

მეწყერისგან დაზარალებული ღვერკისა და ხემაღალის მოსახლეობა ინფორმაციულ ვაკუუმშია. მათ არ იციან, რა ოდენობის თანხით დაეხმარება სახელმწიფო, როგორ განისაზღვრა საკომპენსაციო თანხის ოდენობა და როდის ჩაერიცხებათ თანხა.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი ჩვენს შეკითხვებზე გვპასუხობს, რომ მერიაში შეგროვდა და შესაბამის უწყებებს გადაეცა 113 დაზარალებული ოჯახის მონაცემები და ახლა ფულად კომპენსაციას ელოდებიან. მეწყერით დაზარალებულები, საკომპენსაციო თანხას რა ოდენობით მიიღებენ, ამის შესახებ ვარლამ ჭიპაშვილს ინფორმაცია არ აქვს.
„არავითარ ინფორმაციას არ ვფლობთ და მოლოდინის რეჟიმში ვარ, – ამბობს მეწყერით დაზარალებული მარადი გელაშვილი, – ერთადერთი რაც ვიცით ისაა, რომ თითოეული დაზარალებულის მდგომარეობა ინდივიდუალურად არ შეუსწავლიათ. ამ შემთხვევაში საკომპენსაციო თანხა დიდი იქნებოდა და დოკუმენტებში უნდა ასახულიყო სახლების დანგრევის რეალური მიზეზი, რაც ჩვენი აზრით, სარკინიგზო გვირაბის არასწორად მშენებლობამ განაპირობა.
ველოდებით დოკუმენტს, რის საფუძველზეც კომპენსაციას მოგვცემენ. ჩვენი შემდგომი ნაბიჯები ამაზე იქნება დამოკიდებული. ჭორებით რომ არ ვიმკითხაოთ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა ინფორმაცია უნდა მოგვაწოდონ.
მეწყერი ისეთი ტემპით აღარ მოძრაობს, როგორც ზაფხულში. თუმცა, სახლებზე ბზარები ახლახან შევნიშნეთ იმ ადგილებშიც, რომლებიც გეოლოგებს საშიშ ზონად არ მიუჩნევიათ“.

ღვერკსა და ხემაღალში რვა თვის წინ 68 ჰექტარზე განვითარებული მეწყერი ხარაგაულის მერიისგან დაქირავებულმა შპს „გეოლოჯიქის“ გეოლოგებმა ტოპ-სამეულში შეიყვანეს და შეაფასეს როგორც „ძალიან ღრმა“, „ძალიან მძლავრი“ და „ექსტრემალურად დიდი“.
რა ეტაპზეა დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში ღვერკსა და ხემაღალში მეწყერით დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციის გაცემის საკითხი, – ჩვენს ამ შეკითხვაზე, სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა მარინა მათიაშვილმა წერილობითი მიმართვა მოგვთხოვა. „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია პასუხს მიღებისთანავე გაცნობებთ.
ნინო კაპანაძე
მარადი გელაშვილის ფოტოები, 2025 წლის 20 ნოემბერი
12 დეკემბრის დღის მეორე ნახევრიდან 14 დეკემბრის დილამდე
ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის კინომოყვარულთა წრის მიერ გადაღებული
დღეს, 2 დეკემბერს, „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციაში ფერმერებთან საინფორმაციო
პირველი დეკემბერი შიდსთან ბრძოლის მსოფლიო დღეა. ეს არის დღე, როდესაც
ერთწლიანი უწყვეტი პროტესტი, რაც 2024 წლის 28 ნოემბერს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებაზე