ხარაგაულის ქორეოგრაფიული ანსამბლი „უბისი“(ქორეოგრაფები ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები) ქორეოგრაფიის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციით თურქეთში, ქალაქ ბოდრუმში საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობდა.

ამ ანსამბლის ქორეოგრაფს, მშობელსა და მოსწავლეს შთაბეჭდილებების გაზიარება ვთხოვეთ.

ბოდრუმში გამართულ ფესტივალში ასევე მონაწილეობდნენ ფოლკლორული ანსამბლები ბრაზილიიდან, კოლუმბიიდან, ირანიდან და თურქეთიდან. საქართველოდან „უბისთან“ ერთად ფესტივალში ჩაერთვნენ ურეკისა და ბათუმის ქორეოგრაფიული ანსამბლები.

„უბისმა“ ფესტივალზე ცეკვა „ქალ-ვაჟთა მთიულური“ წარადგინა.


„ამ ფესტივალზე კონკურსი არ ტარდება – ამბობს „უბისის“ ქორეოგრაფი ელისო ლურსმანაშვილი, – თუმცა, მასში მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლოა. ანსამბლები ერთმანეთს უმეგობრდებიან, ეცნობიან ცეკვის ტექნიკას, უცხო ქვეყნების ფოლკლორსა და კულტურას.

ფესტივალის მონაწილეები შევხვდით ბოდრუმის მერს და კულტურის სამსახურის უფროსს. მათ ფესტივალში მონაწილე ანსამბლები დაგვაჯილდოვეს. მინდა აღვნიშნო, რომ ფესტივალი ყოველმხრივ მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ბოდრუმში არაჩვეულებრივი მასპინძლობა გაგვიწიეს. მადლობას ვუხდი ჩვენს რეკომენდატორებს – ქორეოგრაფიის ეროვნულ ცენტრს.

მადლობა მშობლებს, რომლებიც ხელს გვიწყობენ და ყველაფერს აკეთებენ ანსამბლის წარმოჩენისთვის.

უახლოეს ხანში ჩვენს ურეკელ მეგობრებს ხარაგაულში მოვიწვევთ“.

მშობელი მაია ბერაძე ამბობს, რომ თურქეთში საინტერესო ფესტივალში მონაწილეობდნენ.

„ავტობუსით მგზავრობისას ვაკვირდებოდით, როგორი შრომისმოყვარეები არიან თურქები. ჩვენი მგზავრობა ჩაის კრეფის სეზონს დაემთხვა და მათ შრომას კარგად ვხედავდით, – ამბობს მაია ბერაძე, – ბოდრუმი მშვიდი და ლამაზი ქალაქია. ბერძნული სტილის არქიტექტურით გამოირჩევა. ზღვაზე ბავშვებმა კარგად დაისვენეს.

კულტურის ცენტრში ბოდრუმის მერმა მიგვიღო და დაგვასაჩუქრა. ჩვენც გადავეცით სამახსოვრო საჩუქრები და ამით ძალიან გავაკვირვეთ და გავახარეთ.ბავშვებმა კარგად იცეკვეს. მოკლედ, ბოდრუმში დაუვიწყარი ხუთი დღე გავატარეთ“.

მოცეკვავე ერეკლე კურტანიძე უცხოეთში გასტროლზე პირველად იმყოფებოდა. მგზავრობამ ცოტა დაღალა, მაგრამ ესეც ერთგვარი გამოცდილებააო, – ამბობს ერეკლე. მას განსაკუთრებით ეგეოსის ზღვა მოეწონა.

ერეკლე ფესტივალზე გამოსვლის წინ ცოტა ღელავდა, თუმცა, ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ის ამბობს, რომ საერთაშორისო ფესტივალში მონაწილეობით კარგი გამოცდილება მიიღო.

წარმატებებს ვუსურვებთ „უბისსა“ და უბისელებს.