სეზონური ნახტომი – ზამთრიდან პირდაპირ ზაფხულში გადასვლა, მაისში ძლიერი წვიმები, 2026 წლის ზაფხულზე, შარშანდელთან შედარებით, მაღალ ტემპერატურას გამოიწვევს. ეს გარემოსდაცვითი ექსპერტის, თამარი მუმლაძის პროგნოზია.

კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირებაზე დღეს, 15 მაისს, ექსპერტი თამარი მუმლაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მერის წარმომადგენლებსა და საჯარო მოხელეებს შეხვდა.

რა იწვევს ბუნებრივ კატაკლიზმებს, როგორ უნდა შევხდეთ კატასტროფებს, როგორ ავიცილოთ თავიდან ზიანი, რომელიც შესაძლოა კლიმატის ცვლილებამ ჩვენს ჯანრთელობასა და საცხოვრებელ გარემოს მიაყენოს, – ეს საკითხები იყო შეხვედრის მთავარი თემა.

„კლიმატის ცვლილება მთელი მსოფლიოს პრობლემაა, – აღნიშნა შეხვედრაზე თამარი მუმლაძემ, – ანტარქტიდაში ყინული ისე დადნა, რომ ბალახი გამოჩნდა, რაც იქ ამ დრომდე არავის უნახავს. თანდათან ქრება ყინულები საქართველოშიც.

ყინულის დნობა იწვევს ოკეანეებსა და მდინარეებში წყლის დონის მატებას, რასაც წყალდიდობა და ღვარცოფი მოჰყვება. გაუმართავი სანიაღვრე სისტემების გამო სერიოზული ზიანი ადგება საცხოვრებელ ადგილებსა და სავარგულებს.

კლიმატის ცვლილება ხე-ტყის უკანონო ჭრით, მიწის ხშირი და არასწორი დამუშავებით, წყლის რესურსების არარაციონალური გამოყენებით, ავტომანქანების გამონაბოლქვით, ნარჩენების არასწორი მართვით და ომებითაა გამოწვეული.

საქართველოში წყლის დეფიციტის რისკი ნაკლებადაა. თუმცა წყალდიდობის, ძლიერი ქარის, მეწყერისა და სეტყვის მაღალი რისკია. იმის მიუხედავად, რომ საქართველოში სტიქიური მოვლენების წინასწარი შეტყობინების სისტემა მოქმედებს, არ გვყავს ამ აპარატურასთან მომუშავე კჯვალიფიციური სპეციალისტები. ხშიდარ 112-დან შეტყობინება ამინდის გაუარესების შესახებ გვიან მოგვდის. ამ მიმართულებით მდგომარეობა გამოსასწორებელია.

კლიმატის ცვლილების შესარბილებლად აუცილებელია ქარსაცავი ზოლების გაშენება, მასშტაბური მშენებელობების დროს ფერდობების სწორი დატერასება, ნარჩენების მართვა, განახლებადი ენერგიების გამოყენება – როგორიცაა ქარის ელექტროსადგური და მზის პანელები.

მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ჰქონდეს ინფორმაცია, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების (წყალდიდობა, მეწყერი, ღვარცოფი, ზვავი, სეტყვა, ძლიერი ქარი, გვალვა) პირველადი ნიშნების, მათი შესაძლო დადგომის შემთხვევაში რეაგირების შესახებ.

ჩამოთვლილი კატასტროფების შემთხვევაში, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ სასწრაფოდ მოვძებნოთ უსაფრთხო ადგილი, საცხოვრებელი სახლის დატოვებისას უნდა გავთიშოთ ელექტროენერგია, ჩავაქროთ ღუმელი, უნდა გვქონდეს „საგანგებო ჩანთა“, რომელშიც წყალი, პირველადი მოხმარების ჰიგიენური საგნები, მედიკამენტები უნდა მოვათავსოთ.

კატასტროფის შემთხვევაში უნდა დავრეკოთ 112-ზე და მქასიმალურად ზუსტი ინფორმაცია მივაწოდოთ“.

ხარაგაულში შეხვედრა პტროექტის – ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში გაიმართა. ეს პროექტი საქართველოს მთავრობის, კლიმატის მწვანე ფონდის (GCF), შვეიცარიის მთავრობის თანადაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით ხორციელდება.