„ქართული ოცნების“ ლიდერებმა გუშინ, 3 სექტემბერს, მელიქიშვილის გამზირზე, მოქალაქეთა საპროტესტო შეძახილების ფონზე საზეიმოდ გახსნეს კახა კალაძის საარჩევნო შტაბი.

ერთ ეპიზოდში „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები და აქციის მონაწილეები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ, რის შემდეგაც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა აქტივისტებს უცენზურო სიტყვებით მიმართეს და შეაფურთხეს.

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა აგრესია გამოხატეს ჟურნალისტის მიმართაც, რომელიც აღნიშნულ ინციდენტს იღებდა.

გამოცემა „პუბლიკას“ ცნობით, „ქართული ოცნების“ ერთმა მხარდამჭერმა გამოცემის ჟურნალისტს ხელი დაარტყა, ხოლო მეორე მხარდამჭერმა, ოდნავ მოგვიანებით, მას შეაფურთხა. ადგილზე მობილიზებულმა პოლიციელებმა ძალადობის ამ ფაქტებზე არ ირეაგირეს.

ინციდენტი ფეისბუქის პირად გვერდზე აღწერა ლიკა ზაკაშვილმა, „პუბლიკას“ მთავარმა რედაქტორმა. ლიკა ზაკაშვილის თქმით,  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა გუშინ მას პროფესიული მოვალეობის შეასრულებაში  შეუშალეს ხელი.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა მხარდამჭერმა, გაღიზიანებულმა იმით, რომ აქტივისტების მიმართ მის შეურაცხმყოფელ ქცევას ჟურნალისტი ტელეფონით იღებდა, ლიკა ზაკაშვილს ხელში ჩაარტყა, თუმცა კი მობილური ვერ გააგდებინა. ამის მერე „ქართული ოცნების“ სხვა მხარდამჭერი ჟურნალისტს უკნიდან მიეპარა და შეაფურთხა.

„პუბლიკას“ გადაღებულ კადრებში კარგად ჩანან როგორც მოძალადე პირები, ისე პოლიციელები, რომლებიც, ჟურნალისტის მიმართვის მიუხედავად, თავის მოვალეობას არ ასრულებენ.

მანამდე, იმავე ტერიტორიაზე, ბექა ოდიშარიამ, „ქართული ოცნების“ ყოფილმა დეპუტატმა, კითხვაზე საპასუხოდ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა „პუბლიკას“ ფოტოჟურნალისტს მინდია გაბაძეს. ამ ინციდენტის ამსახველი ვიდეო მინდია გაბაძემ ფეისბუქის პირად გვერდზე გაავრცელა.

ჟურნალისტების მიმართ ჩადენილი დანაშაულებისთვის დაუსჯელობა მოძალადე პირებს ახალისებს და სულ უფრო მეტი დანაშაულის ჩადენისკენ უბიძგებს. საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდებს, წერტილი დაუსვას ამგვარ პრაქტიკას, პასუხისმგებლობა აიღოს და ჟურნალისტებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემო უზრუნველყოს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია მოუწოდებს პროკურატურას, დაუყოვნებლივ გამოიძიოს ჟურნალისტისთვის ხელშეშლისა და მასზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი, რომელიც სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ქარტია მოუწოდებს შსს-ს გენერალურ ინსპექციას, შეისწავლოს იმ პოლიციელების ქმედებები, რომელმაც ადგილზე სამსახურებრივი გულგრილობა გამოიჩინეს და ჟურნალისტი არ დაიცვეს. ამ პირების იდენტიფიცირება არც პროკურატურასა და არც შსს-ს არ უნდა გაუჭირდეს.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია სრულ სოლიდარობას უცხადებს „პუბლიკას“ და მის ჟურნალისტებს და ასევე ყველა იმ ჟურნალისტს, რომელიც ბოლო თვეების განმავლობაში „ქართული ოცნების“ უშუალო მონაწილეობით თუ წამქეზებლობით სიტყვიერი და ფიზიკური თავდასხმის სამიზნე გახდა.

წყარო