2025 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს წლევანდელი კონკურსი დაიწყო.

კონკურსი წელს მეცხრედ ტარდება და მიზნად ისახავს განათლების სფეროში საუკეთესო და გამორჩეული მასწავლებლების გამოვლენას და მათ დაფასებას.

მასწავლებლის  ეროვნული ჯილდოს ვებგვერდზე www.tprize.ge მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 2025 წლის 30 მაისის ჩათვლით იქნება შესაძლებელი. წელსაც, მასწავლებლების წარდგენა შეეძლებათ ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 19 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურის შემადგენლობაში არიან განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მხარდამჭერები არიან:

  • გენერალური სპონსორი – გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდი;
  • მთავარი მხარდამჭერი – საქართველოს ბანკი;
  • ოქროს სპონსორი – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი;
  • მხარდამჭერი და სპონსორი –კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი (CTC);
  • მხარდამჭერები – EPAM Georgia, ალტე უნივერსიტეტი და პირველი არხი.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში 2017 წლის 13 მაისს დაწესდა. ინიციატივა წარმოადგენს გლობალური კამპანიის – „The Global Teacher Prize“-ის ნაწილს, რომლის მიზანიც მასწავლებლების პროფესიის პოპულარიზაციაა.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელები არიან: ლადო აფხაზავა, მანანა კაპეტივაძე, გიორგი ჭაუჭიძე, სოფო გოგოხია, ხათუნა რაზმაძე, როლანდ შავაძე, ნინო ფსუტური, ნათია უჩავა.

2018 წელს მასწავლებლის ეროვნულ ჯილდოზე წარდგენილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ნინო გურეშიძე საუკეთესო ათეულის წევრი და ჟიურის რჩეული გახდა.

წყარო