
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძის 2015 წლის მუშაობის ანგარიში დღეს დეპუტატებმა უარყოფითად შეაფასეს.
ანგარიშის წარდგენა და კითხვა-პასუხი კამათის, ხმაურისა და დეპუტატებს შორის დაპირისპირების ფონზე წარიმართა.
დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა საკრებულოს თავმჯდომარე არაკოლეგიალურობასა და რეგლამენტის სისტემატურ დარღვევაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, ინგა მაღრაძე მხარს არ უჭერს მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს.
დეპუტატ ვარლამ თავზარაშვილის თქმით, ინგა მაღრაძე გაკეთებულ საქმეებზე არ გამოხატავს მადლიერებას „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მიმართ. ვარლამ თავზარაშვილმა განაცხადა, რომ მომავალი სხდომისთვის ის დაიწყებს პროცედურებს იმისთვის, რომ ინგა მაღრაძე აღარ იყოს საკრებულოს თავმჯდომარე.
საკრებულოს წევრ გოგი ლაცაბიძის თქმით, დღევანდელი გადასახედიდან ინგა მაღრაძე „მეტის ღირსია,“ რადგან არ ახორციელებდა საკრებულოს გადაწყვეტილებებზე კონტროლს.
გელა გოლუბიანმა აღნიშნა, რომ უარყოფითად უნდა შეფასდეს არა ინგა მაღრაძის, არამედ საკრებულოს საქმიანობა, რადგან გადაწყვეტილებებზე ყველა ერთნაირადაა პასუხისმგებელი. „დავფიქრდეთ ხოლმე ჩვენს გადაწყვეტილებებზე, მომავალში მაინც. იქნება ცენტრალური ხელისუფლებაც ცდება, იქნება ბიძინაც ცდება. ის მაშინ შეცდა, როცა თქვენნაირები შეყარა უმრავლესობაში,“ – მიმართა საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშის უარყოფითად შემფასებელ კოლეგებს საკრებულოს წევრმა გელა გოლუბიანმა.
ინგა მაღრაძემ განაცხადა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია დაინახოს თავის საქმიანობაში არსებული ხარვეზები და იზრუნოს მათ გამოსწორებაზე.
დეპუტატებმა დიდხანს იდავეს იმაზე, თუ რამდენმა შეაფასა საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში დადებითად და რამდენმა – უარყოფითად.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას 32 დეპუტატი ესწრებოდა. საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიშის შეფასებისას ორი დეპუტატი სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა. ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ სამმა წევრმა და არასაპარლამენტო ოპოზიციის ორმა დეპუტატმა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო. ექვსმა დეპუტატმა საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში დადებითად შეაფასა, ცხრამეტმა დეპუტატმა – უარყოფითად.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ინგა მაღრაძე რესპუბლიკური პარტიის წევრია.
ნინო კაპანაძე
თამთა გოგოლაძე
9 მაისს ევროკავშირი თავისი დაარსების თარიღს აღნიშნავს. 1950 წლის სწორედ
დღეს, 7 მაისს, „ქართული ოცნების“ ყრილობა
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.