28 თებერვალს, დილით, ისრაელმა ირანის დედაქალაქ თეირანზე „პრევენციული“ საჰაერო იერიში მიიტანა. ისრაელის თავდაცვის მინისტრის, ისრაელ კაცის განაცხადებით, სამხედრო ოპერაციის მიზანი საფრთხეების აღმოფხვრა იყო.

ამ სამხედრო ოპერაციამ მკვეთრად გაამწვავა დაძაბულობა და შეამცირა თეირანსა და ვაშინგტონს შორის ირანის ბირთვული პროგრამის ირგვლივ დიპლომატიური მოგვარების იმედები. ტრამპმა განაცხადა, რომ „აშშ-მა ირანში მასშტაბური სამხედრო ოპერაცია დაიწყო“.

რა ვიცით ამ დროისთვის? (თბილისის დროით 21:00 სთ.)

ვაშინგტონიდან ჟურნალისტი ნანა საჯაია ავრცელებს შემდეგ ინფორმაციას:

სამხედრო წყაროები NEWSMAX-ს ეუბნებიან, რომ ოპერაციის ფარგლებში იერიში მიიტანეს 80-მდე ობიექტზე;

იგივე წყაროების თქმით, შეერთებულმა შტატებმა რეგიონული საბრძოლო ოპერაციის შესაძლებლობების მხოლოდ მცირედი ნაწილი, დაახლოებით 1/25 გამოიყენა;

თავდასხმების სამიზნე იყო როგორც სახმელეთო ობიექტები, ასევე მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა და საზღვაო ფლოტი;

სამიზნეებს შორის იყო მიწისქვეშა ობიექტები, რომლებსაც აიათოლა და ირანის სხვა ლიდერები იყენებდნენ;

განადგურებულია აიათოლას მიწისქვეშა თავშესაფარი, უცნობია იმყოფებოდა თუ არა იქ აიათოლა თავდასხმის დროს;

სამიზნეების სიაში ასევე იყო – ირანის თავდაცვის სამინისტრო, პარლამენტი, დაზვერვის სამინისტრო, ატომური ენერგიის სააგენტო.

ოპერაციას ამერიკა და ისრაელი რამდენი თვის განმავლობაში გეგმავდნენ;

ევროპელი ლიდერები ოპერაციაში ჩართულები არ ყოფილან;

ოპერაცია, ამერიკის დროით, ღამის პირველ საათზე დაიწყო.