„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი და სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრი, კახა კახიშვილი სოციალურ ქსელში ეხმაურება ექიმ მაია კოხტაშვილის საქმეს.

„კანონი კანონია და მისი დაცვა ყველას გვევალება, მათ შორის ექიმსაც. თუ კანონი დაირღვა, ამას შესაბამისი სამართლებრივი შეფასება უნდა მოჰყვეს. მაგრამ ჩემთვის მეორე საკითხიც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

რამდენად სწორია, როდესაც ადამიანს სპეციალურად აგზავნი ექიმთან, ის უყვება მძიმე მდგომარეობაში მყოფ ავადმყოფზე, სთხოვს დახმარებას და შემდეგ ექიმის სურვილი, დაეხმაროს პაციენტს, მისი სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძველი ხდება.

შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ეს პირველი შემთხვევა არ იყო. თუ შესაბამის ორგანოებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ექიმი ამას სისტემატურად აკეთებდა ან მანამდეც არღვევდა კანონს, მაშინ სწორედ ეს უნდა შეესწავლათ, დაკვირვებოდნენ მის საქმიანობას, მოეპოვებინათ შესაბამისი მტკიცებულებები და საქმე რეალურ ფაქტებზე აეგოთ.

კანონის დაცვა აუცილებელია, მაგრამ დარღვევასთან ასეთი მეთოდებით ბრძოლამ არ უნდა მიგვიყვანოს იქამდე, რომ ექიმებს ავადმყოფის დახმარების შეეშინდეთ. თუ დარღვევა რეალურად და სისტემატურად ხდება, ის უნდა გამოავლინო და დაამტკიცო, მაგრამ ხელოვნურად არ უნდა შექმნა ისეთი სიტუაცია, რომელიც საბოლოოდ თავად ხდება ადამიანის დასჯის საფუძველი“, – წერს კახიშვილი სოციალურ ქსელში.

ექიმ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. ის თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

მაია კოხტაშვილი ახმეტაში 10 სექტემბერს დააკავეს. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მესამე პირზე რეცეპტის გაწერას ედავებიან.

როგორც თავად მაია კოხტაშვილმა სასამართლოზე თქვა, მასთან მივიდა პირი, რომელმაც უთხრა, რომ ბებია ჰყავდა ავად და რადგან თავად მოხუცი ლოგინად იყო ჩავარდნილი, ითხოვა მედიკამენტ „გაბაპენტინის“ გამოწერა, რომელიც ბებიას ტკივილებს მოუხსნიდა. მასთან მისულ მოქალაქეს რეგისტრაციის თანხა უკვე გადახდილი ჰქონდა, ამის გამო თავი უხერხულად იგრძნო, რომ დახმარება არ გაეწია და გამოუწერა რეცეპტი.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მტკიცებით, სამედიცინო დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, მოქალაქეს ფსიქოტროპული ნივთიერების შესაძენად უკანონოდ დაუმზადა და გასცა ყალბი რეცეპტი.

საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 268-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ჯარიმას ან 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ამავე თემაზე

ამ ქვეყანაში ბევრი ეხმარება ერთმანეთს, ვისაც როგორ შეუძლია, და ასე გააქვთ ადამიანებს თავი – მაია ბუწაშვილი

დავფიქრდეთ იმ რეგულაციებზეც, რომლებსაც მტკიცებულებებისა და სათანადო პროგნოზირების გარეშე ვიღებთ – ამირან გამყრელიძე

კარგი ჯანდაცვის პოლიტიკა არ შენდება შიშზე, ბიუროკრატიასა და სადამსჯელო ლოგიკაზე – თენგიზ ვერულავა