

ძიძა, ოჯახის დამხმარე, მზარეული, რეპეტიტორი, მოხუცის მომვლელი, პერსონალური ასისტენტი, მძღოლები – ყველა ამ „პროფესიას“ ტერმინი „საოჯახო მშრომელები“ აერთიანებს.
საქართველოში საოჯახო მშრომელების 96% ქალია, ეს არის ქალთა შრომა, ყოველგვარი შრომითი უფლებებისა და ხელშეკრულების გარეშე. ზეპირი შეთანხმების საფუძველზე, ქალებს ხშირ შემთხვევაში მონურ პირობებში უწევს მუშაობა, დასვენების დღეებისა და შვებულების გარეშე.
რა პრობლემების წინაშე დგანან საოჯახო მშრომელები, როგორია სახელმწიფოს დამოკიდებულება მათ მიმართ და რას საქმიანობს ამ ადამიანების დასახმარებლად „ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაცია“, ამ თემაზე ასოციაციის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ინა ჩარკვიანი გვესაუბრება.
– ძიძების და საოჯახო მშრომელების ასოციაცია ოთხი წლის წინ დავაფუძნეთ და ვცდილობთ, საოჯახო შრომაში ჩართულ ადამიანებს სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ. პირველად საქართველოში ჩვენ დავიწყეთ ამ ადამიანებისათვის შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და გავაცანით მათ თავიანთი უფლებები. 4 წლის განმავლობაში თვეში ერთხელ ვაწყობთ საკონსულტაციო შეხვედრებს, ასოციაციაში 300-მდე მშრომელია გაერთიანებული და ხშირად ეს ქალები ხდებიან თავიანთი „კოლეგების“ მასწავლებლები შრომით პირობებთან დაკავშირებით.
ოჯახში დასაქმებული ადამიანების გამოწვევები მრავალმხრივი და ცვალებადია. პანდემიამ ამ ქალების პრობლემები „ააფეთქა“. აღმოჩნდა, რომ ერთ დღეს ისინი უსამსახუროდ და შემოსავლის გარეშე დარჩნენ, ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე. ტრანსპორტის გაჩერების გამო, იმ ქალებს, რომლებმაც სამსახური შეინარჩუნეს, ფეხით უწევდათ უდიდესი მანძილის გავლა, რომ სამსახურამდე მიეღწიათ. ხშირად, თავად კოვიდით დაავადებული ძიძა უვლიდა ოჯახში სხვა ინფიცირებულებს.
ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ისაა, რომ შრომა არის გაბუნებრივებული; მშრომელები ხშირ შემთხვევაში ვერ აღიქვამენ თავს დასაქმებულებად და მერე დამსაქმებელსაც უჭირს, ამ თვალით უყურონ ოჯახში მშრომელებს.
უკვე ერთი წელია, ჩვენი ასოციაციის ბაზაზე დავაფუძნეთ დასაქმების სერვისი. ამ დრომდე, 35 ადამიანი დავასაქმეთ შრომითი ხელშეკრულებით ისე, რომ გადასახადებს იხდის არა დასაქმებული, არამედ – დამსაქმებელი. ასევე – პირველი შეხვედრა იგეგმება არა სახლში, არამედ – ჩვენს ოფისში. ორივე მხარეს ერთნაირად ვაცნობთ თავიანთ პასუხისმგებლობებსა და უფლებებს. პასუხისმგებლიანი დამსაქმებლობის პირობებში, ამ 35 ადამიანის შრომითი მდგომარეობა ბევრად უკეთესია, ვიდრე იმ ადამიანების, რომლებსაც ჩვენ ყოველთვიურად ვხვდებით.
ჩვენი ორგანიზაციის მიმართ მომართვიანობა და სანდოობა დღითიდღე იზრდება არა მხოლოდ დასაქმებულებში, არამედ დამსაქმებლებშიც; იმიტომ, რომ ოჯახებსაც სჭირდებათ სანდო შუამავალი, ხელშეკრულება და იმისგან დაცვის პირობა, რომ მშრომელი არ გადაცდება პასუხისმგებლობებს, შუა გზაში არ მიატოვებს თავის საქმეს და ა.შ.

დასაქმების სერვისმა ბევრი ისეთი პრობლემა დაგვანახა, რომელიც გარედან არ ჩანს. რაც უფრო უკეთესი ფინანსური შესაძლებლობა აქვს ოჯახს და ეძებს დამხმარეს, მით უფრო ცუდ პირობებს გვთავაზობს მისთვის. შეიძლება ითქვას, რომ 24-საათიანი სამუშაო გარემო ყველაზე დისკრიმინაციულია. თუ საშუალო საათობრივი ტარიფი, 8-საათიანი სამუშაო დღის შემთხვევაში 8 ლარია, 24-საათიანი სამუშაოს შემთხვევაში – სამი ან სამ ლარამდეა. ეს მაშინ, როცა 24-საათიანი მშომელი მთლიანად თმობს საკუთარ ცხოვრებას, ინტერესებს. ეს მონური მდგომარეობაა, როდესაც ადამიანი სრულიად შენს განკარგულებაში აგყავს; ხშირად საკუთარ ოთახსაც კი არ სთავაზობენ და დივანზე უწევთ ხოლმე ამ ქალებს დაძინება.
საოჯახო მშრომელების ასაკი საქართველოში საშუალოდ 50-60 წელია. ხშირ შემთხვევაში პენსიონერები და 70 წელს გადაცილებული ადამიანებიც ეძებენ ოჯახში დასაქმების შესაძლებლობას და ეს მათთვის გადარჩენის შესაძლებლობაა.
მასწავლებლები სკოლას, ექთნები კლინიკებს ტოვებენ და ოჯახურ შრომაში ერთვებიან, რადგან მათი ანაზღაურება ბევრად მეტია. თუ კლინიკა საათში ექთანს საშუალოდ 4 ლარს უხდის, ძიძის ანაზღაურება, 8-საათიანი შრომის პირობებში, 9-10 ლარია. ანაზღაურება მეტია, თუმცა შრომითი პირობები ბევრად რთული. ხშირია შემთხვევები, როცა ზეგანაკვეთური მუშაობა არ ანაზღაურდება, არ აქვთ დასვენების დღეები. არავინ აძლევთ მათ კუთვნილ ანაზღაურებად შვებულებას, წელიწადში 24 დღის განმავლობაში.
კვების პრობლემა – ძალიან ბევრია თბილისში ოჯახები, რომლებიც სახლში არ ამზადებენ საკვებს და არც აქვთ მოსამზადებელი პროდუქტები. ისინი ან სახლის გარეთ ჭამენ, ან გამოძახებით მოაქვთ საჭმელი. დასაქმებული ადამიანი ხშირად რჩება მშიერი და ეს ოჯახს უყურადღებოდ რჩება, ხან – ივიწყებენ. ხანდახან ოჯახი საერთოდ არ არის სახლში და ბავშვის საკვების გარდა, სხვა საკვები სახლში არ არის და თუ ბავშვი ჩვილია, ის საკვები ძიძისთვის საკვებს არ წარმოადგენს.

დამსაქმებელი ოჯახების 95% ვიდეო და აუდიო სათვალთვალო სისტემას იყენებს. ოჯახში დასაქმებულებმა არ იციან, კამერა რომელ ოთახშია დამონტაჟებული; ანუ, მათ არ აქვს თავისუფალი სივრცე, რომ თავიანთი ოჯახის წევრებს მშვიდად დაელაპარაკონ, ან დაისვენონ. ხშირად თვალთვალი აბაზანაშიც კი ხდება და ამით ირღვევა ადამიანის, და არა მხოლოდ შრომითი უფლებები.
როგორია სახელმწიფოს დამოკიდებულება – იმის გამო, რომ შრომა არის არაფორმალური, შრომის ინსპექცია საკუთარ თავზე არ იღებს არანაირ პასუხისმგებლობას. ჩვენ მიგვიმართავს შრომის ინსპექციისთვის, როდესაც ძალადობის მსხვერპლი იყო ძიძა და გვთხოვა დახმარება. შრომის ინსპექციიდან მივიღეთ უარი; მათ გვითხრეს, რომ „ოჯახის გარემო არ არის ჩვენი ფუნქციონირების მანდატი“. ანუ, რა გვრჩება ასეთ შემთხვევაში?! სახალხო დამცველი შეიძლება იყოს კიდევ ერთი მიმართულება, რომელიც ქალთა ძალადობის ნაწილში, შესაძლოა, დაკვირვებოდა ამ პროცესს. თუმცა, ამ ეტაპზე მათი იმედიც არ გვაქვს.
ჩვენი საქმიანობა ამჟამად გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით მიმდინარეობს და მოიცავს არა მხოლოდ დასაქმებულებისთვის ხელშეკრულებების მომზადებას; არამედ ჩვენი აქტივობებით ვცდილობთ, ცნობიერება გავზარდოთ; საოჯახო მშრომელებს გავაცნოთ შრომითი კოდექსით გათვალისწინებული მათი შრომითი უფლებები.
გვაქვს მუდმივი საკონსულტაციო ცხელი ხაზი – 551 811911, რომელზეც ნებისმიერ საოჯახო შრომაში ჩართულ ადამიანს შეუძლია დარეკოს, გაიაროს კონსულტაცია შრომით უფლებებზე.
თვეში ერთხელ გვაქვს საკონსულტაციო შეხვედრები, სადაც ვიწვევთ საოჯახო შრომაში ჩართულ ადამიანებს. ვაცნობთ ინფორმაციას შრომით უფლებებზე. ინფორმაციას, ძირითადად, სოციალურ ქსელში ვავრცელებთ. ჩვენს ფეისბუქ ჯგუფში – ძიძებისა და საოჯახო მშრომელების ასოციაცია – 9 ათასზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული. ასევე გვყავს მეგობარი ჯგუფები, რომლებიც ჩვენს ონფორმაციებს ავრცელებენ. ხშირად ოჯახში დასაქმებული ქალების კომპიუტერული და ონლაინ უნარები ძალიან დაბალია და ხშირად ვერ ახერხებენ გაწევრიანდნენ ჩვენს ფეისბუქჯგუფში, რომ ინფორმაციები მიიღონ.

ასევე გვაქვს იურიდიული დახმარება. იყო რამდენიმე შემთხვევა, როცა დამსაქმებელმა ოჯახმა კუთვნილი ანაზღაურება არ გადაუხადა, ისე გაათავისუფლა დასაქმებული. ჩვენს ხელშეკრულებაში არათუ ბოლო თვის ანაზღაურება, კომპენსაციაც კი გავითვალისწინეთ იმ შემთხვევისთვის, დამსაქმებელი დასაქმებულს ერთი თვით ადრე გაფრთხილების გარეშე თუ გაათავისუფლებს. თუ დამსაქმებელი დასაქმებულს გაფრთხილების გარეშე ათავისუფლებს, მაშინ ორი თვის კონპენსაცია უნდა გადაუხადოს. ძალიან კუს ნაბიჯებით მივიწევთ წინ, მაგრამ წინსვლა არის.
ერთი წლის წინ დავაფუძნეთ საოჯახო და ზრუნვის მშრომელების პროფკავშირი და ვცდილობთ, პროფკავშირული საქმიანობა მეტად გავააქტიუროთ, ამ მიმართულებით. ვცდილოთ ამ თემის ადვოკატირებას, ვხვდებით სამოქალაქო ორგანიზაციებს, პროფკავშირებს, მედიას, სახელმწიფო სამსახურების წარმომადგენლებს. შეხვედრებზე ვაცნობთ ოჯახში დასაქმებულების მდგომარეობას. ჩავატარეთ რამდენიმე კვლევა. კვლევებმა აჩვენა, რომ საოჯახო შრომაში ჩართული ადამიანების ფინანსური მდგრადობა ძალიან დაბალია და თუ მათი შრომა ფორმალიზდება, მათ მოუწევთ გადასახადების გადახდა, რისთვისაც ჯერ მზად არ არიან.
ვიცით, რომ სახელმწიფო ამ შრომის ფორმალიზაციით დაინტერესებულია. ამ საკითხებთან დაკავშირებით ჰქონდათ კომუნიკაცია გაეროსთან. თუმცა, ჩვენს ქვეყანაში დღევანდელი პროცესების ფონზე, – როგორც გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენლებისგან ვიცით, – არ აქვთ მწყობრი თანამშრომლობა; რაღაც სტატეგიისკენ რომ მივდიოდეთ, – ასეთი პროცესი, ჯერჯერობით, არ მიმდინარეობს.
თამთა გოგოლაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
კოორდინატორი ქალების საქმიანობა გენდერული ძალადობის სპეციფიური ფორმაა
„ხელფასი რომ მაღალი იყოს, ქალს ვინ შეახედებს ბიბლიოთეკაში“?!
ძიძა, ოჯახის დამხმარე, მზარეული, რეპეტიტორი, მოხუცის მომვლელი, პერსონალური ასისტენტი, მძღოლები – ყველა ამ „პროფესიას“ ტერმინი „საოჯახო მშრომელები“ აერთიანებს. საქართველოში საოჯახო […]
ევროკავშირმა და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) გამოაცხადეს სასკოლო კონკურსი,
ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში ბუნებრივი აირის მოწოდება,
დღეს, 29 აპრილს, ფესტივალის – „გაზაფხულის ხარაგაული 2026“-ის ფარგლებში, ხარაგაულში
ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში მიმდინარეობს საქართველოს