რიკოთის ავტობანმა ხუნევისა და გედსამანიის მოსახლეობა ცენტრალურ ავტომაგისტრალს მოწყვიტა. ტრანსპორტირება ხუნეველებისა და გედსამანიელებისთვის დიდ პრობლემად იქცა. ავტობანზე ასასვლელ-ჩამოსასვლელი სოფლიდან 5-დან 9 კილომეტრამდე მანძილითაა დაშორებული. გარდა ამისა, ხუნეველებს მოუწესრიგებელი საუბნო გზები და სხვა ინფრასტრუქტურული პრობლემები აწუხებთ.

 

 

„ხუნევში, სკოლის მიმდებარედ არსებული სტადიონის ადგილზე ახლა ავტობანის ხიდის ბურჯებია, – ამბობს ხუნეველი კობა ლომიძე, – ბავშვებსა და ახალგაზრდებს გართობის ეს ერთადერთი საშუალება ჰქონდათ. დაგვპირდნენ, რომ სტადიონი სხვა ადგილზე მოეწყობოდა. თუმცა, რომ მოვიკითხე, აღმოჩნდა, რომ ის მიწა სახელმწიფოს ბალანსზე ყოფილა და ამიტომ სტადიონს იქ ვერ აკეთებენო.

სოფელში სარიტუალო დარბაზი აშენდა და ვერ ვიყენებთ. სოფლის გამგებელმა მითხრა, ვის საკუთრებაშია, საბუთი არ გვაქვსო. ასეა შენობა მიტოვებული.

მგზავრების მოსაცდელი ავარიულია, წყალი ჩამოდის, დანგრევაზეა. ორი ტომარა ცემენტი უნდა, რომ შეკეთდეს. მოსაცდელი რომ ჩაინგრეს და ვინმე იქ მდგომს რამე დაემართოს, მერე რას აპირებენ?

ძველი საავტომობილო გზა სანაყაროდ იქცა – გვირაბიდან გამოტანილი მიწითაა სავსე. გზა ზიანდება და ვინ უნდა უპატრონოს, არ ვიცით.

ცუდ მდგომარეობაშია ხუნევის საჯარო სკოლის შენობა. მშობელი და მასწავლებელი რატომ უნდა ღებავდეს საკლასო ოთახის იატაკს, არ მესმის. რომელი საუკუნეა? ფულს ხომ არავინ ითხოვს და სასმელ-საჭმელს. სიმართლეს იტყვი და ნაციონალი ხარო, – ასე დაგიძახებენ“.

ხუნევში, შაულის უბნის მცხოვრები მერაბ ჩაჩანიძე ამბობს, რომ მათი საუბნო გზა იმდენად მძიმე მდგომარეობაშია, გარდაცვლილი მეზობლის ცხედრის სახლში მისასვენებლად, სამაშველო სამსახური გამოიძახეს. „სირცხვილია, ასეთი ვითარება“, – ამბობს მერაბი ჩაჩანიძე.

„შაულის უბანში არც გარე განათება გვაქვს, – ამბობს მამუკა ლომიძე, – შუაღამისას მიცვალებული სახლში მოტოციკლის შუქით მივასვენეთ. ბავშვი აღარ არის სოფელშიო, იძახიან. საიდან იქნება, თუ ახალგაზრდა აქ არ გაჩერდა. ბევრი ოჯახი იძულებით წავიდა იქ, სადაც სამსახური იშოვა.

გუბათისუბნელი ლევან ლომიძე წუხს, რომ მათ უბანში გარე განათება მოაწყვეს, თუმცა, არ ანათებს.

„შაულის უბანში არც გზა გვაქვს და არც გარე განათება, – ამბობს მარინა ლომიძე, – ხიდზე მთის ფერდობიდან წვიმამ ორი ტონა ნაგავი ჩამოიტანა. გამგებელს რამდენჯერმე ვუთხარით, რომ გაეწმინდა, რადგან ხიდის ჩავარდნის საშიშროება იყო. შეგვპირდნენ, რიკოთის ავტობანის მშენებლობას რომ მორჩებიან, მშენებელი, ჩინური კომპანია ხიდს გააკეთებსო. არ გააკეთეს. შემდეგ მეზობელმა თავისი ხარჯებით მიიყვანა ტრაქტორი და ხიდიც გააწმენდინა. ჩვენი სოფელი უპატრონოდაა მიტოვებული“.

 

 

რას ჰპირდება ხუნეველებს ადგილობრივი ხელისუფლება

რას აკეთებს ადგილობრივი თვითმმართველობა ხუნევის მოსახლეობის პრობლემების მოსაგვარებლად, – ამის გასარკვევად ხუნევის თემში მერის წარმომადგენელს, დავით ლომიძეს და ხუნევის მაჟორიტარ დეპუტატს ლენა აბაშიძეს დავუკავშირდით.

დავით ლომიძეს ტელეფონით 3 დეკემბერს ვესაუბრეთ. მან გვითხრა, რომ თანასოფლელების გასაჭირი კარგად იცის და ამ საკითხებზე სასაუბროდ რედაქციაში იმავე დღეს მოსვლას დაგვპირდა. თუმცა, არ მოვიდა.

ხუნევის მაჟორიტარი დეპუტატი ლენა აბაშიძე ამბობს:

„ხუნევისა და გედსამანიის სკოლა წელს რომ ვერ გარემონტდებოდა, ამის შესახებ პედაგოგებმა და მოსწავლეთა მშობლებმა იცოდნენ. ჩემი ინფორმაციით, 2025 წელს ორივე თუ არა, სკოლის ერთ-ერთი შენობა აუცილებლად გარემონტდება.

სტადიონის მოსაწყობად ის ადგილი, რომელიც მოსახლეობამ შეარჩია, „ტყის ზონაში“ აღმოჩნდა და გარემოს დაცვის სამინისტრომ მისი გამოყენების უფლება არ მოგვცა. ხუნევში გზის მიმდებარედ არსად აღარ დარჩა ადგილი, სადაც სტადიონს გავაკეთებთ. ერთადერთი, საბავშვო ბაღის ძველი შენობის ტერიტორიაა, რომელიც მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია. ხუნევის სკოლისთვის სტადიონის მოწყობა იქ იგეგმება და სოფლის ახალგაზრდებიც ისარგებლებენ.

სარიტუალო დარბაზი სოფლის მხარდაჭერის პროგრამით წლების წინ მოეწყო. შენობას აქვს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა, შეყვანილია წყალი და ელექტროენერგია. გარეთ მოწყობილია ტუალეტები. შენობას კოსმეტიკური რემონტი დასჭირდება, თუმცა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ის დაიტვირთება. ხუნევის ყველა უბნისთვის მისადგომ ადგილზე არ არის და მოსახლეობა, საჭიროების შემთხვევაში მაინც ხაშურში მიდის.

მგზავრთა მოსაცდელი და ძველი გზაც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ბალანსზეა. ამიტომ თვითმმართველობა იქ რაიმეს მოწყობაზე ფულს ვერ დახარჯავს.

გუბათის უბანში გარე განათების ნათურები ახლახან ყველა შევცვალეთ. რატომ არ მითხრეს, თუ ისევ პრობლემა იყო? ხარაგაულის კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანება სპეცმანქანას ოპერატიულად გამოაგზავნის და ნათურებს შეცვლიან.

შაულის უბანში საავტომობილო გზა უმძიმეს მდგომარეობაშია, რადგან ავტობანის მშენებლობისას მაღალი გამავლობის ავტომანქანები მოძრაობდნენ. რამდენჯერმე გზა მოიხრეშა, თუმცა იქ მცოცავი მიწაა და ფერდობებიდან წყალი ჩამოდის. მერიიდან კომისია იმყოფებოდა ამ გზის დასაპროექტებლად. გარე განათებაც გზის კეთილმოწყობის შემდეგ დაიგეგმება“.

ხუნევისა და გედსამანიის სკოლა რომ გადაუდებელ რემონტს საჭიროებს, ამის შესახებ სამი წელია საუბრობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე. სამი წელია ის ამბობს, რომ ეს სკოლები, ვახანისა და ბორის სკოლებთან ერთად, ევროპის რეკონსტრუქციის ბანკის დაფინანსებით გარემონტდება. 2024 წელიც ამ შეუსრულებელი დაპირებით სრულდება.

„ველოდებით, ვკითხულობთ სისტემატურად, – ამბობს მარინა ვეფხვაძე, – გასულ კვირაშიც მოგვთხოვა განათლების სამინისტრომ სარეაბილიტაციო სკოლების შესახებ ინფორმაცია და გადავაგზავნეთ. შემდეგ ჩამოვლენ და ადგილზე შეისწავლიან. 2025 წლის იანვრიდან ყველაფერი დალაგდება“, – ამბობს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი.

ნინო კაპანაძე

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:

ხუნევი ისევ ჩიხშია – მოსახლეობა რიკოთის ავტობანზე დაპირებულ ასასვლელს უშედეგოდ ელის

ვიდეო სოციალურ ქსელში