საქართველოში ნებისმიერი სისქის პლასტიკის პარკების წარმოება, იმპორტი და რეალიზაცია იკრძალება.

დაიშვება მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკები, რომლებზეც დატანილი უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია: წარწერა – ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი, მწარმოებელი და პარკის შემადგენლობა.

დამრღვევი მეწარმე 500 ლარითა და პროდუქტის კონფისკაციით დაჯარიმდება, განმეორების შემთხვევაში კი 1 000 ლარითა და პროდუქტის კონფისკაციით.

ხარაგაულში მცხოვრები ეკა შველიძე, წლებია, პროდუქტების შესაძენად ნაჭრის ჩანთით დადის. მაღაზიებში გამყიდველისგან შემოთავაზებულ ცელოფნის პარკს არასდროს იღებს და ყველაფერს ნაჭრის ჩანთებში ათავსებს. ქალბატონი ეკა ამბობს, რომ ცელოფნის პარკების აკრძალვა უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილებაა.

„კარგად მახსოვს, მაღაზიებში შაქარი და სხვა პროდუქტები ქაღალდის შეფუთვით, – ამბობს ეკა შველიძე, – ცელოფნის პარკები შედარებით გვიან შემოვიდა. არაფერი აბინძურებს ისე გარემოს, როგორც ცელოფნის პარკები. ევროპაში რამდენჯერმე ვიყავი და იქ დიდი ხანია უარი თქვეს ცელოფნის პარკების გამოყენებაზე. შარშან ხარაგაულში, გენდერული საბჭოს მხარდაჭერით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ნაჭრის ჩანთები დავურიგეთ.“

ხარაგაულში მოქმედი მაღაზიების მეპატრონეების უმრავლესობამ ბიოდეგრადირებადი პარკები უკვე შეიძინა. ეს პარკები საკმაოდ ძვირი ღირს, – გვითხრეს მაღაზიის მეპატრონეებმა, – თუ აქამდე ე. წ. ერთჯერად პარკებში მყიდველს ფულს არ ვახდევინებდით, ახლა უკვე 5-10 თეთრის გადახდა მოუწევთ.

ა/ო „მწვანეთა მოძრაობა – დედამიწის მეგობრების“ თანათავმჯდომარე ნინო ჩხობაძე ამბობს, რომ ცელოფნის პარკები, გარდა იმისა, რომ ძალიან საზიანოა, ყველას გვაწუხებს, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ის ხეების ტოტებზეა ჩამოკიდებული ნაძვის ხის სათამაშოებივით.

„ევროკავშირის წევრი ქვეყნები, დიდი ხანია, ბიოდეგრადირებად ცელოფანს იყენებენ, – ამბობს ნინო ჩხობაძე, – ასე რომ, ცელოფნის პარკების აკრძალვა კიდევ ერთი ნაბიჯია ევროკავშირთან ჩვენი ქვეყნის მიახლოების. ამ რეგულაციის განხორციელება რთული იქნება. გარკვეული დრო დასჭირდება, სანამ არ ამოიწურება შემოტანილი ან ადგილზე წარმოებული პარკები. თავად მოქალაქეების თვითშეგნებაზეა დამოკიდებული, რომ მხოლოდ ბიოდეგრადირებადი პარკები გამოიყენონ.“

გარემოს დაცვის სამინისტროს მონაცემებით, საქართველოში ერთი მოქალაქე წელიწადში მოიხმარს 500-ზე მეტ ერთჯერად პოლიეთილენის პარკს, მის ბიოდეგრადირებას კი საუკუნეზე მეტი დრო სჭირდება.

ნინო კაპანაძე