ახალგაზრდების მიგრაცია ქალაქებში, მოსახლეობის დაბერება, უმუშევრობა – ეს ბაზალეთის თემის სოფლების უმთავრესი პრობლემებია. ბაზალეთის თემის ოთხ სოფელში – ბაზალეთში, ქროლში, ღარიხევსა და წიფში 238 ოჯახი ცხოვრობს. მათგან 33 ოჯახი სოციალურად დაუცველის ფულად დახმარებას იღებს, 18 ოჯახი ხარაგაულის „სათნოების სახლის“ ბენეფიციარია და კვირაში ორჯერ გამზადებული სადილი მათთან სახლებში მიაქვთ.

ბაზალეთის თემის სოფლებში ინფრასტრუქტურა მეტ-ნაკლებად მოწესრიგებულია. ოთხივე სოფელი გაზიფიცირებულია. სოფელ ქროლში როგორც ცენტრალური, ისე საუბნო გზები მობეტონებულია და გარე განათებაც დამონტაჟებულია. ქროლელები არც უწყლობას უჩივიან.

„წლების განმავლობაში  წყლის პრობლემას „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილი თანხებით ვაგვარებდით, – ამბობს ბაზალეთის თემში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი თამაზ ჭიპაშვილი, – უბნებისთვის და ცალკეული ოჯახებისთვის ვყიდულობდით წყლის მილებს, ავზებს; სათავე ნაგებობის მოსაწყობად – ცემენტსა და სხვა საჭირო სამშენებლო მასალებს. ასე რომ, წყალმომარაგების პრობლემა ოთხივე სოფელში, ფაქტობრივად, გადაჭრილია.

მოსახლეობა, ძირითადად, ერთჯერადი ფულადი დახმარებისა და სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსებისთვის მოგვმართავს. ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ჩვენი მიმართვის საფუძველზე, ყველას საჭიროების მიხედვით ეხმარებიან.

სოციალურად დაუცველთა დასაქმების ოთხწლიანი პროგრამა კარგი იყო. მისი გაუქმების გამო, ამ პროგრამით გასულ წლებში დასაქმებულებს გული წყდებათ. თუმცა, ეს ადამიანები არსად წასულან. სასაფლაოებისა და გზების მოწესრიგება საერთო საქმეა. ამიტომ, როცა საჭირო იქნება, მეც მათ გვერდით დავდგები და გარემოს იერსახეს მოუწესრიგებელს არ დავტოვებთ.

მეორე წელია, ბაზალეთის თემის ადმინისტრაციას გვაქვს საკუთარი შენობა, რომელიც „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილი თანხით აშენდა. ამავე შენობაშია ბიბლიოთეკაც. მოწესრიგებულია საექიმო ამბულატორია. სოფლის ექიმი, ქეთევან აბრამიშვილი, კვირაში სამჯერ მოდის; ექთანი მარინა ცუცქირიძე, თითქმის ყოველდღე აქაა. კარგი თანამშრომლები მყავს – თამარ ჭყოიძე და ირაკლი ჭიპაშვილი. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საქმიანობაში მხარს გვიჭერენ“.

 

სანამ სკოლა იქნება, სოფელიც იცოცხლებს

ბაზალეთში არასრული საშუალო სკოლა ფუნქციონირებს. სკოლაში სულ 24 მოსწავლეა. დაწყებითი სკოლა ფუნქციონირებდა სოფელ ღარიხევში და იმის გამო, რომ მოსწავლეები აღარ ჰყავდათ, სამი წლის წინ გაუქმდა.

„ღარიხევში არც ერთი ახალგაზრდა ოჯახი აღარაა, – ამბობს ბაზალეთის საჯარო სკოლის დირექტორი იზოლდა ოკრიბელაშვილი, – ოთხი მოსწავლე დადის წიფიდან, ერთი ღარიხევის „მაღაზიის უბნიდან“, სამი – ქროლიდან, დანარჩენი მოსწავლეები ბაზალეთის მაცხოვრებლები არიან. 46 წელია, ამ სკოლის დირექტორი ვარ და სოფლებში ახალგაზრდა ოჯახების რიცხვი წლიდან წლამდე მცირდება.Bottom of Form სანამ ეს სკოლა იქნება, სოფელიც იცოცხლებს. თუმცა, მოსწავლეთა კონტინგენტი ამის საშუალებას რამდენად მოგვცემს, აღარ ვიცი.

ბაზალეთის სკოლაში მოტივირებული მასწავლებლები ასწავლიან, – კარგად სწავლისა და კარგად სწავლების განწყობით. გვყავს სკოლის ცხოვრებაში აქტიურად ჩართული, მზრუნველი მშობლები.

სკოლას ესაჭიროება მცირე რემონტი, რომლისთვისაც ერთი წელია, შედგენილია ხარჯთაღრიცხვა. იმედია, გაზაფხულზე, სკოლის ასი წლის იუბილეს საზეიმო განწყობით აღვნიშნავთ“.

 

სოფელში ნასახლარები მომრავლდა

რა შეიცვალა უკეთესობისკენ და როგორ ცხოვრობს მოსახლეობა, – ამ შეკითხვით ბაზალეთის თემის სოფლების რამდენიმე მაცხოვრებლებს მივმართეთ.

ინგა გლუნჩაძე, ბაზალეთის რკინიგზის უბნის მცხოვრები: – ჩვენი უბნის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. გზები მობეტონებულია. ნანიტაშვილების საუბნო გზის მცირე ნაწილია მოსაწესრიგებელი და წელს მის მობეტონებასაც გვპირდებიან. გასულ წლებში ჩვენს უბანში ტაქსის მძღოლს, კარგ ამინდშიც კი, წამოსვლა ეზარებოდა, იმდენად ცუდი მდგომარეობა იყო. სოფელში ბუნებრივი აირი გვაქვს და ეს ძალიან კარგია.

ოჯახების უმრავლესობას საკუთარი წყალგაყვანილობის სისტემა აქვს. წყლის მილებიც მოგვცეს, როცა დაგვჭირდა.

ვისურვებდი, რომ ჩვენს უბანში ახალგაზრდების თავშეყრის ადგილი მოეწყოს. ბაზალეთის დეპუტატი ხარაგაულის საკრებულოში – იზა ვეფხვაძე, ჩვენი უბნის მაცხოვრებელია და ვფიქრობ, ყურადღებას მეტად მოგვაქცევს.

ნინო კვირიკაშვილი, ღარიხევის ბრუისის უბნის მცხოვრები: – ჩვენი სოფლის უმთავრესი პრობლემა მიგრაციაა. სოფელს ოჯახები თანდათანობით ტოვებენ ცხოვრების უკეთესი პირობების საძებნელად და უკან აღარ ბრუნდებიან. სოფელში ნასახლარები მომრავლდა. 30 წელია, ბრუისში ვცხოვრობ და მესამე წელია, ჩვენი უბნიდან სკოლაში მოსწავლე აღარ დადის. სოფელში ბეტონის გზაც არის, ბუნებრივი აირიც, გარე განათებაც, მაგრამ ვისთვის?! კაციშვილი არ არის ირგვლივ.

სოფელში თავის რჩენა ძნელია. წლიდან წლამდე სამყოფი მოსავალი რომც მოვიყვანოთ, ფულადი შემოსავალი ხომ გვჭირდება? ახალგაზრდა სოფელში ცხოვრებით პერსპექტივას ვერ ხედავს. ბაზალეთის სკოლა სანამ იქნება, ვიმუშავებ და სოფელში ვიცხოვრებ. ხარაგაულში ერთი ქარხანა, პატარა საწარმო რომ იყოს, თბილისში მშენებლობაზე მძიმე სამუშაოსთვის აღარავინ წავა.

 

რად გვინდა გზა, თუ იქ კაცმა არ გაიარა?

ქროლში ერთადერთი ახალგაზრდა ოჯახია. გიგა შერგელაშვილი დედასთან, მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად ცხოვრობს. მისი სამივე შვილი ბაზალეთის სკოლის მოსწავლეა.

„ძალიან მძიმე სიტუაციაა სოფელში, – ამბობს გიგა შერგელაშვილი, – ჩემნაირ ოჯახებს მეტი მხარდაჭერა, სოფლად მაცხოვრებლებს დასაქმება სჭირდებათ, აქედან რომ არ გაიქცნენ. თვითდასაქმებული ვარ, ხელობაც ვიცი და ფულადი შემოსავალი, ასე თუ ისე, მაქვს. ფიზიკურად ძალიან ბევრს ვშრომობ. ოჯახის სამყოფი მოსავალიც მომყავს და ვყიდი კიდეც. გასულ წელს ორ ტონამდე გოგრა მოვიყვანე. თუმცა, ის, რისი ყიდვაც ბაზარში გვიწევს, დღითიდღე ძვირდება.

ქროლში ჩემს ბავშვობაში 72 ოჯახი იყო. ახლა 18 ოჯახი დავრჩით. უმრავლესობა მოხუცები არიან. ხარაგაულის თითქმის ყველა სოფელში ვარ ნამყოფი და ტირილამდე მივსულვარ, სახლის ჩანგრეულ კიბეებს და გაუკაცურებულ ეზოებს რომ ვხედავ. საფლავის გამჭრელი კაცი აღარ არის სოფელში.

ინფრასტრუქტურის მხრივ სოფელში საუკეთესო მდგომარეობაა, მაგრამ რად გინდა, ამ კარგ გზაზე კაცმა თუ არ იარა?! მოხუცებს, შეშის მოტანისა და ყიდვის თავი რომ არ აქვთ, ძალიან გაუმართლათ, რადგან ბუნებრივი აირით თბებიან. კვირაში ოთხი დღე მუნიციპალური ტრანსპორტი გვემსახურება და ესეც ძალიან კარგია.

სოფლის ხელმძღვანელობას რაც შეუძლია, გვერდით გვიდგანან. ზამთარში გზა არ ჩაკეტილა. მუდმივად წმენდენ თოვლისგან. ისე, კარგი იქნება, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ გამოყოფილი თანხით წელს ტრაქტორს თუ შევიძენთ – მიწის დასამუშავებლადაც გამოვიყენებთ და გზის გასაწმენდადაც.

მიგრაციას ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა მიხედოს. ერთი პროექტი რომ გაკეთდეს, ერთი ქარხანა, აღარ წავიდოდა ახალგაზრდა ქალაქში პურის ფულის საშოვნელად. წლებია, მესმის დაპირება ზვარეს მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნის ამოქმედებაზე; ქროლში თეთრი მიწა რომ გვაქვს, ეს დიდი ბუნებრივი სიმდიდრე, აქ მინის ქარხნის აშენებაზე იყო საუბარი. ჩემს ბავშვობაში მიროწმინდაში ქარხანა უნდა აეგოთ. ვერც ერთი დაპირება ვერ შესრულდა.

ისიც კარგად მახსოვს, ხარაგაულის მერი კობა ლურსმანაშვილი სამასალე ხე-ტყის კანონიერად მოპოვების შესაძლებლობის შესახებ რომ გვპირდებოდა. წლების წინ, ღარიხევში, დეკანოსიძეების უბანში ასვლა მიხაროდა, დასაქმებული იყვნენ ახალგაზრდები, სახერხები ჰქონდათ და მასალას ამზადებდნენ. არც სოციალური დახმარება სჭირდებოდათ. ახლა ის უბანი დაიცალა, რადგან სამასალე ხე-ტყის მოპოვება აკრძალეს. „საქმიანი ეზოები“ რომ უნდა შექმნილიყო, სად არის?! მოგვცენ ხე-ტყის კანონიერად მოპოვების უფლება. ტუალეტის, საღორისა და ბოსლის ასაშენებელი ფიცარი როგორ უნდა იყიდოს კაცმა, როცა თავად ტყეში ცხოვრობს?! ამასწინათ ფიცრის გასასალაშინებლად ზესტაფონში ჩავედი.

სოფელს უნდა დაუდგეს გვერდში ყველა. სათბურის გაკეთება მინდოდა, ყველა სახელმწიფო პროგრამაში დავწერე განაცხადი. ხუთი ბიზნეს პარტნიორი უნდა გყავდესო, მითხრეს. ვერავინ მოვიძიე. ათი ახალგაზრდა მაინც რომ იყოს აქ, გავძლიერდებით, გავიმართებით. ეს სიძლიერე 300-ლარიანი სოციალური დახმარებით ვერ მოვა, თავს ნუ მოვიტყუებთ“.

 

2025 წელს ბაზალეთის თემის ოთხ სოფელში არც ერთი ბავშვი არ დაბადებულა

ხარაგაულის საკრებულოში ბაზალეთის თემის დეპუტატი იზა ვეფხვაძე მოსახლეობის პრობლემებიდან შეუქცევად მიგრაციას გამოყოფს.

„ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ბაზალეთის თემის მაჟორიტარობა, – ამბობს იზა ვეფხვაძე, – რადგან ამ სოფლის მკვიდრი ვარ. თითოეული აქ მცხოვრები ადამიანის მიმართ ბავშვობიდან სიყვარული და პატივისცემა მაკავშირებს. ეს მოტივაციას მიძლიერებს, შესაძლებლობის ფარგლებში, მეტი გავაკეთო.

თამაზ ჭიპაშვილს, ბაზალეთის თემში მერის წარმომადგენელს, ყველა ოჯახის საჭიროება შესწავლილი აქვს. სოფლისთვის მნიშვნელოვანია გზა, რომ ადამიანი თავის სახლამდე უპრობლემოდ მივიდეს. ამ მხრივ ბაზალეთის თემის სოფლებში კარგი მდგომარეობაა. გზების მობეტონება ბაზალეთის თემში 2026 წელს დასრულდება.

ბაზალეთში ერთი ოჯახია, სადაც დედა-შვილი უმძიმეს დღეშია – ორივე მათგანი საწოლსაა მიჯაჭვული. ადმინისტრაციის წარმომადგენლები მათზე, როგორც საკუთარი ოჯახის წევრებზე, ისე ზრუნავენ. ახლახან ეს ოჯახი კომისიამ შეამოწმა და შეაფასა, ველოდებით პასუხს შესაბამისი უწყებიდან, რომ მათ მუდმივი მომვლელი ჰყავდეთ.

ახლახან მივმართე ორგანიზაციას „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“. ბაზალეთის თემში მცხოვრები სოციალურად დაუცველი 12 ოჯახისთვის (სულ 65 ადამიანი) ტანსაცმლის პაკეტები გამოგვიგზავნეს. ამავე ორგანიზაციამ ინგლისური ენის სახელმძღვანელობი და ინგლისურენოვანი მხატვრული ლიტერატურა მოგვაწოდა. ეს წიგნები ბაზალეთის, ხარაგაულის #2 და ხარაგაულის #3 სკოლებს, ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიას გადავეცი.

ვთანამშრომლობ ბაზალეთის სკოლასთან. ვიაქტიურებ, რომ ამ სკოლის ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდეს. უახლოეს ხანში ამ სკოლის ახალგაზრდებს შევხვდები. ვგეგმავ მათთან ერთად ბაზალეთის თემის შესახებ დოკუმენტური ფილმი გადავიღო.

მიგრაციას რაც შეეხება, მუნიციპალიტეტის ცენტრთან ახლოსმდებარე სოფელს მოსახლეობა არ უნდა ტოვებდეს. თუმცა, სამწუხაროდ, ასეა. მე, როგორც მაჟორიტარ დეპუტატს, რაიმე განსაკუთრებული მოსაზრება და გეგმა ამ პრობლემის გადასაჭრელად, არ მაქვს. უნდა იყოს მეტი სამუშაო ადგილი, რომ ახალგაზრდები დაკავდნენ და არ წავიდნენ სოფლიდან. ეს ქვეყნის პრობლემაა. ჩვენი დიდი საწუხარია, რომ სოფლები დაიცალა და ძირითადად, მოხუცები დარჩნენ. 2025 წელს ბაზალეთის თემის ოთხ სოფელში არც ერთი ბავშვი არ დაბადებულა. ეს სერიოზული პრობლემაა.

ბაზალეთის თემის მოსახლეობას ვაცნობებ, რომ ყოველი თვის ბოლო ორშაბათს მათთან ბაზალეთში, ადმინისტრაციულ შენობაში შეხვედრას გავმართავ. მოვისმენ მოსახლეობის საჭიროებებს. მათი ყველა პრობლემის მოსაგვარებლად შეძლებისდაგვარად ვიზრუნებთ“.

ბაზალეთის თემში შემავალი სოფლების მოსახლეობის პრობლემების კვლევისას  შემდეგი ძირითადი საკითხები გამოიკვეთა:

  • ახალგაზრდა ოჯახების სოფლებიდან მასობრივი მიგრაცია;
  • სამასალე მერქანზე მოსახლეობის ხელმიუწვდომლობა;
  • ბაზალეთში დევდარიანების უბნის დასაწყისში, ნანიტაშვილებისა და მესხებისა უბნებში გზების დარჩენილი მონაკვეთის მობეტონება;
  • ღარიხევში თხილოურის უბანში და წიფში გზების დარჩენილი მონაკვეთის რეაბილიტაცია.

ნინო კაპანაძე