ამერიკაში, ნიუ-იორკში მცხოვრები ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი წარმატებული კინორეჟისორი და სცენარისტია.

მან CUNY-ში, ნიუ-იორკის სიტი უნივერსიტეტში, ბრუკლინ კოლეჯის სარეჟისორო ფაკულტეტი დაამთავრა.

ის 2016 წელს გადაღებული ფილმისთვის „ქართული პური“ ევროპელი რეჟისორი ქალის პრიზით დააჯილდოვეს.

ამ ფილმში მთავარ როლს კახი კავსაძე ასრულებს.

ქეთი ორჯონიკიძე-ქეისს კახი კავსაძის გახსენება ვთხოვეთ. ის ასევე ნიუ-იორკში ცხოვრებისა და საქმიანობის შესახებ გვიამბობს. სიამოვნებით იხსენებს ღორეშას, – მშობლიურ სოფელს ხარაგაულში და აქ გატარებულ წლებს.

კახი კავსაძე და ქართული პური

ფილმი „ქართული პური“ ქართველ მეპურე გიორგიზე მოგვითხრობს. იგი ბრუკლინში პურს აცხობს და იმითაა ბედნიერი, რომ ემიგრანტებს მათთვის მშობლიური პურის გემოს არ ავიწყებს. გიორგის ბოსი, ამერიკელი ბიზნესმენი მაიკლი გადაწყვეტს, რომ საცხობი მომგებიანი სუშის რესტორნით ჩაანაცვლოს. სცენარი ღირსებაზეა და გიორგი თავის მეობასა და პროფესიას არ ღალატობს.

ამ სცენარით, ბრუკლინ კოლეჯის სარეჟისორო ფაკულტეტზე, ჩემი პროფესორი მოიხიბლა და მირჩია, აუცილებლად გადამეღო ფილმი. ამ როლზე კახი კავსაძის მოწვევის იდეა გამიჩნდა. ახლაც მიკვირს, როგორ გავბედე და ამ ბუმბერაზ მსახიობს შევთავაზე სტუდენტური პროექტი. თუმცა ვიცოდი, რომ ბატონი კახი – დიდი პროფესიონალი და გენიალური მხახიობი – თავმდაბალი ადამიანი იყო.

ნიუ-იორკიდან თბილისში დავურეკე. მახსოვს, ძალიან ვღელავდი. სცენარის წაკითხვას დაუყოვნებლივ დამთანხმდა. ასე დაიწყო „ქართული პურის“ საინტერესო ისტორია, რომელიც არც მე და არც გადამღებ კოლექტივს არასოდეს დაგვავიწყდება.

გადაღების დროს არაჩვეულებრივი ჯგუფი შეიკრიბა. ყველა მოხიბლული იყო ქართველი მსახიობით. ახალგაზრდა ამერიკელები მადლობას მიხდიდნენ, რომ მუშაობა ასეთი დონის პროფესიონალთან მოუწიათ.

ენის ბარიერის მიუხედავად, გადასაღებ მოედანზე საოცრად თბილი, მეგობრული და იუმორნარევი ატმოსფერო სუფევდა. ბატონ კახის ხომ საოცრად დიდი იუმორი ჰქონდა და ამერიკელ მეგობრებს ხშირად ცუდ სიტყვებსაც ასწავლდა ქართულად. ეს დასვენების დროს, ხოლო როცა მუშაობას შევუდგებოდით, ბატონი კახი ხელს ჰაერში ასწევდა, თითქოს საკუთარ თავს ხმამაღლა შეუძახებდა – სტოპ! და შემდეგ მთელი კონცენტრაცია როლზე გადადიოდა.

გარდა იმისა, რომ კახი კავსაძემ ჩემს ფილმში მთავარი როლი შეასრულა, ასევე პატივი მქონდა გადაღებების დროს, მასთან ერთად მე და ჩემს გოგონას ორი კვირა ბრუკლინში ჩემი მეგობრის – ირმა გაჩეჩილაძის ბინაში მეცხოვრა. ამან ჩემი და ბატონი კახის მეგობრობა გაამყარა და დღემდე ახლო მეგობრებად დავრჩით.

ბატონი კახის ოცნება იყო, რომ მას და არმენ ჯიგარხანიანს ერთად ეთამაშათ კომედიურ ფილმში და რამდენჯერმე შემახსენა, რომ სცენარი დამეწერა. გული მწყდება, რომ მისი თხოვნა ვერ შევასრულე, რატომაღაც დრამატულ იდეებს ვთავაზობდი.

ვფიქრობ, ბატონმა კახიმ ეს როლი საოცრად გაითავისა და არაჩვეულებრივი ოსტატობით შეასრულა.

თავიდან ვნერვიულობდი, თუ როგორ მიიღებდა ფილმს ამერიკელი მაყურებელი. მოქმედება თითქმის ერთ ოთახში ვითარდება და დიალოგზეა აგებული, თან ნახევრად ქართულ ენაზეა. არ დამავიწყდება, როდესაც პირველი ჩვენების დროს ბატონი კახი გამოჩნდა ეკრანზე, დარბაზში სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. იმ წუთში ვიგრძენი, რომ მაყურებელი ფილმს კარგად მიიღებდა და ასეც მოხდა.

„ქართული პურის“ წარმატება ბატონი კახის დამსახურებაა. მან ამ პატარა, 20-წუთიანი ფილმით ძალიან ბევრი ადამიანი მოხიბლა და ძალიან ბევრს დაანახა საქართველო და ქართველები ისეთივე ლამაზად და ამაყად, როგორიც თვითონ იყო.

2017 წელს ფილმისთვის „ქართული პური“ ევროპელი რეჟისორი ქალის პრიზით დამაჯილდოვეს. დაჯილდოების შემდეგ მაყურებელს საშუალება მიეცა, გამარჯვებული რეჟისორებისთვის კითხვები დაესვათ. სიმართლე რომ გითხრათ, უხერხულადაც ვიგრძენი თავი, როდესაც სამი გამარჯვებული ქალი რეჟისორიდან თითქმის ყველა კითხვა ჩემი მისამართით იყო დასმული.

მეკითხებოდნენ საქართველოს შესახებ, კულტურაზე, ტრადიციებზე, ქართულ კერძებზე და, რაღა თქმა უნდა, კახი კავსაძეზე. მადლობას მიხდიდნენ, რომ ფილმმა „ქართული პური“ და ბატონი კახის პერსონაჟმა მათ საკუთარი ფესვები შეახსენა.

იმედია, რომ ამ ფილმს ქართველი მაყურებელიც ნახავს. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს „ამაზონზე“ გამოქვეყნდა, გადავწყვიტე ქართველი მაყურებლისთვის YouTubze -ც მომეთავსებინა, რომ ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო.

ჩემი და ხარაგაულის ურთიერთობას რაც შეეხება, შვიდი წლის ვიყავი, როცა ზაფხულის არდადეგებზე ზემო იმერეთის ულამაზეს სოფელ ღორეშაში ბებიასთან და ბაბუასთან ვისვენებდი, – გვიამბობს ქეთი ორჯონიკიძე-ქეისი, – ქალაქში რომ ვბრუნდებოდით, თვალცრემლიანმა ბებიამ და ერთგულმა წარბამ ორღობის ბოლომდე გამომაცილეს.

ეს სურათი მეხსიერებას ფოტოსავით შემორჩა. როგორც კი ქალაქში დავბრუნდი, ჩემი პირველი მოთხრობა – „ნახვამდის, წარბა“ დავწერე. ეს მოთხრობა ჯერ ჟურნალ „პიონერში“, შემდეგ კი „საბავშვო მოთხრობათა კრებულში“ დაიბეჭდა.

ასე რომ, ჩემი პირველი მუზა ზემო იმერეთს და ხარაგაულის რაიონის ულამაზეს სოფელ ღორეშას უკავშირდება. აქვე მინდა სიამაყით აღვნიშნო, რომ ჩემი ბებია – ოლია ციბაძე-ორჯონიკიძე უბისის სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი იყო. თავისი საქმისა და ბავშვების სიყვარულით ყოველდღე 12 კილომეტრს ფეხით დადიოდა ღორეშადან უბისაში.

ჩვიდმეტი წლის უკვე პრესაში შტატგარეშე კორესპონდენტად ვმუშაობდი. შემდეგ კი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტის სტუდენტი გავხდი. სტუდენტობის დროს გაზეთებში პოლიტიკურ კორესპონდენტად დავიწყე მუშაობა და ამიტომ პროზისთვის ვეღარ ვიცლიდი.

90-იანი წლების ბოლოს ამერიკაში ჩამოვედი და სწორედ მაშინ დავუბრუნდი პროზას. დავწერე ემიგრანტული ნოველების ციკლი, რომელიც 2000-2010 წლებში ქართულ ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნდა.

ჩემი ნოველების პერსონაჟებს რატომღაც დიდ ეკრანზე ცოცხლად ვხედავდი და ამიტომ გადავწყვიტე, ახალ პროფესიას – რეჟისორობას დავუფლებოდი. CUNY-ში, ნიუ-იორკის სიტი უნივერსიტეტში, ბრუკლინ კოლეჯის სარეჟისორო ფაკულტეტზე ჩავაბარე. აი ასე მივედი ჩემ მეორე პროფესიამდე – კინორეჟისორობამდე.

სიტი უნივერსიტეტის სარეჟისორო ფაკულტეტზე პირველი ქართველი სტუდენტი ვიყავი. სამწუხაროდ, უნივერსიტეტის პროფესორებმა იმ დროს საქართველოსა და ქართული კინოს შესახებ არაფერი იცოდნენ, რაც ჩემთვის დიდი ტრაგედია იყო. ამიტომ მიზნად დავისახე, მათთვის საქართველო და ქართველი რეჟისორები გამეცნო.

ინტერნეტით ვეძებდი ქართულ ფილმებს, რომელთაც ინგლისური ტიტრები ჰქონდა, ვყიდულობდი და პროფესორებს საჩუქრებად ვურიგებდი. ნებისმიერ დავალებას, ვიდეოჩანახატს ან სცენარს ქართველებზე ვიღებდი და ვწერდი. ასე რომ, ჩემი პირადი შესაძლებლობებით, საქართველოს პოპულარიზაციაზე ვმუშაობდი. ასე დაიბადა ჩემი ორი ფილმი „ნანა“ (2014 წ.) და „ქართული პური“ (2016 წ.). ორივე სიტი უნივერსიტეტის კედლებში შეიქმნა.

მიხარია, რომ ჩემი დასახული მისია შევასრულე, რადგან როგორც თავად ყოფილი პროფესორებისგან ვიცი, ჩემს შემდეგ ბევრი ჩვენი თანამემამულე გამოჩნდა სიტი უნივერსიტეტში და საბედნიეროდ, მათ აღარ უწევთ იმის ახსნა, თუ ვინ ვართ ქართველები და საიდან ვართ.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ

„რწყილი და ჭიანჭველა – ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ბავშვების შესრულებით (ვიდეო)