

ეუთოს 24-მა ქვეყანამ საქართველოს მიმართ „მოსკოვის მექანიზმი“ აამოქმედა. „მოსკოვის მექანიზმი“წარმოადგენს ადამიანის უფლებების სფეროში ნდობისა და უშიშროების განმტკიცების ზომების შესახებ შეთანხმებებს, რომლებიც ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის კონფერენციის მონაწილე სახელწიფოების მიერ 1991 წელს მოსკოვის შეხვედრაზე დამტკიცდა.
მოსკოვის მექანიზმი ეუთოს წევრმა 24-მა ქვეყანამ საქართველოში ადამიანის უფლებების დარღვევების შესასწავლად 2026 წლის 29 იანვარს აამოქმედა – შეიქმნა ექსპერტებით დაკომპლექტებული ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი მისია, რომელმაც ვითარება შეისწავლა და გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.
გთავაზობთ 24 ქვეყნის განცხადებას, რომელიც ეუთოში ბრიტანეთის წარმომადგენელმა 12 მარტს ვენაში წაიკითხა:
„ამ განცხადებას ვაკეთებ იმ მონაწილე სახელმწიფოების სახელით, რომლებმაც ერთობლივად აამოქმედეს ეუთოს მოსკოვის მექანიზმის მე-12 პარაგრაფი საქართველოს მიმართ: ავსტრია, ალბანეთი, ბელგია, კანადა, ჩეხეთი, დანია, ესტონეთი, ფინეთი, გერმანია, ისლანდია, ირლანდია, ლატვია, ლიხტენშტაინი, ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მოლდოვა, მონტენეგრო, ნიდერლანდები, ნორვეგია, სლოვენია, შვედეთი, უკრაინა და გაერთიანებული სამეფო, ასევე – პოლონეთის სახელით.
მადლობას ვუხდით პროფესორ პატრიცია გჟებიკს, მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში ერთპიროვნულ მომხსენებელს, მისი მკაცრი, დამოუკიდებელი და პროფესიული მუშაობისთვის და იმ ყოვლისმომცველი ანგარიშისთვის, რომელიც დღეს წარედგინა მონაწილე სახელმწიფოებს. ანგარიში გვთავაზობს 2024 წლის გაზაფხულიდან მოყოლებული, საქართველოში განვითარებული მოვლენების დეტალურ და სარწმუნო შეფასებას და მკაფიო რეკომენდაციებით მიმართავს საქართველოს ხელისუფლებას, მონაწილე სახელმწიფოებსა და ფართო საერთაშორისო თანამეგობრობას.
ამავდროულად, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ხელი შეეწყო მომხსენებლის ქვეყანაში ვიზიტისთვის და სამთავრობო ინსტიტუტებთან მაღალი დონის შეხვედრების ორგანიზებისთვის. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გააგრძელოს ეს ჩართულობა და მომხსენებლის მიგნებები განიხილოს როგორც კონსტრუქციული დიალოგისა და რეფორმების საფუძველი.
ასევე, გვსურს გამოვხატოთ ღრმა მადლიერება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების წევრების, ჟურნალისტების, უფლებადამცველებისა და სხვა პირების მიმართ, რომლებიც თანამშრომლობდნენ მომხსენებელთან. მათი მზადყოფნა, წარედგინათ ჩვენებები და დოკუმენტაცია, გადამწყვეტი იყო ამ ანგარიშის კეთილსინდისიერებისა და სიღრმისთვის. მათი წვლილი ხაზს უსვამს სამოქალაქო საზოგადოების სასიცოცხლო როლს ნებისმიერ დემოკრატიულ საზოგადოებაში და იმ გარემოს უზრუნველყოფის მნიშვნელობას, სადაც მათ თავისუფლად და უსაფრთხოდ მუშაობა შეეძლებათ.
მომხსენებლის მთავარი მიგნება ცალსახაა. როგორც ანგარიშშია ნათქვამი: „მანდატით მოცულ პერიოდში საქართველოში ადგილი ჰქონდა მკვეთრ დემოკრატიულ უკან დახევას“. ანგარიში ავლენს მომიტინგეების, პოლიტიკური ოპონენტებისა და ჟურნალისტების წინააღმდეგ ძალადობისა და სხვა ბოროტმოქმედების სისტემურ ხასიათს, რასაც მომხსენებელი აღწერს როგორც „დამნაშავეთა თითქმის სრულ დაუსჯელობას“. გარდა ამისა, ნათქვამია, რომ ზოგიერთ შემთხვევაში დაკავებულთა მიმართ მოპყრობამ „სავარაუდოდ მიაღწია წამების ზღვარს“, ხოლო არასათანადო მოპყრობის ბრალდებებზე გამოძიება არაეფექტური იყო.
განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს დასკვნა, რომ საკანონმდებლო ცვლილებებმა სისტემატურად შეზღუდა ადამიანის უფლებები და ძირითადი თავისუფლებები. ანგარიში ადგენს, რომ ე.წ. „უცხოური გავლენის“ წინააღმდეგ მიმართულმა კანონებმა, მედიასთან, შეკრებებთან და პოლიტიკურ მონაწილეობასთან დაკავშირებულ ცვლილებებთან ერთად, გაუმართლებლად შეზღუდა გამოხატვის, გაერთიანებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და მსუსხავი ეფექტი იქონია სამოქალაქო საზოგადოებასა და დამოუკიდებელ მედიაზე.
მომხსენებელი დამატებით აფრთხილებს: „მთავარი ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა საფრთხეს უქმნის პოლიტიკური პლურალიზმის არსებობას“. ეს მოვლენები ერთობლიობაში ძირს უთხრის ადამიანის უფლებებს, ძირითად თავისუფლებებსა და კანონის უზენაესობას, რომელთა დაცვის ვალდებულებაც აიღო საქართველომ, როგორც ეუთოს მონაწილე სახელმწიფომ.
მომხსენებელი აღნიშნავს, რომ მან ეს მოვლენები შეაფასა საქართველოს უსაფრთხოების ფართო კონტექსტის გათვალისწინებით, რაც მოიცავს რუსეთის მუდმივ სამხედრო ყოფნას საქართველოს ოკუპირებულ სეპარატისტულ რეგიონებში – აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.
ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს, აღმოფხვრას დემოკრატიული უკან დახევა და სრულად განახორციელოს მოსკოვის მექანიზმის რეკომენდაციები. დღეს განსაკუთრებით გვსურს, ხაზი გავუსვათ შემდეგ ნაბიჯებს:
პირველი: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს სამართალდამცავი ორგანოების მოქმედება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და ჩაატაროს სწრაფი, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიება წამებისა და არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდებაზე, დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის დაყენებით.
მეორე: საქართველომ უნდა გააუქმოს ან ფუნდამენტურად გადახედოს კანონმდებლობას, რომელიც შეუსაბამოა მის საერთაშორისო ვალდებულებებთან ადამიანის უფლებების სფეროში. მათ შორის, კანონები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის“ შესახებ და მათთან დაკავშირებული ცვლილებები, რომლებიც ეხება გრანტებს, მაუწყებლობასა და პოლიტიკურ მონაწილეობას. როგორც მომხსენებელი აღნიშნავს, ეს კანონები მხოლოდ მცირე ცვლილებებით შესაბამისობაში ვერ მოვა. ამ პროცესში მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, აღადგინოს თანამშრომლობა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისთან (ODIHR) და ვენეციის კომისიასთან და სრულად შეასრულოს მათი რეკომენდაციები.
მესამე: ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს პოლიტიკური ოპონენტების, ჟურნალისტებისა და საჯარო დებატების სხვა მონაწილეების თვითნებური დაკავებისა და დევნისგან, გააუქმოს თვითნებურად წარდგენილი ბრალდებები და გაათავისუფლოს პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ყველა პირი.
მეოთხე: საქართველომ უნდა შეაჩეროს ძალისხმევა ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ, გამოიხმოს ამ კუთხით წარდგენილი სარჩელები და უზრუნველყოს პოლიტიკური პლურალიზმის სრული პატივისცემა.
მეხუთე: ანგარიში ხაზს უსვამს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის აღდგენის აუცილებლობას სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერების, სამართლიანი სასამართლოს გარანტიების უზრუნველყოფისა და ისეთი ინსტიტუტების რეფორმირების გზით, როგორიცაა იუსტიციის უმაღლესი საბჭო – ეუთოსა და ვენეციის კომისიის ხანგრძლივი რეკომენდაციების შესაბამისად.
მოსკოვის მექანიზმი არსებობს მონაწილე სახელმწიფოების დასახმარებლად ადამიანური განზომილების საერთო ვალდებულებების დაცვაში. ჩვენ, როგორც ინიციატორი სახელმწიფოები, მზად ვართ მხარი დავუჭიროთ შედეგზე ორიენტირებულ შემდგომ ნაბიჯებს, მათ შორის მუდმივმოქმედ საბჭოში დისკუსიების გაგრძელებით, საქართველოს ხელისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოებასთან თანამშრომლობით, ასევე საერთაშორისო თანამეგობრობისა და ეუთოს წევრი ქვეყნებისადმი მიმართული რეკომენდაციების სერიოზული განხილვით“, – აღნიშნულია ეუთოს 24 წევრი ქვეყნის განცხადებაში.
2026 პირველი ივლისიდან კვების ობიექტებს ეკრძალებათ მომხმარებლებისთვის პლასტმასის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში – საღანძილესა
ღვერკსა და ხემაღალში მეწყერისგან დაზარალებულმა მოსახლეობამ თბილისის საქალაქო
2026 წლის განმავლობაში, სკოლებში ინფრასტრუქტურული
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ღვერკსა და ხემაღალში