

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უფასო სასადილოს პროგრამას 2009 წლიდან ახორციელებს.
ამ პროგრამის მიზანია, დაბა ხარაგაულში მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული სოციალურად დაუცველი მოხუცების, შშმ პირების, მრავალშვილიანი ოჯახების ცხელი სადილით უზრუნველყოფა, კვირაში ექვსი დღის განმავლობაში, ერთჯერადად.
ამავე პროგრამის ფარგლებში ოთხ ტერიტორიულ ერთეულში – საღანძილეში, ბაზალეთში, ფარცხნალსა და ლაშეში შეჭირვებულ ოჯახებს კვირაში ორჯერ, – სამშაბათსა და ხუთშაბათს, – გამზადებულ ცხელ საკვებს აწვდიან.
უფასო სასადილოს პროგრამით, მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში მოქალაქეებს, – მათგან მიმართვის შემთხვევაში, – მშრალ საკვებ პროდუქტებს უგზავნიან.
უფასო სასადილოს პროგრამას ხარაგაულში თვითმმართველობისგან დაფუძნებული „სათნოების სახლი“ ახორციელებს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან „სათნოების სახლის“ დასაფინანსებლად 2026 წელს 337 300 ლარი გამოიყო.
– წელს, გასული წლის მსგავსად, 160 ბენეფიციარს ვემსახურებით, – ამბობს „სათნოების სახლის“ დირექტორი თამარ შავიძე, – ოჯახების წარმომადგენლები თავად მოდიან და ცხელი სადილი შინ მიაქვთ.
დაბა ხარაგაულში მცხოვრებ 20 ოჯახს ცხელ კერძებს, ყოველდღიურად, ჩვენი თანამშრომელი აწვდის. საღანძილეში, ბაზალეთში, ფარცხნალსა და ლაშეში, კვირაში ორი დღე ჩვენთან მომზადებული სადილი 48 ოჯახში მიგვაქვს. სადღესასწაულო დღეებში, სააღდგომოდ და საახალწლოდ 160-ვე ოჯახს დამატებით განსხვავებულ მენიუს ვთავაზობთ.
2026 წლისთვის განსაკუთრებულ სიახლეებს არ ვგეგმავთ. მშრალი საჭმელების შესასყიდად 2025 წელს 10 ათასი ლარი გვქონდა, წელს – 20 ათასი ლარი დავგეგმეთ.
ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიიდან 164 000 ლარი 12 თანამშრომლის სახელფასო ანაზღაურებისთვისაა განსაზღვრული, კვების ხარჯი – 134 500 ლარია.
2025 წელს, სურსათის ეროვნული სააგენტოს რეკომენდაციით, გავარემონტეთ სამზარეულო, სასადილო და საწყობი. ამ მიზნით 9 915 ლარი დაიხარჯა. შეიცვალა იატაკის ფილები, ხის თაროების ნაცვლად უჟანგავი თაროები შევიძინეთ.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, ხარაგაულის „სათნოების სახლში“ სოციალურად დაუცველი 11 პირი იყო დასაქმებული. ეს ძალიან კარგი იყო, რადგან სამზარეულოში დახმარების გარდა, მათ ცხელი სადილი ოჯახებშიც მიჰქონდათ. ახლა სოციალურად დაუცველთა დასაქმების სახელმწიფო პროგრამა გაუქმდა და ოჯახებში საკვები ჩვენს ერთ თანამშრომელს მიაქვს.
ბიუჯეტიდან მეტი დაფინანსების შემთხვევაში, მშრალ საკვებ პროდუქტებს უფრო მეტ ადამიანს მივაწვდით. ამ ეტაპზე, ზონალურად, უფასო სასადილოების გახსნა ძნელად წარმომიდგენია. ეს დიდ დანახარჯებს მოითხოვს – საჭირო შენობის მოძებნით დაწყებული, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმებით დამთავრებული. მნიშვნელოვანია ისიც, რამდენად სწორად და წესების დაცვით მიაწვდიან ოჯახებს გამზადებულ საჭმელს.
მშრალი საკვების მიღების მსურველმა ოჯახმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის სახელზე განცხადება უნდა დაწეროს. ამ განცხადებას ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის შუამდგომლობა უნდა ახლდეს.
ხორცისა და თევზის გარდა, ასეთ ოჯახებში, ყველა საჭირო მშრალ საკვებთან ერთად (ზეთი, პურის ფქვილი, შაქარი, მარილი, ბურღულეული, ლობიო, შედედებული რძე, ტკბილეული, კვერცხი) ჰიგიენის საშუალებებსაც ვაწვდით.
მეოთხე წელია, „სათნოების სახლის“ ბაზაზე სოციალური სამრეცხაო ფუნქციონირებს. ეს სამრეცხაო და „სათნოების სახლი“ მზის ელექტროსადგურით ვსარგებლობთ და ამით ძალიან კმაყოფილები ვართ, – 2025 წელს ელექტროენერგიის საფასური, ფაქტობრივად, არ გადაგვიხდია.
სოციალური სამრეცხაო და მზის ელექტროსადგური ორგანიზაციის „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ (დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე) პროექტით მოეწყო.
გასულ წლებში ხარაგაულის თვითმმართველობაში „სათნოების სახლის“ მომსახურების ტენდერით შესყიდვაზე საუბრობდნენ. ტენდერით დაიზოგებოდა თანხა და მიმწოდებლებს შორის კონკურენციის პირობებში გაიზრდებოდა მომსახურების ხარისხი.
გეგმავენ თუ არა ამ მიმართულებით ცვლილებას, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს მივმართეთ.
„ამ ეტაპზე, მომსახურების არეალის გაზრდას ვფიქრობთ, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – გვინდა, რომ ამ პროგრამაში ჩავრთოთ ყველა ის ოჯახი, რომელიც უფასო სასადილოს მომსახურებას საჭიროებს. თუმცა, ჩვენი საბოლოო მიზანია, ნაკლები სოციალურად დაუცველი მოქალაქე გვყავდეს.
„სათნოების სახლის“ მომსახურება სპეციფიკურია, ეს არ არის მხოლოდ მზა საჭმელის მიწოდება ოჯახებისთვის. ამ ორგანიზაციაში დასაქმებულმა ადამიანებმა ყველა ოჯახის საჭიროებები იციან და მათ წინაშე პასუხისმგებლობებსაც გრძნობენ.
ამ ფორმით, როგორც დღეს გვაქვს, „სათნოების სახლის“ საქმიანობა, ეფექტურად მიმაჩნია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა ფორმით ოჯახებისთვის კვების მომსახურებას ვეწინააღმდეგები. მზად ვართ იმ წინადადებების მისაღებად, რაც უფასო სასადილოს მომსახურების არეალსა და ხარისხს გაზრდის“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.
ნინო კაპანაძე
ექვსი თვის წინ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელს ხევის საექიმო ამბულატორიაში
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ განიხილა მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობა უფასო სასადილოს პროგრამას 2009 წლიდან ახორციელებს. ამ პროგრამის მიზანია, დაბა ხარაგაულში მცხოვრები უკიდურესად შეჭირვებული სოციალურად დაუცველი მოხუცების, […]
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2025 წელს
საგამონაკლისო წესით, ერთჯერადად, 2026-2027 სასწავლო წელს პირველ კლასში