ამ წუთებში, ხარაგაულის სოფელ ფარცხნალში, ტრადიციული ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ მიმდინარეობს.

„ოდეონის“ დამფუძნებელი და ორგანიზატორია იზა ვეფხვაძე – ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი.

„აქ“ – ამ თემაზე ქმნიან შემოქმედი ხარაგაულელები ლიტერატურულ ნაწარმოებებს.

„წელს „ოდეონი“ მეჩვიდმეტედ ტარდება, – ამბობს იზა ვეფხვაძე, – კონკურსს ყოველ წელს ჰყავს დებიუტანტები. ისინი, კი ვინც „ოდეონში“ გასულ წლებშიც მონაწილეობდნენ, მისი ჩატარების თარიღს მოუთმენლად ელოდებიან. ამჯერად 12 მონაწილე გვყავს; მათ შორის – სამი დებიუტანტია.

ამ ლიტერატურული კონკურსის მონაწილეთაგან რამდენიმემ საკუთარი კრებულები გამოსცა. ასე რომ, „ოდეონი“ სიცოცხლისუნარიანი კონკურსია და მისი მონაწილეები მაღალი დონის, ღირებულ ნაწარმოებებს ქმნიან.

განსაკუთრებით იზრდება ინტერესი ახალგაზრდული „ოდეონის“ მიმართ, რომელიც ასევე ტრადიციად დავამკვიდრეთ.

ფარცხნალში, „გალაკტიონის ცაცხვთან“, ტაძრის ეზოში გაიხსნა კონკურსი. თემის შერჩევისას ამ უნიკალურ სოფელზე ვფიქრობდი, რომელიც აკადემიკოსებისა და პროფესორების მშობლიური სოფელია, აქ ასწავლიდა დიდი პოეტი გალაკტიონი. თუმცა, კონკურსის მონაწილეებს ნებისმიერ თემაზე შეუძლიათ დაწერონ.

„ოდეონზე“ შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებებს შეაფასებს ჟიური შემდეგი შემადგენლობით – ლინა ბარათაშვილი (ჟიურის თავმჯდომარე); წევრები: ვალერი გოგნაძე, მამუკა ჭიპაშვილი, მზია აბულაძე, მარინე ვეფხვაძე.

კონკურსის გამარჯვებულები – საპრიზო  ადგილების მფლობელები – 15 აგვისტომდე გამოვლინდებიან“.

„ოდეონში წელს პირველად მონაწილეობს იუზა თაბუკაშვილი. მან გვითხრა, რომ წლებია ლექსებს წერს, – მხოლოდ თავისთვის. ამჯერად გადაწყვიტა კონკურსში ჩართულიყო. მისთვის მნიშვნელოვანია, რომ მართალი სიტყვა ლექსით გამოთქვას და სხვებს თავისი ფიქრები თუ მოსაზრებები ასე გაუზიაროს.

თითქმის ყველა „ოდეონის“ მონაწილეა ზეინაბ ბუაჩიძე.

„ყოველდღიურ ცხოვრებას ვეთიშები და კონკურსში მონაწილეობით ძალიან ბედნიერი ვარ, – ამბობს ზეინაბ ბუაჩიძე, – საინტერესოა კონკურსის ორგანიზატორთან და მონაწილეებთან ურთიერთობა, აზრების გაცვლა-გამოცვლა. თემა ძალიან საინტერესოა და საკმაოდ შინაარსიანი ნაწარმოებების შექმნა შეიძლება“.

წარმატებებს ვუსურვებთ „ოდეონის“ მონაწილეებს.

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ – შემოქმედი ადამიანების აღმოჩენის შესაძლებლობაა

„ოდეონის“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ