მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ვერულავა ექიმ მაია კოხტაშვილის საქმეს ეხმაურება:

„ჩემი სრული მხარდაჭერა ექიმ მაია კოხტაშვილს!

რეგულაცია, რომელიც პაციენტს ეხმარება, აუცილებელია. მაგრამ რეგულაცია, რომელიც ქრონიკულ პაციენტს ყოველ ორ კვირაში ბიუროკრატიულ წრეზე ატარებს, ექიმს კი მუდმივი სანქციისა და „პროვოკაციის“ შიშში ამყოფებს, უკვე თავად ხდება პრობლემის ნაწილი.

სახელმწიფოს მოვალეობა სამართალდარღვევის გამოვლენაა და არა მისი ხელოვნურად შექმნა. ექიმის პროფესიული საქმიანობა არ უნდა გადაიქცეს გარემოდ, სადაც იგი პაციენტზე ზრუნვის ნაცვლად ფიქრობს, ხომ არ არის მის წინ მყოფი ადამიანი სპეციალურად გამოგზავნილი „პროვოკატორი“.

ასეთი მიდგომა ანგრევს ექიმსა და პაციენტს შორის ნდობას, აძლიერებს თავდაცვით მედიცინას და საბოლოოდ ისევ პაციენტს აზარალებს.

კარგი ჯანდაცვის პოლიტიკა არ შენდება შიშზე, ბიუროკრატიასა და სადამსჯელო ლოგიკაზე. ის შენდება პროფესიონალიზმზე, მტკიცებულებაზე, გონივრულ რეგულაციასა და ექიმისა და პაციენტის ინტერესების დაცვაზე“.

წერს სოციალურ ქსელში მედიცინის აკადემიური დოქტორი, ჯანდაცვის პოლიტიკის ინსტიტუტის დირექტორი თენგიზ ვერულავა.

ექიმ ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს თელავის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. ის თანხის გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

მაია კოხტაშვილი ახმეტაში 10 სექტემბერს დააკავეს. მას სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მესამე პირზე რეცეპტის გაწერას ედავებიან.

ამავე თემაზე

დავფიქრდეთ იმ რეგულაციებზეც, რომლებსაც მტკიცებულებებისა და სათანადო პროგნოზირების გარეშე ვიღებთ – ამირან გამყრელიძე