დღეს, 4 თებერვალს, ხარაგაულის „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა თანამშრომლებს 2025 წელს გაწული მუშაობის ანგარიში და 2026 წლის სამუშაო პროგრამა წარუდგინა.

ეს ცენტრი საბიბლიოთეკო გაერთიანებას, მუზეუმს, ლიტერატურულ თეატრს, კულტურისა და ტურიზმის ცენტრებს აერთიანებს.

ბიბლიოთეკასთან მოქმედებს ინოვაციების ცენტრი; ხოლო კულტურის ცენტრი აერთიანებს ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრს, თოჯინების თეატრს, ქორეოგრაფიულ ანსამბლებს – „უბისი“ და „მთიელი“, ხალხური და საესტრადო სიმღერის ანსამბლებს, „ხარაგაულის კვარტეტს“.

პროგრამის წარდგენის შემდეგ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა მერიისგან მადლობის სიგელები გადასცა „კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის“ რამდენიმე თანამშრომელს კულტურის სხვადასხვა სფეროს განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ:

ლიანა ჩაჩანიძე – ხიდრის სასოფლო ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარი – მრავალწლიანი შრომისთვის, საქმისადმი ერთგულების, ბიბლიოთეკის დაცვასა და შენარჩუნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;

ეთერი ვეფხვაძე – ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის უფროსი მცველი – ფონდის დაცვისა და გავითარების საქმეში გამოჩენილი პასუხისმგებლობისა და მაღალი პროფესიონალიზმისათვის;

ვასილ კიკნაძე – ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობი – ხარაგაულის კულტურულ ცხოვრებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის;

იზა ვეფხვაძე – ლიტერატურული თეატრის რეჟისორი და მსახიობი – წლის საუკეთესო პროექტის „როცა ერთმანეთს ვჭირდებით“ განხორციელებისა და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინიციატივებისათვის;

ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები – ქორეოგრაფიულ ანსამბლ „უბისის“ ხელმძღვანელები და რომან ბუაჩიძე – ქორეოგრაფიულ ანსამბლ „მთიელის“ ხელმძღვანელი – ქორეოგრაფიული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისა და პროფესიონალიზმისთვის;

ლია ჯანიაშვილი – ხარაგაულის კვარტეტის მომღერალი – წლის ანსამბლის ტიტულისთვის, მუსიკალური ხელოვნების პოპულარიზაციისა და მაღალი საშემსრულებლო ოსტატობისთვის.