„ჩვენ წარმოვადგენთ იმ ათასობით ადამიანს ატლანტა ჯორჯიადან, რომლებიც ბორის სკოლა-პანსიონს პრობლემების დაძლევაში ეხმარებიან, – ამბობს ფიჩთრი როუდის გაერთიანებული მეთოდისტური ეკლესიის ქველმოქმედთა ჯგუფის წარმომადგენელი კრეგ ბონეტი, – შვიდი წელია საქართველოში პერიოდულად ჩამოვდივარ და ძალიან დიდ პროგრესს ვხედავ. ყოველთვის ვცდილობთ, რომ პარტნიორობა და თანამშრომლობა გავწიოთ იმ მიმართულებით, სადაც სახელმწიფოს დროებით არ შეუძლია თანხების გაღება. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ჩვენგან დახმარება აღარ დაგჭირდებათ და თქვენს მშვენიერ ქვეყანაში მხოლოდ ტურისტებად ჩამოვალთ.“
ყველაფერი კი 15 წლის წინ დაიწყო, როდესაც „ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის“ წარმომადგენელმა ვასო ნატროშვილმა ტელევიზიით შეიტყო, რომ ბორის სკოლა-პანსიონს იმერეთის გუბერნატორმა ტელევიზორი აჩუქა. „მაშინვე დავუკავშირდი განათლების სამინისტროს, სადაც, სამწუხაროდ, ამ სკოლის შესახებ არაფერი იცოდნენ. შემდეგ კითხვა-კითხვით მოვაგენი ბორს და მას შემდეგ ჩვენი თანამშრომლობა ამერიკელების დახმარებით სხვადასხვა აქტივობებით გრძელდება.“
„ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის“ ახალგაზრდობის დახმარებისა და განვითარების პროგრამის მენეჯერი თამუნა გრიგოლია ამბობს, რომ ბორის სკოლასთან თანამშრომლობა სკოლის საჭიროებებზეა დამოკიდებული და წლიდან წლამდე იცვლება.
ამჟამად ბორის სკოლაში ხუთ ხელობას ეუფლებიან დაინტერესებული მოსწავლეები. სკოლაში ფუნქციონირებს პურის საცხობი, საპარიკმახერო, ცეკვისა და მუსიკის, ხელოვნებისა და კერვისშემსწავლელი წრეები. ამ ხელობების მასწავლებელთა ხელფასებს, ასევე ყველა საჭირო ინვენტარის შეძენას ამერიკელიქველმოქმედები აფინანსებენ. ბორის სკოლაში 65 სოციალურად დაუცველი მოსწავლე ორჯერად კვებაზეა. ყველა მათგანს უტარდება უფასო სამედიცინო შემოწმება. მოსწავლები უზრუნველყოფილნი არიან ზამთრის ტანსაცმელით და ფეხსაცმელით.
„რა თქმა უნდა, მონიტორინგსაც ვაწარმოებთ, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ბორის სკოლასთან უდიდესნდობაზეა დამყარებული, – ამბობს თამუნა გრიგოლია სკოლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის მისამართით, – ამერიკელები ხედავენ შედეგს და ამიტომ უჭერენ მხარს სხვადასხვა პროგრამების დაფინანსებას. ისინი პერიოდულად ადგილზე ეცნობიან ყველაფერს.“
წელს ამერიკელი ქველმოქმედები ბორის საჯარო სკოლის სოციალურად დაუცველ თორმეტ კურსდამთავრებულს უმაღლეს სასწავლებელში სწავლების გადასახადს უფინანსებენ. აქედან ცხრა წინა წლების კურსდამთავრებულია. შარშან ოცდაშვიდი ახალგაზრდის ქუთაისის პროფესიულ სასწავლებელში სწავლა დაფინანსდა. „ყველამ იცის, სწავლის დაფინანსება გარანტირებული არ იქნება და, შესაძლოა, მომდევნო წლებში ვეღარ გაგრძელდეს,“ – ამბობს თამუნა გრიგოლია.
ბორის სკოლის გარდა ამერიკელ ქველმოქმედთა ჯგუფი იმერეთის რეგიონის კიდევ ოთხ ინსტიტუციასთან თანამშრომლობს.
„თქვენ ძალიან დიდ საქმეს აკეთებთ, ღვთისნიერი ხალხი ხართ, – მიმართა ბორის საჯარო სკოლაში 30 სექტემბერს სტუმრად მყოფ ამერიკელ ქველმოქმედებსა და „ფონდი თბილისის მოზარდთა სახლის“ წარმომადგენლებს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა დავით კიკნაძემ,– სამწუხაროდ, სოცილურად დაუცველი ოჯახიდან არც თუ ისე ცოტა მოსწავლეა. მნიშვნელოვანია, რომ ისინი სხვადასხვა ხელობას ეუფლებიან.“
„ჩვენ, სამწუხაროდ, ჩამოვყალიბდით მომხმარებლებად – დონორი მოვა და დაგვაფინანსებს. შემოქმედება ნაკლებად არის, რომ ეს სეგმენტი გამოიყენო და საკუთარი თავი განავითარო, – აღნიშნა ბორის სკოლაში შეხვედრაზე მყოფმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნოდარ ებანოიძემ, – სწორ გზას უნდა დავადგეთ ამ მიმართულებით. უნდა მოვახერხოთ, რომ ბორის სკოლის კურსდამთავრებულები, რომლებიც აქ სხვადასხვა ხელობას სწავლობენ, სერტიფიცირებულები გახდნენ. სახელობო სწავლებას თავისი სტანდარტი აქვს. სკოლამ უნდა მოიპოვოს სერტიფიკატის გაცემის უფლება.“
უკვე ერთი წელია, რაც ბორის საჯარო სკოლაში მოსწავლეებმა თბილისელ თანატოლებთან თანამშრომლობით სამოქალაქო კლუბი ჩამოაყალიბეს. Smart Club-ის ლიდერმა მარიამ აბულაძემ სკოლაში მყოფ სტუმრებს კლუბის ერთწლიანი საქმიანობა გააცნო. კლუბის წევრებმა ამერიკელი მეგობრების დახმარებით შეიძინეს ელექტროცელი და პერიოდულად ბალახისგან წმენდენ სკოლის ეზოსა და ბაღს. კლუბის ინიციატივით სკოლაში დედამიწის დღესთან დაკავშირებით ჩაატარეს კონფერენცია გარემოს დაბინძურების გლობალურ პრობლემებზე, კონკრეტულად ისაუბრეს სოფელში მდინარის დაბინძურებაზე. კლუბის წევრებმა მოაწყვეს მწვანე ოთახი და ქოთნის ყვავილები ყველა საკლასო ოთახს გადასცეს.
„ძალიან ბედნიერები ხართ, ასეთ კარგს სკოლაში რომ სწავლობთ, – მიმართა სამოქალაქო კლუბის წევრ მოსწავლეებს რიჩარდ ჰოლმსმა, – წელს თქვენი სკოლიდან რამდენიმე მოსწავლემ მაღალი აკადემიური მოსწრებით დაამთავრა სკოლა და ისინი სახელმწიფოსგან სრულად ფინანსდებიან უმაღლეს სასწავლებლებში. თქვენ ახლა გაქვთ დრო, ისწავლოთ კარგად, ხოლო სამოქალაქო კლუბში საქმიანობით განავითაროთ თქვენი თემი. დარწმუნებული ვარ, გამოიყენებთ ამ შანსს და შესაძლებლობას.“
თამუნა გრიგოლიამ სიხარულით გვაცნობა, რომ ბორის სკოლის კურსდამთავრებული სტუდენტებისგან, მოხალისეობრივი უკუგება უკვე მიიღეს. ბორელი სტუდენტები გლდანის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს დაეხმარენ: შეუძინეს საკანცელარიო ნივთები, მოაწყვეს მოსწავლეთა ნახატების გამოფენა-გაყიდვა და საქველმოქმედო კონცერტი. ამას გარდა ორი სტუდენტი, რომელიც ტექნიკურ უნივერსიტეტში სწავლობს, არასამთავრობო ორგანიზაციის სასწავლო ცენტრში მათემატიკას ასწავლის სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს.
იმავე დღეს სტუმრებს ბერძნულ-რომაული ჭიდაობის მასწავლებელმა ვეფხვია გამრეკელაშვილმა ამ სექციის დაფინანსების პროექტი წარუდგინა. მისივე თქმით, ის ბორის სკოლის ბაზაზე ზონალურ გუნდს ჩამოაყალიბებს.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.