

ქალბატონებო და ბატონებო, მოგესალმებით, მოგიწვიეთ იმისთვის, რომ გაგაცნოთ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიში ევროკავშირის გაფართოების შესახებ საქართველოსთან დაკავშირებით.
ევროკავშირში გაწევრიანება თითოეული ქვეყნის სტრატეგიული და სუვერენული არჩევანია. წევრობაზე განაცხადის შეტანით, თითოეული ქვეყანა იღებს ვალდებულებას, განახორციელოს რეფორმები თავის ინსტიტუტებსა და სამართლებრივ სისტემაში, რომ თანდათანობით ისინი ევროკავშირის ნორმებსა და სტანდარტებთან შესაბამისობაში მოიყვანოს. ასევე, თითოეული ქვეყანა თანხმდება, რომ ევროკომისია ევროკავშირში წევრობისთვის მის მზადყოფნას შეამოწმებს.
ყველა კანდიდატი ქვეყნის – მათ შორის საქართველოს – წინსვლა 2023 წლიდან შეფასებულია ევროკომისიის ყოველწლიურ დოკუმენტში – გაფართოების პაკეტში. ეს პაკეტი, რომელიც ათი კანდიდატი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, გაფართოების შესახებ ანგარიშებისგან შედგება, სულ ახლახან, ბრიუსელში გამოქვეყნდა.
ანგარიში წარმოადგენს ყოვლისმომცველ და ფაქტებზე დაფუძნებულ შეფასებას იმისა, თუ რამდენად წინ წავიდა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადის შეტანის დროს აღებული ვალდებულებების შესრულებაში.
ზოგიერთ თქვენგანს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, თუ რატომ ვამზადებთ ანგარიშს საქართველოზე, როდესაც გაფართოების პროცესი ფაქტობრივად შეჩერებულია, მას შემდეგ, რაც მოვისმინეთ საქართველოს ხელისუფლებისგან, რომ არ აქვს ინტერესი მოადინონ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ინიციირება მომავალი ოტხი წლის განმავლობაში.
მიზეზი ნათელია, გაფართოება არის დამსახურებაზე დაფუძნებული და გარდამქმნელი პროცესი და ყოველწლიური ანგარიში გვაძლევს შესაძლებლობას, შევაფასოთ, თუ რა ეტაპზეა საქართველო თავის ევროპულ გზაზე. ის ასევე კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება, იმ პირობით, რომ ხელისუფლება აუცილებელ ნაბიჯებს გადადგამს.
ჩემთვის, როგორც ევროკავშირის ელჩისთვის საქართველოში, ადვილი არ არის წლევანდელი ანგარიშის წარდგენა. სამწუხაროდ, ანგარიშის დასკვნები გამანადგურებელია საქართველოს ევროპული მისწრაფებებისთვის.
სიმართლე ის არის, რომ საქართველო დღეს ევროკავშირის წევრობისგან უფრო შორს არის, ვიდრე 2023 წელს, როდესაც მას კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.
ბოლო წლის განმავლობაში საქართველოში უკუსვლის საერთო დონე უპრეცედენტოა – და აქ მე ქალბატონებს კალასსა და კოსს ვციტირებ.
ბოლო 12 თვის განმავლობაში, მას შემდეგ რაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა, სერიოზული უკუსვლა აღინიშნა გაფართოების ფუნდამენტურ პრინციპებთან დაკავშირებით, ასევე კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან კომისიის რეკომენდაციებში მითითებული 9 ნაბიჯთან მიმართებაშიც.
კანონის უზენაესობის სწრაფი რღვევის და ფუნდამენტური უფლებების მკაცრი შეზღუდის მოწმეები გავხდით.
ინსტიტუტები პარტიული მიზნების მისაღწევ ინსტრუმენტად იყო გამოყენებული.
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას ძირი გამოუთხარა საკანონმდებლო ცვლილებებმა, რაც სასამართლოს მიტაცების რისკებს ქმნის.
სისტემატიურმა რეპრესიულმა ქმედებებმა სამოქალაქო სივრცეს და მედიის დამოუკიდებლობას ზიანი მიაყენა.
სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან ძალის გადაჭარბებული გამოყენება სრული დაუსჯელობის პირობებში მოხდა.
საქართველოს ხელისუფლების მიერ გავრცელებული ევროკავშირის წინააღმდეგ მიმართული მტრული რიტორიკა, დეზინფორმაცია და შეთქმულების თეორიები პერიოდულად მეორდება და ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებისთვის ძირის გამოთხრის მიზნით არის შექმნილი.
წამყვანი ოპოზიციური ლიდერების დაპატიმრება, მმართველი პარტიის მიერ გარკვეული ოპოზიციური პარტიების აკრძალვის შესახებ განცხადებასთან ერთად, ევროკავშირის ერთ-ერთ ძირითად პრინციპზე – დემოკრატიულ პლურალიზმზე პირდაპირ თავდასხმას წარმოადგენს.
დღევანდელ ანგარიშში ასევე დეტალურად არის აღწერილი, რომ გასული წლიდან მოყოლებული, საქართველოს წინსვლა ევროკავშირის სტანდარტების ტექნიკურ ნაწილთან მიმართებაში მნიშვნელოვნად შენელდა. საქართველო (სამართლიანად) ამაყობდა ასოცირების შესახებ შეთანხმების განხორციელების საკითხში ლიდერობით. სამწუხაროდ, ახლა ეს ასე აღარ არის.
ევროკავშირში გაწევრიანება არის და იქნება გარდამქმნელი პროცესი, რომელიც თითოეული ქვეყნის ხელმძღვანელობის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.
ვიწვევ ყველას, რომ ეს ანგარიში – 80 გვერდზე მეტი – ყურადღებით წაიკითხოს: თქვენ ნახავთ საქართველოს წინსვლის რეალურ შეფასებას ევროკავშირის წევრობის მოთხოვნებთან დაკავშირებით.
მაშინ როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ ევროკავშირისგან დაშორება აირჩია, სხვა კანდიდატმა ქვეყნებმა რეფორმებსა და გაწევრიანების პროცესებში წინ წაიწიეს.
საქართველოსგან განსხვავებით, ისინი ამჟამად ევროკავშირთან თანდათანობითი ინტეგრაციის უპირატესობებით სარგებლობენ. სამწუხაროდ, ხელისუფლების მიერ არჩეული ტრაექტორიის გამო, საქართველოს მოსახლეობას და ბიზნესს სხვა მრავალ საკითხთან ერთად აკლდება ქვეყნის მოდერნიზაციისთვის საჭირო თანხები, უფასო როუმინგი, ბანკებში საკომისიო ხარჯების დაწევა, შემცირებული საბაჟო შემოწმებები და მრავალი სხვა სარგებელი.
როგორც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასის და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისრის მარტა კოსის პრესკონფერენციაზე ახლახან მოისმინეთ, დღეს ევროკომისია მიიჩნევს, რომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა არ არის სიცოცხლისუნარიანი, კანდიდატის სტატუსი მქოლოდ ქაღალდზეა და მას მხოლოდ კანდიდატის სახელი შერჩა. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია.
ევროკავშირის კარი საქართველოსთვის ღია რჩება, თუ ხელისუფლება გადაწყვეტს მოქმედების კურსის შეცვლას და დაუბრუნდება იმ ღირებულებებსა და პრინციპებს, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული.
გაფართოების შესახებ ანგარიშში მკაფიოდ არის აღწერილი ნაბიჯები და რეფორმები, რომელიც საქართველომ უნდა განახორციელოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებისა და წინსვლისთვის. უპირველეს ყოვლისა, საქართველომ უნდა აჩვენოს მტკიცე ერთგულება დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებსა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით სერიოზული უკუსვლის შესაცვლელად და წინსვლა 9 ნაბიჯის განხორციელებასთან მიმართებაში.
ოცდაათი წლის განმავლობაში ჭირშიც და ლხინშიც გვერდში ვუდგავართ საქართველოს. გიზიარებთ ჩვენს კეთილდღეობას, კულტურას, ტექნოლოგიებს, განათლებასა და ბაზრებს. ჩვენ ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვჯერა საქართველოსი, ისევე როგორც საქართველოს მოსახლეობას სჯერა ევროკავშირის.
გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს დაპირებას, მიცემულს საქართველოს მოსახლეობისთვის, რომელიც ყოველთვის საქართველოს ევროპულ გზას უჭერდა მხარს. ჩვენი მხრიდან, ევროკავშირი კვლავ ადასტურებს მზადყოფნას, გავაგრძელოთ საქართველოს მოსახლეობის მხარდაჭერა ევროპული მომავლისკენ მიმავალ გზაზე.
მაშინ როდესაც ევროკავშირი არ წავა კომპრომისზე ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებთან და პრინციპებთან მიმართებაში, ასევე არ ვკარგავთ იმედს საქართველოსთან დაკავშირებით. ამ ანგარიშის დასკვნები არ უნდა იქნას აღქმული, როგორც საბოლოო წერტილი, არამედ როგორც მოწოდება ქმედებისკენ და მოწვევა ვალდებულებების ხელახლა აღებისკენ.
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დამსახურებაზეა დაფუძნებული და მთლიანად თავად საქართველოს ხელშია.
მადლობა ყურადღებისთვის.
ხვალ, 6 ნოემბერს, ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია ადამიანების მუნით
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის
გუშინ, 3 ნოემბერს, დაახლოებით 22:00 საათზე, პოლიციამ
„დამეწყრილ ღვერკსა და ხემაღალში, დღის განმავლობაში, მხოლოდ