საქართველოში ევროკავშირში გაწევრიანების მხარდაჭერა კვლავ მაღალია – საზოგადოებრივი აზრის ყოველწლიური კვლევის 2026 წლის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 71% აცხადებს, რომ მხარს უჭერს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას.

საზოგადოებრივი აზრის კვლევას პროგრამა EU NEIGHBOURS East საქართველოსა და აღმოსავლეთ სამეზობლოს რეგიონის დანარჩენ ხუთ ქვეყანაში 2016 წლიდან ყოველწლიურად ატარებს. 2026 წლის კვლევა 2026 წლის იანვარ-თებერვალში ჩატარდა და ქვეყნის მასშტაბით შერჩეულ 1 000-ზე მეტ რესპონდენტთან პირისპირ ინტერვიუებს ეფუძნება.

ევროკავშირი ქართველებისთვის კვლავ რჩება ყველაზე სანდო საერთაშორისო აქტორად. კერძოდ, მას გამოკითხულთა 67% ენდობა. თუმცა იკლო იმ ადამიანთა რიცხვმა, რომელთაც მიაჩნიათ, რომ ქვეყანას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს (ეს მაჩვენებელი 2025 წელს 63%-ს შეადგენდა, წელს კი 60%-ზე ჩამოვიდა).

მაშინ, როცა გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს უჭერს ევროკავშირში გაწევრიანებას, 49%-ს სჯერა, რომ საქართველო წევრობისკენ სწორი მიმართულებით არ მიიწევს, 56% კი ამბობს, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და მედიასთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი კანონები უარყოფითად აისახება გაწევრიანების პროცესზე, 87% თანხმდება, რომ საქართველომ ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე წინსვლისთვის მეტი უნდა გააკეთოს.

საქართველოსადმი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერის შესახებ მოქალაქეთა ინფორმირებულობა კვლავ მაღალ ნიშნულზე, 70%-ზე რჩება და გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (48%) ამბობს, რომ ეს მხარდაჭერა ეფექტიანია.

მოქალაქეების აზრით, ევროკავშირმა უფრო დიდი როლი უნდა შეასრულოს განათლებისა და უწყვეტი განათლების (38%), ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის (34%) და ჯანდაცვის (33%) მიმართულებებით.

მაშინ, როცა ევროკავშირთან დაკავშირებულ სარგებელზე დადებითი აღქმა კვლავ მაღალია (76% ევროკავშირთან სიახლოვეს ახალ შესაძლებლობებთან აკავშირებს, ხოლო 75% ამბობს, რომ გაწევრიანება ქვეყნის უსაფრთხოებას გააძლიერებს), გამოკითხულთა ყურადსაღები ნაწილი შეშფოთებასაც გამოთქვამს – 43% ამბობს, რომ ევროკავშირი საკუთარ ღირებულებებს ახვევს თავს და 51%-ს სჯერა, რომ ევროკავშირს ფარული ინტერესები აქვს.

გამოკითხვამ ასევე ცხადყო, რომ ევროკავშირის შესახებ ინფორმირებულობა შემცირებულია. კერძოდ, მხოლოდ 40% აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში გასცნობია ევროკავშირთან დაკავშირებულ ინფორმაციას (ეს მაჩვენებელი 2025 წელთან შედარებით 14%-ითაა დაკლებული).

გამოკითხულებმა ასევე გამოთქვეს შეშფოთება დეზინფორმაციაზე, რომელსაც 86% ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შემცველად მიიჩნევს.