ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნით 26 ივლისს საკრებულოს აპარატს ოცმა დეპუტატმა მიმართა.

დეპუტატთა განცხადება 27 ივლისს ბიუროს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილმა გაახმიანა.

საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე ამბობს, რომ მას აქვს ამომრჩეველთა მანდატი, რომლითაც გააგრძელებს საკრებულოს წევრის საქმიანობას უფრო მეტი თავისუფლებითა და ეფექტურობით.

„ამ დარბაზში იმყოფებიან ადამიანები, ვისთან ერთადაც ჩვენ მნიშვნელოვანი პროცესები გავიარეთ, – აღნიშნა სხდომაზე ინგა მაღრაძემ, – ეს იყო ნამდვილი ბრძოლა არსებულ სისტემასთან, რომელიც წარმატებით დავასრულეთ. თანამდებობიდან ჩემი გადაყენების მოთხოვნაზე ხელმომწერთა უმრავლესობა მაშინ ჩვენს გვერდით არ იდგა.

ვიცავდით და მომავალშიც დავიცავთ პრიციპებს, რომ ამ ქვეყანაში დამთავრდეს უმსგავსობა და უღირსობა, განსაკუთრებით პოლიტიკაში. 2012 წელს ჩვენ შევცვალეთ სისტემა და მოვიპოვეთ თავისუფლება. ასეთ პროცესებს ხელისუფლებაში მედროვეებისა და კარიერისტების მოსვლა მოჰყვა. ამ შემთხვევაში ადგილობრივ ხელისუფლებას ვგულისხმობ. მათი ჩვეული სტილია კორუფციული გარიგებები, საბიუჯეტო თანხების გაფლანგვა.“

ინგა მაღრაძემ ბიუროს წევრებთან აღნიშნა, რომ უახლოეს ხანში ის შესაბამის სამსახურებს მტკიცებულებებს წარუდგენს.

ფრაქცია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ვარლამ თავზარაშვილის თქმით, ის „ზრუნავს საკრებულოს თავმჯდომარეზე, რათა თანამდებობიდან გადაყენების შემდეგ მეტი საშუალება ჰქონდეს, თავისუფლად მივიდეს საზოგადოებასთან, მეტად ლანძღოს „ქართული ოცნება“ და საკრებულოს თავმჯდომარის სტატუსით აღარ შეიზღუდოს.“

მანვე განაცხადა, რომ ამომრჩეველი გადაწყვეტს, რამდენად კარგად იმუშავა „ქართულმა ოცნებამ“ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.

დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა ბიუროს სხდომაზე თქვა: „ხარაგაულის საკრებულოს დღევანდელი შემადგენლობა და ხარაგაულის მოსახლეობა ინგა მაღრაძისნაირ საკრებულოს თავმჯდომარეს არ იმსახურებდა.

ინგა მაღრაძეს მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ებანოიძე მართავდა და ვეღარ ვარჩევდი, ვინ იყო საკრებულოს თავმჯდომარე. თქვენ აცდით ხელისუფლებისგან აღებულ კურსს. თქვენი ნაბიჯები ვიწრო პარტიული ინტერესებით შემოიფარგლებოდა.

უკმაყოფილო მოსახლეობის გაჩენას ცდილობდით, რომელსაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან დასაპირისპირებლად გამოიყენებდით.“

ინგა მაღრაძის თქმით, მას და მის პოლიტიკურ გუნდს მუნიციპალიტეტის ყველა წარმატებაში ლომის წილი მიუძღვის.

საკრებულოს ფრაქცია „რესპუბლიკელების“ თავმჯდომარე იური ლურსმანაშვილმა აღნიშნა, რომ ყოველთვის აკრიტიკებდნენ იმას, რაც არ მოსწონდათ, მხარდასაჭერს კი მხარს უჭერდნენ.

გელა გოლუბიანი, საკრებულოს ფრაქცია „კონსერვატორების“ თავმჯდომარე: -მრცხვენია, რომ 25 წელი დღეს არსებული მდგომარეობისთვის მიბრძოლია. ხარაგაულელები პირადად არც გიორგი კვირიკაშვილს იცნობენ და არც ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ კარგად იცნობენ, ვინ არის მათი სახე ხარაგაულში; ვინ იყვნენ ეს ადამიანები წარსულში, რას წარმოადგენდნენ და როგორები არიან დღეს.

შეიძლება კაცმა ქრთამი აიღოს, ფული გამოძალოს ვინმეს, სხვა უღირსი საქციელი ჩაიდინოს, მაგრამ შემდეგ მოინანოს და ცხოვრების წესი შეცვალოს.

აქ მე ვხედავ, – ზოგი ბიძინას ამოეფარა, ზოგი ეკლესიას. ამ ფორმით ცდილობენ დღეს საზოგადოებაში დამკვიდრებას და ხალხის მოტყუებას. ნურავინ მოიტყუებს თავს.

ხარაგაულის სირცხვილია, ჩემი სირცხვილია ის, რაც აქ ხდება. იმის გამო, რომ თანამდებობაზე ვარ და ხელფასს ვიღებ, სიმართლეზე თვალს ვერ დავხუჭავ.

არც ერთი თანამდებობა კაცობაზე და ადამიანობაზე ღირებული არ არის.“

საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენების საკითხი საკრებულოს პირველი აგვისტოს სხდომის დღის წესრიგში შეიტანეს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე რესპუბლიკური პარტიის წევრია.