კოალიცია „ლელო – ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლები რეგიონებში მოსახლეობას ხვდებიან. ამ კოალიციის გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე ხარაგაულში იმყოფებოდა. მას ხარაგაულში სტუმრობის მიზნებსა და ქვეყანაში არსებული კრიზისიდან გამოსავლის გზებზე ვკითხეთ.

– ბატონო ირაკლი, მოსახლეობის ნაწილი თვლის, რომ მოქმედი ხელისუფლება შესაცვლელია, თუმცა, ალტერნატიულ რეალურ ძალას ვერ ხედავს. რეგიონებში ოპოზიციური პარტიები როგორ აპირებთ გამარჯვებას.

ხარაგაულში თითქმის არ დარჩა სამსახური, საწარმო, სადაც ხელისუფლების გავლენები არ არის. მოსახლეობის ნაწილი სამსახურისა და სოციალური შემწეობის დაკარგვის შიშით ხმას საერთოდ არ იღებს;

გარდა ამისა, შეშინებულმა ამომრჩეველმა, შესაძლოა, თავისი რეალური სურვილი საარჩევნო ბიულეტენში ვერ დააფიქსიროს. მოსახლეობის დიდი ნაწილი ძლიერი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავლენის ქვეშ იმყოფება. „დიუშენით დაავადებული ბავშვები აინშტაინები არ არიან და არა უშავს, თუ სახელმწიფო მათ წამალს არ შემოუტანს“, – ასეთი მსოფლმხედველობის ამომრჩეველი ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას როგორ მიიღებს, რისი იმედი უნდა გვქონდეს?

– სწორედ ამ მძიმე მდგომარეობის შესაცვლელად მე და ჩემი მეგობრები უსამართლობის, უკანონობის, ნეპოტიზმის, ადამიანების ჩაგვრის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩავერთეთ. ძალიან კარგად ვიცით ხარაგაულში რა ხდება, – სოფლები ახალგაზრდებისგან დაცლილია, სამუშაო ადგილები არ არის; მოსახლეობას არ აქვს ამბულატორიული მომსახურება, გზა, წყალი და ბუნებრივი აირი. ტყეში ფიჩხის შეგროვების უფლებას არ აძლევენ და მგელი შინაურ პირუტყვს უნადგურებს. ამ პრობლემების მიღმა ვხედავთ, რომ ხელისუფლება დევნის ჟურნალისტებს, აქვს კრიტიკული მედიისა და  სამოქალაქო ორგანიზაციების განადგურების მცდელობა.

ბევრი ცუდი ამბავია და ეს საზოგადოების უმრავლესობამ ძალიან კარგად იცის. ზოგი უბრალოდ თავს იბრმავებს იმიტომ, რომ მას აქვს რაღაც კონკრეტული ინტერესი. ძალიან კარგადაც სჯერათ, რომ დიუშენით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად წამალი სახელმწიფომ უნდა შეიძინოს.

დარწმუნებული ვარ, ოჯახის სიწმინდის დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე მყოფი ადამიანების უმრავლესობა საჯარო მოხელეები იყვნენ, ან ის ადმიანები, რომლებიც პროპაგანდის გავლენას განიცდიან. ამ დღის აღნიშვნას იდეოლოგიურ ღირებულებასთან კავშირი არ აქვს. ეს არის უფრო მეტად პარტიული ღონისძიება.

მაშინ, როცა დედა ემიგრაციაშია, ოჯახი გახლეჩილია, შვილს ტელეფონის ეკრანიდან ზრდის, არჩენს ოჯახს, მამა ადგილზე ფიზიკურად ვერაფერს აკეთებს, ან ორივე მშობელი უცხოეთშია; არ არსებობს მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ხარისხიანი ჯანდაცვა და სოციალური უზრუნველყოფა, სოციალური შემწეობა არის ძალადობრივი მანქანის ნაწილი, – ასეთ ვითარებაში ოჯახის სიწმინდეს როგორ აღვნიშნავთ?!

ჩვენი ერთადერთი შესაძლებლობა არის ძალიან ბევრი შრომა, ბრძოლა, წინააღმდეგობა, თვითორგანიზება, იმედის დაბრუნება. არსებობენ ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ არც ერთი პარტია არ მოსწონთ. ჩვენი მიზანი სწორედ ეს არის, რომ ვუთხართ მათ, ჩვენ ვართ ალტერნატივა. რამდენად გვენდობა და დაიჯერებს, ეს უკვე ჩვენზეა დამოკიდებული.

მოქალაქეები მეუბნებიან, რომ მოლოდინები ყველა პარტიამ გაუცრუა. მე 31 წლის ვარ, დამოუკიდებელ საქართველოში გავიზარდე, ჩემგან დაფუძნებულ პარტიაში ვარ. ხელისუფლებაში არ ვყოფილვარ და ჩემი კოლეგების უმრავლესობა ასეთი ადამიანია. ჩემდამიც კი აქვთ ნიჰილიზმი.

იმედის განცდა უნდა დავაბრუნოთ, თან უნდა ვიყოთ კომპეტენტურები ყველა საკითხთან მიმართებაში. მაგალითად, ჯანდაცვის მიმართულებით გვყავს კონკრეტული სპიკერი ვატო სურგულაძე. ჩვენ ვამბობთ, რომ ყველას უნდა შეეძლოს მედიკამენტების შეძენა; შშმ პირებს, პენსიონერებს უნდა ჰქონდეთ ღირსეული პენსია.

ჩვენ ვამბობთ, რომ პენსია 1000 ლარი უნდა გახდეს. საზოგადოება ვერ შედგება, როცა პენსია 370 ლარია და პენსიონერს არჩევანის გაკეთება უწევს, – კომუნალური გადაიხადოს, მედიკამენტები იყიდოს თუ საკვები.

ამ პრობლემების გადაჭრა არის ანტიქართული ოცნების მოშორება და კოალიციური მმართველობა. პრაქტიკამ გვაჩვენა, რა საფრთხეები ახლავს ერთპარტიულ მმართველობას. თავიდან ყველა ხელისუფლებამ რეფორმებით დაიწყო. მერე, როცა ძალაუფლების სიმყარე იგრძნეს, გააფუჭეს საქმე საკუთარი თავისთვისაც და ქვეყნისთვისაც.

ამიტომ ძალაუფლება უნდა გადანაწილდეს და დააზღვიოს რამდენიმე კოალიციურმა სუბიექტმა. ამიტომ ჩვენთვის მისაღებია კოალიციური მმართველობის სტილი.

არასდროს არ მივცემ ხმას ისეთ კანონპროექტს, რომელიც მაგალითად, მშობელს არ მისცემს შესაძლებლობას, შვილი გადაარჩინოს; არასდროს დავუჭერს მხარს ისეთ კანონს, რომელიც სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, სტუდენტებს, აზრის გამოხატვას შეზღუდავს.

მნიშვნელოვანია რეგიონების გაძლიერება. ჩვენ მინიმალური რესურსებით მაქსიმალურის გაკეთებას ვცდილობთ. უარი ვთქვით საპარლამენტო მანდატებზე, საბიუჯეტო დაფინანსებაზე, ხელფასებზე, იმუნიტეტზე, – რაც ამ ჩამონათვალში ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან ციხით არა მხოლოდ გვემუქრებიან, არამედ გვიჭერენ.

იცით, რომ ჩვენი პარტიის ლიდერები ციხეში იყვნენ და კიდევ ახალი ბრალი წაუყენეს. ჩვენი ეს ნაბიჯები მცდარი იყო თუ არა, დრო აჩვენებს. იმ მომენტში დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს იყო სწორი, პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსის ნაბიჯი. ამ მინიმალური რესურსებით ოფისები შევინარჩუნეთ, დავდივართ რეგიონებში ისეთ მიუვალ ადგილებში, სადაც სხვა ოპოზიციონერები არ დადიან.

– რეგიონებში მოსახლეობასთან შეხვედრებში რას გულისხმობთ? ხარაგაულში 79 სოფელია. ხარაგაულის ცენტრში 10-15 ადამიანთან შეხვედრა არ ნიშნავს, რომ მოსახლეობას შეხვდით. თუ გაქვთ დათვლილი, რა დრო, ფინანსები, რა რესურსი და შესაძლებლობები სჭირდება იმას, რომ მუნიციპალიტეტის მოსახლეობას შეხვდეთ და ესაუბროთ, თქვენს უპირატესობაში დაარწმუნოთ.

– მორიგი კალენდარული არჩევნები სამი წლის შემდეგ უნდა ჩატარდეს. ამის მიუხედავად, ჩვენ არ ვჩერდებით. „ლელოს“ ლიდერები მუდმივად რეგიონებში ვართ. თვეში 25-დღიანი ტური მაქვს. დღეს ვიყავი ხარაგაულის ერთ-ერთ სოფელში.

ხშირად პარტიები მოსახლეობასთან შეხვედრას ეძახიან საკუთარ აქტივთან შეხვედრას. ჩვენი მიდგომა და პრინციპი სხვანაირია. ჩამოვიარე ხარაგაულის ცენტრალური ქუჩა, რომელიც ძალიან პატარაა და ცოტა ადამიანი გამომელაპარაკა. მცნობენ, მიყურებენ, მაგრამ ეშინიათ.

მანქანაში მჯდომმა ერთ-ერთმა ტაქსის მძღოლმა, როგორც კი შემნიშნა, ქუდი ჩამოიფხატა თავზე. მოქალაქეებს საჯაროდ არა თუ ლაპარაკი, გამოჩენაც არ უნდათ. ოჯახი არ არსებობს, სადაც ან სოციალურად დაუცველი არ იყოს, ან საჯარო სამსახურში არ მუშაობდეს ოჯახიდან რომელიმე.

მე უცებ უსაფრთხოებას ვერ ვთავაზობ. მიუხედავად ამისა, მირჩევნია, ბრმად ვიარო ქუჩებში და თუნდაც ათიდან ორი ადამიანი დამელაპარაკოს, მაგრამ ეს იყოს უცხო და არა ჩემი ნაცნობი ან ჩემი პარტიის აქტივისტი. რაც შეიძლება მეტ შესაძლებლობას გამოვიყენებთ, რომ ადამიანებში უკეთესი მომავლის რწმენა გავაჩინოთ.

1991 წელს კომუნისტები იყვნენ ხელისუფლებაში და ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ პროტესტის გამოღვიძება შეძლეს. 2003 წელს შევარდნაძის მთავრობა იყო და მაშინ სააკაშვილმა შეძლო ცვლილება. 2012 წელს სააკაშვილის რეპრესიული მთავრობა ოპოზიციამ და ხალხმა შეცვალა.

ახლაც იგივე იქნება, აუცილებლად, გარდაუვალია. თუმცა, ბევრად მძიმე შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ვიდრე იყვნენ ამ ხელისუფლების წინამორბედები. დღევანდელი ხელისუფლება ბევრად ცბიერი და ბევრად დიდი რესურსების მქონეა. ამ ქვეყანაში, ბოლო ორი წელია, უფრო მეტი ადამიანი კვდება, ვიდრე იბადება. რა სტატისტიკასაც უნდა შევხედოთ, ყველა ჩვენს წინააღმდეგაა.

პროპაგანდით დაბნელებული ადამიანების უმრავლესობაც, დარწმუნებული ვარ, თავს ძალით იტყუებს. არის მცირე ნაწილი, ვინც გადასარჩენია და მათ გადარჩენაში დამოუკიდებელ მედიას ძალიან დიდი წვლილი გაქვთ.

ინფორმირებულები ვართ, რეგიონებში რაც ხდება. ძალიან რთულია, როცა რამდენიმე ადამიანს ჩაუვლი და გამარჯობას შიშით არ გეუბნებიან. დღეს ხარაგაულში მქონდა ასეთი შემთხვევა, – კაცმა რომ დამინახა და მიცნო, გზის მეორე მხარს გადავიდა. ასეთ სისტემაში პასუხი ნათელია – ხელისუფლება რაც შეიძლება მალე უნდა შეიცვალოს.

ნინო კაპანაძე