ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლების მაცხოვრებელთა უმრავლეობას, უმუშევრობა, უგზოობა და უწყლობა, პირველად სამედიცინო მომსახურებაზე ხელმიუწვდომლობა აწუხებს. ინფრასტრუქტურული პრობლემები ეტაპობრივად გვარდება. თუმცა, მოსახლეობა დროულ და ადექვატურ რეაგირებას ითხოვს.

ამჯერად ხევის თემის სოფლების მოსახლეობას შევხვდით და მათ პრობლემებს გავეცანით.

ხევის თემში ოთხი სოფელია – ხევი, წაქვა, გრიგალათი და ციცქიური.

სოფელ ხევის ადმინისტრაციულ ცენტრში, მესამე წელია, საბავშვო ბაღი და საექიმო ამბულატორია შენდება. ხეველები დაუმთავრებელი მშენებლობების გამო უკმაყოფილებას გამოთქვამენ.

ნათელა გელაშვილი: – ხევში ამბულატორიისა და საბავშვო ბაღის მშენებლობის დასრულებას აღარ დაადგა საშველი. ხუთი წელია, ბავშვებიც წვალობენ და ამ ბაღის თანამშრომლებიც. ბაღი ხან ნაქირავებ ბინაში იყო, ხან – სკოლაში – სასკოლო მზაობის ჯგუფში. იქაც მხოლოდ 5-6 წლის ბავშვებს იღებდნენ. ამ ხუთ წელიწადში ხეველი ბავშვები ისე დაიზარდნენ, საბავშვო ბაღში შესვლას ვერ ეღირსნენ.

ინფრასტრუქტურის მინისტრს, რევაზ სოხაძეს მივწერე ამის შესახებ და გასულ წელს ხევში ჩამოვიდა. ავტობანის მშენებელი ჩინური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა და მათ ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა. მას შემდეგ ჩინურმა კომპანიამ ხევში ავტობანზე ასასვლელი კიბე მოაწყო, სოფლის შიდა გზა დააგო.

თუმცა, ბაღისა და ამბულატორიის მშენებლობის საქმე ვერ გამოსწორდა. მინისტრი ხომ არ ივლის ყოველდღე ამ სოფელში?! თავისი საქმე ყველამ პასუხისმგებლობით უნდა შეასრულოს.

ნორმალურ სამედიცინო მომსახურებას ვერ ვიღებთ. საექიმო ამბულატორია კერძო სახლშია განთავსებული. სამედიცინო მანიპულაციის ოთახი ცალკე უნდა იყოს. მე მედიცინის მუშაკი ვარ და ეს საკითხი ვიცი. იმ შენობაში გათბობა არ აქვთ. სამედიცინო პერსონალიც გაწვალდა და პაციენტებიც.

თემურ შუბითიძე: – ხევში ახალგაზრდებისთვის თავშეყრის ადგილი და სპორტული მოედანი რომ მოეწყოს, კარგი იქნება. ხევში, ზამკიშვილების უბანში გზის 300-მეტრიანი მონაკვეთია მოსაბეტონებელი. ეს გზა ავტობანის მშენებელს უნდა გაეკეთებინა. თუმცა, წავიდნენ და მიატოვეს.

ხევის თემის სოფლებიდან მიგრაციამ იმატა. ამის მიზეზი ისაა, რომ სამუშაო ადგილები არ არის. მიწა წლიდან წლამდე სამყოფ მოსავალს ვერ იძლევა. ორი ძროხა ოჯახის სარჩენად არასაკმარისია. მშრომელ ოჯახებს მარწყვი და ჟოლო მოჰყავთ და ყიდიან. თუმცა, ეს სეზონურია.

ნუნუ ლომიძე: – წაქვაში ცენტრალური გზა მობეტონდა, თუმცა, არასრულყოფილად – 20-მეტრიანი მონაკვეთი დარჩა დაგებულ გზებს შორის მოსაბეტონებელი. ამის გამო წაქველები უკმაყოფილებას გამოვთქვამთ. წყალმომარაგება ყველა უბანში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოწესრიგდა.

40 წელია, ხევის სკოლაში ვმუშაობ და სკოლას სრული რეაბილიტაცია არ ეღირსა – ხან ფანჯრებს გამოცვლიან, მერე კარებებს, მერე იატაკს. სკოლა ისევ შეშის ღუმელებით თბება. გათბობის ქვაბი რამდენჯერმე შეაკეთეს, თუმცა, უშედეგოდ.

რაიბულ კურტანიძე: – წაქვაში სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორია მოსაბეტონებელია. მეორე უბანში გარე განათებაა მოსაწყობი. სკოლაში მოსწავლეთა რაოდენობა წლიდან წლამდე მცირდება. მიგრაციის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ რიკოთის ავტობანის მშენებლობისას განსახლებაში მოხვედრილმა ოჯახებმა კომპენსაცია მიიღეს და საცხოვრებლად ქალაქებში წავიდნენ.

თამუნა ნოზაძე: – გრიგალათში ინფრასტრუქტურული პრობლემები ნაკლებადაა. ერთ უბანში გარე განათების მოწყობას ვითხოვთ და წელს ეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გაკეთდება.

ბონდო ტაბატაძე: – ხევში, ზედა უბანში, 150 მ სიგრძის გზა ისეა ამორტიზებული, ვერანაირი ტრანსპორტი ვერ ამოდის. ჩვენს უბანში ცხრა ოჯახი ვცხოვრობთ. პროდუქტების ხელით ატანა ამხელა გზაზე ძნელია. გზა ისეთ საშინელ მდგომარეობაშია, შეიძლება მანქანა გადავარდეს და უბედურება დატრიალდეს. ამ უბნიდან ბავშვები დადიან სკოლაში და ნორმალურ გზამდე სანამ ჩავლენ, ძალიან წვალობენ.

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით სოფელმა სასაფლაოს შემოღობვა მოითხოვა. თუმცა, ამ გზის გაკეთებაც ძალიან საშურია. ვითხოვთ, რომ დროებით მოიხრეშოს, სანამ ბეტონს დააგებენ. ათას ლარზე მეტი არ დასჭირდება ამ გზის დროებით შეკეთებას. ხშირად „ლაფატკით“ გამოვდივარ და ვასწორებ, მაგრამ ასე პრობლემა არ გვარდება.

გულნარა ტაბატაძე: – ხევში, წისქვილის უბანში გარე განათებისა და წყლის პრობლემაა. არც წისქვილი მუშაობს. ჩემი შვილი ბალონებით ეზიდება სახლში წყალს.

ბონდო ტაბატაძე: – წისქვილის უბანში არც გზა გვაქვს, არც წყალი. ორი კილომეტრი სიგრძის მილები გვინდა, მხოლოდ ისეთი, სასმელი წყლისთვის რომ გამოვიყენოთ. 500 მ სიგრძის მილი შეგვიძინეს შარშან, მაგრამ ის სასმელი წყლისთვის არ გამოდგება. ოჯახში წყალი ნახევარი კილომეტრი მანძილიდან ხელით მომაქვს.

ხევის სკოლის დირექტორი გვანცა ხადილაშვილი სკოლის საჭიროებებსა და მიგრაციაზე საუბრობს: – სკოლას სრული რეაბილიტაცია ესაჭიროება. ამჟამად ჩვენს სკოლაში 106 მოსწავლეა, მაგრამ ძალიან ცუდი მომავალი გვაქვს, უიმედო. 2026 წელს სკოლას 10 მოსწავლე დაამთავრებს და პირველ კლასში 4 მოსწავლე შემოვა. მომავალ, 2027 წელს, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასები ერთად დაასრულებენ სკოლას და ხუთი მოსწავლე შემოვა. შობადობა ძალიან დაბალია და ახალგაზრდა ოჯახები სოფელს ტოვებენ.

ხევში მერის წარმომადგენელი ზურაბ ხაჩიძეც მიგრაციაზე წუხს: პრობლემა არის დასაქმება, როცა ხალხი იყო დასაქმებული რიკოთის ავტობანის მშენებლობაზე, კარგად ვიყავით, ახლა ოჯახები სოფლებს ტოვებენ და საცხოვრებლად ქალაქში გადადიან. სოფელ წაქვადან, 2026 წელს, სამი ახალგაზრდა ოჯახი უკვე წავიდა. პატარა ბავშვები ჰყავთ. რა ქნან, სოფელში ერთი სკოლა, ბაღია და რესტორანია, სადაც დასაქმება შეიძლება, მეტი არაფერი.

ნინო კაპანაძე