
„ვიცი, მალე მოვკვდები და წავალ ამ ქვეყნიდან… დაგრჩეთ ჩემს სახსოვრად…“
– 2006 წლის 1 ოქტომბრით დათარიღებულ საკუთარ ავტობიოგრაფიაზე ასეთი სიტყვები წაუწერია ანანია ტაბატაძეს, – მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ღვაწლმოსილ მუშაკს. მისი ხელნაწერი „ჩემი ხარაგაულის“ არქივში ინახება.
ანანია ტაბატაძე 1916 წლის პირველ ოქტომბერს დაბადებულა ხარაგაულის რაიონის სოფელ ვანში, როგორც თავად წერს, ღარიბი გლეხის ოჯახში. მამა 1921 წელს გარდაცვლია.
ხარაგაულის საშუალო სკოლის შვიდი კლასის დამთავრების შემდეგ ანანია ტაბატაძემ სწავლა მარელისის ავეჯის ფაბრიკასთან არსებული ინდუსტრიული მუშფაკის მეორე კურსზე გააგრძელა და თან ფაბრიკაში ფიზიკურად მუშაობდა.
შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე ჩაირიცხა.
„ვიყავი სტიპენდიანტი და თან უნივერსიტეტის პარტიული კომიტეტის საქმეთა მმართველად ვმუშაობდი, – წერს ანანია ტაბატაძე თავის ავტობიოგრაფიაში, – გაფორმებული ვიყავი ისტორიის ფაკულტეტზე ბიბლიოთეკარად. საღამოობით კი მარჯანიშვილის თეატრში დასის თანამშრომლად ვმუშაობდი.“
ომის დროს ანანია ტაბატაძე წითელ არმიაში გაუწვევით. თელავის სამხედრო-სამეთაურო სკოლა უმცროსი ლეიტენატის წოდებით დაამთავრა თუ არა, 1942 წლის აგვისტოში, ფრონტზე წასულა. ანანია ტაბატაძე აფხაზეთის უბანზე სანჭაროსა და სოფელ ფსხუს ბრძოლებში მონაწილეობდა. ჭრილობისა და ფეხების მოყინვის გამო ბრძოლა ვეღარ გააგრძელა და ერევანის ჰოსპიტალში მკურნალობდა.
არმიიდან დემობილიზაციისთანავე სწავლა უნივერსიტეტში გააგრძელა და 1948 წელს დაამთავრა.
1950-54 წლებში ანანია ტაბატაძე ხარაგაულის #2 საშუალო სკოლასა და აგროტექნიკუმში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად მუშაობდა. შემდეგ უშიშროების სამინისტროში ოპერმუშაკად გადაიყვანეს. რამდენიმე წელი რაიკავშირში, კულტურისა და სოცუზრუნველყოფის განყოფილებებში სხვადასხვა თანამდებობებზე საქმიანობდა. 1980-91 წლებში ხარაგაულის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ჯერ რიგითი თანამშრომლის, შემდეგ კი მეცნიერ-მუშაკის თანამდებობაზე მუშაობდა.
ანანია ტაბატაძე სამამულო ომის პირველი ხარისხის მედლითაა დაჯილდოვებული. წლების მანძილზე თანამშრომლობდა რაიონულ თუ ცენტრალურ გაზეთებთან. ანანია ტაბატაძის სიცოცხლე მისი სამი ვაჟის შთამომავლობაში გრძელდება.
აი, რას იხსენებს ქალბატონი ეკა შველიძე, რომელიც წლების მანძილზე ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმის დირექტორად მუშაობდა: „ბატონი ანანია ფუტკარივით შრომობდა. მას ლომის წილი მიუძღვის მუზეუმის ექსპონატების მოძიებაში. წავიდოდა თბილისში და არქივებიდან უნიკალური მასალები ჩამოჰქონდა. ძალიან აქტიური პიროვნება გახლდათ. მუდამ თავჩარგული მუშაობდა. გაზეთებსა და ჟურნალებში მოძიებულ თემატურ მასალებს ერთად აგროვებდა. შრომისმოყვარე, უნარიანი და საინტერესო ადამიანი იყო, მრავალ ჭირვარამგამოვლილი, ომგადატანილი. უნივერსიტეტში გამოცდების ჩასაბარებლად რომ წასულა, დედამისს ერთი მჭადი და ყველი გაუტანებია და ისიც გზაში მოუპარავთ. საოცრად უყვარდა თავისი სოფელი და ვანში მისი კარ-მიდამო სანიმუშოდ იყო მოვლილი. გაგიკვირდებოდა, ეს კაფანდარა კაცი როგორ ართმევდა თავს ყველაფერს. სტუდენტობის დროს თეატრალური ცხოვრებით ყოფილა გატაცებული დ არა ერთი სპექტაკლის მასობრივ სცენებში მონაწილეობდა.
ბატონი ანანია იყო ჩემთვის სამაგალითო, – მისგან ისწავლიდი შრომისმოყვარეობასა და საქმისადმი დამოკიდებულებას.
დიდი მადლობა „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციას ანანია ტაბატაძის ღვაწლის გახსენებისა და დაფასებისთვის.
ნინო კაპანაძე
ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან
ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ ნაადრევად გარდაიცვალა
2025 წლის საგამოცდო პროცესი 3 ივლისს ერთიანი
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „რეგიონული ინიციატივების