თუ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქე, ეს კონკურსი შენთვისაა. შეიტანე განაცხადი 2025 წლის 3 ნოემბრამდე და შეუერთდი ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივას.

ახალი კონკურსი EU NEIGHBOURS east პროგრამამ გამოაცხადა და ის განკუთვნილია ენერგიული და მონდომებული ახალგაზრდებისთვის, რომლებსაც აინტერესებთ ევროკავშირის საქმიანობა და თავიანთი ქვეყნის პარტნიორობა ევროკავშირთან. კანდიდატებმა კარგად უნდა იცოდნენ ინგლისური ენა. მათ უნდა სურდეთ თავიანთი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების პროცესში წვლილის შეტანა და მზად უნდა იყვნენ სამოქალაქო ჩართულობის აქტივობებისთვის დროის დასათმობად.

წარმატებული კანდიდატები დიალოგზე დაფუძნებულ ონლაინაქტივობებში ჩაერთვებიან და საკუთარი ქვეყნების ახალგაზრდებს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე წარმოადგენენ. ისინი ერთმანეთს გაუზიარებენ გამოცდილებას, განიხილავენ ახალგაზრდებისთვის საჭირბოროტო საკითხებს და ერთად იმუშავებენ თავიანთი ქვეყნების უკეთესი მომავლისათვის. კონკურსისა და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის შესახებ მეტის გაგება ამ სააპლიკაციო გვერდზეა შესაძლებელი.

ახალგაზრდა ევროპელ ელჩად გახდომის მსურველებმა ეს სააპლიკაციო ფორმა უნდა შეავსონ. განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 3 ნოემბერი.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადის გასვლის შემდეგ შერჩეულ კანდიდატებს ინტერვიუზე დაიბარებენ. მათ, ვინც ინტერვიუს წარმატებით გაივლიან, სპეციალურ სესიებზე მიიწვევენ, მათი პროფილები კი საბოლოო შეფასების მიზნით დაინტერესებულ მხარეებს გადაეგზავნებათ. განაცხადების მიღების დასრულებიდან საბოლოო შედეგების გამოცხადებამდე მთლიანი პროცესი, დაახლოებით, რვა კვირა გრძელდება.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი, ქმედითი საკომუნიკაციო ქსელია. ის ხელს უწყობს კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების დამყარებას აზერბაიჯანის, ბელარუსის, მოლდოვის რესპუბლიკის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინისა და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენელ ახალგაზრდებს შორის. ქსელის მიზანია, გაავრცელოს ინფორმაცია ევროკავშირის თანამშრომლობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, წარმოაჩინოს ამ თანამშრომლობის პრაქტიკული შედეგები, ხელი შეუწყოს სხვადასხვა საკითხზე პოლიტიკურ დიალოგს, მხარი დაუჭიროს სამოქალაქო აქტივიზმის გაძლიერებას და ერთიანი ძალებით იმუშაოს უკეთესი მომავლისათვის.

ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივას ევროკავშირმა 2016 წელს ჩაუყარა საფუძველი და დღემდე მასში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელ 2,600-ზე მეტ ახალგაზრდას მიუღია მონაწილეობა. ამჟამად 30-ზე მეტ სახელმწიფოს თითქმის 600 მოქმედი ახალგაზრდა ევროპელი ელჩი წარმოადგენს.

დამატებითი ინფორმაცია

სააპლიკაციო გვერდი 

სააპლიკაციო ფორმა 

ახალგაზრდა ევროპელი ელჩები და ხშირად დასმული კითხვები

გაიცანი მოქმედი ახალგაზრდა ევროპელი ელჩები