თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტის პირველკურსელი ნინო არევაძე უმაღლეს სასწავლებელში 100%-იანი გრანტით ჩაირიცხა; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის პირველკურსელი მარიამ თაბუკაშვილი – 70%-იანი გრანტით. ორივე ხარაგაულის სკოლა-გიმნაზიის წლევანდელი კურსდამთავრებულები არიან.

მარიამ თაბუკაშვილი ამბობს, რომ ფილოლოგობა ბავშვობიდან სურდა და უზომოდ ბედნიერია, მიზანს რომ მიაღწია.

ნინო არევაძე მიიჩნევს, რომ მაღალ შედეგს შინაგანი რწმენით, მასწავლებლებისა და მშობლების მხარდაჭერით მიაღწია. ორივე ოჯახის წევრებისა და პედაგოგების მადლიერია.

ნინო და მარიამი ცხოვრების ახალი ეტაპის – სტუდენტობის დადგომასთან დაკავშირებულ მოლოდინებს გვიზიარებენ. ამბობენ, რომ მათთვის სტუდენტობა საინტერესო სიახლეების შეცნობის, სირთულეების დაძლევის, საკუთარი უნარების გამოვლენის საუკეთესო შესაძლებლობა იქნება.

ნინო და მარიამი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობენ საკუთარი თავისა და ოჯახების წინაშე და ეცდებიან, მათი მოლოდინები გაამართლონ, კვალიფიციურ სპეციალისტებად ჩამოყალიბდნენ და არჩეული პროფესიის განვითარებაში საკუთარი წვლილი შეიტანონ.

„გვინდა, საქართველო იყოს ნამდვილად ევროპული და თავისუფალი ქვეყანა, – ამბობენ ნინო არევაძე და მარიამ თაბუკაშვილი, – ისეთი ქვეყანა, სადაც სიტყვის თავისუფლება იქნება დაცული, საკუთარი აზრის დაფიქსირებისას არავინ შეგვზღუდავს, საერთო მიზნის მისაღწევად ქართული საზოგადოება ერთიანი იქნება“.

ვულოცავთ ნინოსა და მარიამს სტუდენტობას. ნაყოფიერ და წარმატებულ სწავლას ვუსურვებთ.

წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 21 საშუალო სკოლის 136 კურსდამთავრებულიდან 75 სტუდენტი გახდა. მათგან სახელმწიფო გრანტი 19-მა ახალგაზრდამ მოიპოვა.

ამავე თემაზე 

გილოცავთ სტუდენტობას!