ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილეში მცხოვრები მალხაზ ყრუაშვილი ავეჯის წარმოებით 33 წლის წინ დაინტერესდა.

თავდაპირველად საქმიანობა სოფელ ლეღვანში, ბაბუასთან დურგლობით დაიწყო. ფეხით 7-8 კილომეტრს გადიოდა და ავეჯის დასამზადებელი მასალებიც ხელით გადაჰქონდა. შემდეგ თავად შექმნა ავეჯის საწარმო და საკმაოდ კარგად მუშაობდა მანამდე, სანამ მცირე მეწარმეებს სამასალე ხე-ტყის მოპოვებაზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდებოდათ.

სამასალე ხე-ტყეზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვამ სოფლად მცხოვრები მოსახლეობა და ავეჯის დამამზადებელი მცირე მეწარმეები ძალიან დააზარალა.

საღანძილეში, ავეჯის საწარმოში ამჟამად მალხაზ ყრუაშვილს 12 პირი ჰყავს დასაქმებული. ადგილზე ამზადებენ სკამებს, მაგიდებსა და თაროებს.

„ავეჯის დასამზადებელი მასალების შეძენა ძალიან ძვირი ჯდება. ეს კი პროდუქციის ღირებულებაზე აისახება, – ამბობს მალხაზ ყრუაშვილი, – ბაზარი უცხოეთიდან შემოსული იაფფასიანი ავეჯით სავსეა და კონკურენციას ვეღარ ვუწევთ.

ხარაგაულში ათეულობით საავეჯო საწარმო დაიხურა იმის გამო, რომ მასალის მოპოვებაზე ხელმისაწვდომობა შეგვიზღუდეს. ჩემმა მეგობრებმა, ვინც ამ საქმიანობაში იყო ჩართული, სოფელი დატოვეს და ისინი ახლა თბილისში, მშენებლობებზე მუშაობენ.

სანიტარული ჭრები რომ იყო, ბარათს გვიწერდნენ და ტყეში თავად მოვიპოვებდით სამასალე მორს. შემდეგ ვხერხავდით, ვაშრობდით და ავეჯს ვამზადებდით. ნაკლები ხარჯი გვქონდა. ხარაგაულში, საქმიან ეზოებში რომ მორი შევიძინო, მისი დახერხვა ძვირი მიჯდება. ადრე 15-20 ლარად ხერხავდნენ ერთ კბმ მორს, ახლა 150 ლარი ღირს. ამიტომ იძულებული ვარ, ბაღდათში წავიდე და გამზადებული დახერხილი მასალა იქედან მოვიტანო.

სახერხი გასულ წლებში მეც მქონდა, მაგრამ ისეთი მკაცრი რეგულაციები დაგვიწესეს, იძულებული გავხდი დამეშალა და გამეყიდა.

ჯერჯერობით ვახერხებ, რომ ჩემს მცირე საწარმოში დამზადებული ავეჯი სხვადასხვა ქალაქში გავყიდო. პრობლემებს ვუმკლავდები; თუმცა, როდემდე შევძლებ, არ ვიცი.

მუშახელის შოვნაც ჭირს. რამდენიმე დღის წინ ინტერნეტით ვაკანსია გამოვაცხადე. ცდასაქმებულს დღიურად 50 ლარს ავუნაზღაურებდი. თავიდან შემომეხმიანენ, მაგრამ მერე აღარ მოვიდნენ. ხალხიც გაზარმაცებულია, სოფლებიც დაიცალა.

ერთ-ერთი ხელშემშლელი ისიცაა, რომ მცირე საწარმომ 100 ათას ლარიან ბრუნვას თუ გადააჭარბა, დამატებითი ღირებულების გადახდა ეკისრება. ეს ზღვარი თუ 500 ათას ლარამდე გაიზრდება, დიდი შეღავათი იქნება.

უპირველესი კი მაინც ისაა, რომ მოგვცენ სამასალე ხე-ტყის ოფიციალურად მოპოვების უფლება, ჩვენ ტყეს არ დავაზიანებთ და არ გავაჩანაგებთ. ეს იქნება უმთავრესი ხელშემწყობი პირობა ჩვენი წარმოების განვითარებისა და გაძლიერებისთვის“.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

ხარაგაულიდან ოჯახების მიგრაციის უმთავრესი მიზეზი ხე-ტყის რესურსებზე ხელმიუწვდომლობაა