა ბევრისგან განსხვავდება იმით, რომ ნანობს და საჯაროდაც მოიხადა ამისთვის ბოდიში.

„თავიდან მრცხვენოდა, რომ ქუჩაში გამოვედი და ერთხელ გავაკეთე წარწერა, სადაც ეწერა, რომ სიმსივნით დაავადებულ ბავშვს ვეხმარებოდი. მოვიტყუე, მოვიტყუე და დღემდე მრცხვენია ამის. სიკეთე არ გამიკეთებია. პირიქით, კინაღამ თავი დავიღუპე. ვნანობდი და ნამუსიც მაწუხებდა.

მერე ერთ-ერთი სატელევიზო გადაცემის საშუალებით ბოდიშიც მოვიხადე და ამ შეცდომის გამოსასწორებლად ძალიან ბევრ საქველმოქმედო აქციაში ჩავერთე. გადავწყვიტე, მეკეთებინა კარგი საქმეები,“ – „აღსარებას“ გვანდობს ელიზა.

ჯერ სწავლა არ დაუმთავრებია. ასათვისებელი საგნების გამო, ერთი წელი ემატება. რომ დაამთავრებს, ქვეყნიდან წასვლას აპირებს, რათა კვალიფიკაცია აიმაღლოს, სამსახური იშოვოს და  უფრო დიდი გამოცდილებით დაუბრუნდეს სამშობლოს. დანებებას არ აპირებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული.

იმედოვნებს, რომ მალე მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლება. „ცარიელი დიპლომისთვის ნამდვილად არ მიწვალია ამდენი, არც მე და არც ჩემს მშობლებს. ძალიან მინდა, საზღვარგარეთაც ვისწავლო, თან ვიმუშავო და საქართველოში უფრო განვითარებული ჩამოვიდე, რომ სამსახურის შოვნა არ გამიჭირდეს.

ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, მაგრამ, სამწუხაროდ, მარტო სიყვარული არაფერს შველის. მინდა უფრო მეტს მივაღწიო, რათა ჩემს ოჯახსაც დავეხმარო. არ მინდა ჩემმა შვილმაც ისე იწვალოს, როგორც – მე. არ მინდა, ჩემს შვილსაც აკლდეს ის, რაც მე მაკლდა,“ – მომავლის გეგმებსაც გვიზიარებს იგი.

ელიზა, საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე, ახალგაზრდებს ურჩევს იბრძოლონ, მაშინაც კი,  როცა ჰგონიათ, რომ ყველაფერი დამთავრდა, როცა ჰგონიათ, რომ ძალა გამოელიათ და ყველაფერმა აზრი დაკარგა.

„სწავლისთვის თავის დანებებაზე ხშირად მიფიქრია. ატირებული, დახმარების სათხოვნელად ძალიან ბევრთან მივსულვარ, მაგრამ მივხდი, რომ შენს საქმეს შენ ნაცვლად ვერავინ  გააკეთებს, თუ შენგანაც სანაცვლოდ რაიმეს არ ელოდება.

ერთი-ორი წლის წინ, ქუთაისის პარლამენტში, დახმარების სათხოვნელად ერთ დეპუტატს შევხვდი. მან ისეთი სიტყვები მითხრა, რომელიც მთელი ცხოვრება მემახსოვრება. ეს  მინდა, ყველამ გაიგოს: „ასეთი კარგი გოგო ხარ, დახმარების თხოვნის ნაცვლად, ხომ შეგიძლია სხვა გზაც ნახო? ასეთ ლამაზ გოგოს ვინ გეტყვის უარს?“… მან ამ სიტყვებში ბევრი რამ იგულისხმა.

ყელში ბურთი გამეჩხირა, ვერაფერი ვთქვი. დავემშვიდობე და, ატირებული, გარეთ გამოვვარდი. განა იმიტომ ვტიროდი, რომ ასეთი სიტყვები მითხრა, არამედ იმიტომ, რომ ასეთ მდაბიო ადამიანს ჩემს გასაჭირზე ვესაუბრებოდი.

იმ დღის შემდეგ დავიფიცე, რომ არავის ვთხოვდი რამეს… ავიღე ჩემი ფანდური და დავიწყე სიმღერა გზაში…“ – ელიზა თავის თანატოლებს ურჩევს, რომ მიზნის მისაღწევად ყველა გზა გამონახონ, ოღონდ ფულის გამო სახელის გატეხვა არ ღირს. მისი აზრით, ასეთ სწავლასაც კი ჩალის ფასი აქვს.

თომა მაღლაკელიძე

თსუ სტუდენტური ჟურნალი „გზავნილი ხარაგაულიდან“

elizaaaaaaa elizaaaaa elizaaa eliza-1 elizaaaa