„ხარაგაულკეთილმოწყობის“ ყოფილმა დირექტორმა მიხეილ ჭიპაშვილმა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

მიხეილ ჭიპაშვილი რესპუბლიკური პარტიის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეა. ის 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელ კობა ლურსმანაშვილის საარჩევნო შეხვედრების ორგანიზატორი გახლდათ. იგი ასევე არის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მეუღლე.

მიხეილ ჭიპაშვილის სარჩელი ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა. მოსამართლე ელენე ოსაძემ ბათილად ცნო ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის, კობა ლურსმანაშვილის, 2015 წლის 30 ნოემბრის ბრძანება მიხეილ ჭიპაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. გამგეობას მოსარჩელის სასარგებლოდ ყოველთვიურად 1000 ლარის გადახდა დააკისრა, 2015 წლის 30 ნოემბრიდან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე.

თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში მოსამართლემ მიხეილ ჭიპაშვილის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხე მხარემ – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კობა ლურსმანაშვილმაც გაასაჩივრა. სააპელაციო მოთხოვნის თანახმად, მოპასუხე ითხოვს, რომ გამგებლის ბრძანება მიხეილ ჭიპაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე არ გაბათილდეს და მას განაცდურის ანაზღაურებაზე უარი ეთქვას.

სასამართლო პროცესი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში 25 მაისს გაიმართება.