ხარაგაულში ახალგაზრდული ცენტრის პრეზენტაცია გაიმართა. ახალგაზრდული ცენტრი საქართველოს 20 სკოლაში პროექტის „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის სექტორის განვითარების პროგრამა 2025“ ფარგლებში დაფუძნდება. პროექტი ერთი წლის განმავლობაში  გაგრძელდება და მასში 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს შეუძლიათ ჩართვა.

პროექტის კოორდინატორი დავით გვეტაძე 23 სექტემბერს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის VIII-XII კლასების მოსწავლეებს ახალგაზრდული ცენტრის დაფუძნებისა და საქმიანობის შესახებ  ესაუბრა.

ეს იქნება მულტიფუნქციური სივრცე, სადაც ახალგაზრდები შეძლებენ, იმუშაონ სხვადასხვა პროექტებზე მათი პიროვნული, სოციალური თუ კარიერული განვითარებისთვის.

დავით გვეტაძის ინფორმაციით, პირველი მიმართულება იქნება კარიერის განვითარების აკადემია, რომელშიც ახალგაზრდებს საშუალება ექნებათ, გაეცნონ სხვადასხვა პროფესიებს. ვერ ვიტყვით, რომ ახალგაზრდები კარგად იცნობენ პროფესიებს, მათი უმრავლესობა ირჩევს ერთი და იგივე მიმართულებებს, მაგრამ ამავდროულად არსებობს მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიები, თუმცა, მათზე ცნობადობა ნაკლებია.

ახალგაზრდულ ცენტრებში ახალგაზრდები მიიღებენ ინფორმაციას ამ პროფესიებზე. ეს მათ შესაძლებლობას მისცემს, რომ პროფესია ინფორმირებულად აირჩიონ.

ახალგაზრდული ცენტრის მთავარი იდეაა, ახალგაზდებმა შეძლონ თავიანთ მუნიციპალიტეტში სხვადასხვა საჭიროებების დანახვა; წამოაყენონ იდეა, აზრი, იმის შესახებ, ყველაზე მეტად რისი გაკეთება სურთ მუნიციპალიტეტში.

პროექტის მიმდინარეობისას მათ საშუალება მიეცემათ, მენტორებთან ერთად, ეს იდეა აქციონ პროექტად, რომელსაც დასაფინანსებლად წარადგენენ.

ახალგაზრდებისთვის ჩატარდება ტრენინგები, დისკუსიები, შეხვედრები სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებთან და ა.შ. სწავლება წარიმართება ჰიბრიდულ რეჟიმში –  როგორც პირისპირ, ასევე ონლაინ.

პროექტში განათლების სამინისტროსთან ერთად ჩართულია პროფესიული უნარების სააგენტო, დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, „აწარმოე საქართველოში“.

ერთი წლის შემდეგ, როცა ეს პროექტი დასრულდება, ხარაგაულში უნდა იყოს ახალგაზრდების ჯგუფი, რომლებსაც შეეძლებათ სხვადასხვა პროექტის მომზადება და ამ პროექტის წარდგენა საგრანტო ორგანიზაციებში.

ახალგაზრდულ ცენტრში გასაწევრიანებლად ახალგაზრდებს შეუძლიათ მიმართონ ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ადმინისტრაციას და შეავსონ მარტივი სარეგისტრაციო ფორმა.

პროექტს „თანამედროვე უნარები უკეთესი დასაქმებისთვის სექტორის განვითარების პროგრამა 2025“ საქართველოს განათლების სამინისტრო, აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით ახორციელებს.

თამთა გოგოლაძე