22 მაისს დაიწყო და 17 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაცია – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე – registration.emis.ge

„ბავშვი სისტემაში მშობელმა ან კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა დაარეგისტრიროს. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაცია მშობლებმა სკოლებში 18 ივნისიდან 27 ივნისის ჩათვლით უნდა მიაწოდონ. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

2025-2026 სასწავლო წელს პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ.

აღსანიშნავია, რომ ბავშვის მზაობისა და მისი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, იმ ბავშვების მშობლებს, რომლებსაც 2025 წლის 16 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ 6 წელი, უფლება აქვთ გააკეთონ არჩევანი – გააგრძელონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების მიღება სასკოლო მზაობის პროგრამაში ჩართვით, თუ დარეგისტრირდნენ პირველკლასელებად“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ვებგვერდზე.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, 2025-2006 სასწავლო წლისთვის, წინასწარი მონაცემებით, მუნიციპალიტეტში მოქმედ 26 სკოლაში 142 პირველკლასელს ელოდებიან.

გასულ, 2024-2025 სასწავლო წელს კი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 26 სკოლაში სწავლას 155 პირველკლასელი შეუდგა.