ორმოცი დღე გავიდა ღვაწლმოსილი პედაგოგის და ღირსეული ხარაგაულელის – ზურაბ ფცქიალაძის გარდაცვალებიდან.

ბატონი ზურაბი 1935 წლის 1 ოქტომბერს ხარაგაულის რაიონის სოფელ ბაბში დაიბადა. 1961 წელს, გორის პედაგოგიური ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ, კიცხის სკოლა-ინტერნატში დაიწყო მუშაობა, ქართული ენისა და ლიტერატურის მაწავლებლად.

პედაგოგიური საქმიანობა 1967 წლიდან რკინიგზის მარელისის #9 საშუალო სკოლაში გააგრძელა. შემდეგ ორი წელი ჯერ დიდვაკის რვაწლიან სკოლაში იმუშავა, 1977 წლამდე კი – საზოგადოება „ცოდნის“ პასუხისმგებელ მდივნად და წითელი ჯვრის საზოგადოების ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ.

ზურაბ ფცქიალაძე 1997 წლამდე, ოცი წლის განმავლობაში, მარელისის საშუალო სკოლის დირექტორი იყო.

ბატონ ზურაბს მასწავლებლობა ყველაზე საპატიო პროფესიად მიაჩნდა, რადგან მისი შეფასებით, მასწავლებელს ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბებაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის.

შვილებსა და მოსწავლეებს ერთმანეთისგან არასდროს განარჩევდა. სკოლაში ახალ კადრებს მხოლოდ მათი ცოდნის, პროფესიონალიზმისა და გამოცდილების მიხედვით იღებდა. ასაკში შესულს უზომოდ ახარებდა ყოფილ მოსწავლეებთან, კოლეგებთან შეხვედრა და მათგან გამოხატული პატივისცემა.

მოწესრიგებული, საგნის მცოდნე, შრომასა და ორგანიზებაში სხვებისთვის სამაგალითი იყო ბატონი ზურაბ ფცქიალაძე, ხარაგაულსა და ხარაგაულელებზე უზომოდ შეყვარებული. ასეთი პიროვნებების ხსოვნა მარადიულია. უფალმა სამოთხეში დაუმკვიდროს ადგილი ზურაბ ფცქიალაძის სპეტაკ სულს.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია