

საგარეუბნო მატარებლების – ხაშური-ზესტაფონი-ხაშურისა და ზესტაფონი-ხაშური-ზესტაფონის აღდგენის თარიღს „საქართველოს რკინიგზაში“ ვერ აკონკრეტებენ.
ამ საგარეუბნო მატარებლების მოძრაობა 5 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით შეაჩერეს. მიზეზად „საქართველოს რკინიგზაში“ ვაგონების რემონტი დაგვისახელეს. თუმცა, დღეს, 12 ივლისს, გავარკვიეთ, რომ მატარებლების აღდგენის თარიღი გაურკვეველი დროით გადაიდო.
მატარებლების გაჩერების მიზეზი „საქართველოს რკინიგზაში“ ამჯერად ვერ გვითხრეს.
ეს საგარეუბნო მატარებლები, ე. წ. „მასტერაო“, ჩხერიმელას ხეობის მოსახლეობისთვის გადაადგილების ერთადერთი ხელსაყრელი საშუალებაა.
დიდვაკეში მცხოვრები ლაშა მაღრაძე ამ მატარებლით ყოველდღე მგზავრობდა. ის „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ ზესტაფონის სერვის-ცენტრში მუშაობს.
ლაშა ამბობს, რომ მგზავრობა მისთვის როგორც ფიზიკურად, ისე ფინანსურად გართულდა.
„გასულ კვირაში ყოველდღე სახლიდან დილის შვიდის ნახევარზე გამოვდიოდი და გზაზე გამვლელ მანქანას ველოდებოდი, ხარაგაულამდე რომ ჩავსულიყავი, – ამბობს ლაშა, – ხარაგაულიდან კი ზესტაფონში მიკროავტობუსით ვმგზავრობდი. მგზავრობა დღეში უკვე ათ ლარზე მეტი მიჯდება“.
მარელისში მცხოვრები თეა ტაბატაძე დიალიზზე მყოფი პაციენტია და კვირაში სამ დღეს ზესტაფონის კლინიკაში დადის. თეა ამ დრომდე „მასტერაოთი“ მგზავრობდა, ახლა კი სერიოზული პრობლემის წინაშე დადგა, – მარელისიდან ზესტაფონში ჩასვლა და უკან დაბრუნება ტაქსით უწევს. ეს კი მისთვის დიდი ფინანსური ხარჯია.
„მარელისიდან ტაქსით ზესტაფონამდე მგზავრობა 50 ლარი ღირს, ანუ კვირაში ზესტაფონში სამჯერ წასვლა-მოსვლაში 300 ლარი მჭირდება, – ამბობს თეა ტაბატაძე, – ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ყოველ თვეში, როგორც დიალიზზე მყოფი პაციენტი, 250 ლარს ვიღებ. ეს თანხა გზაში ერთ კვირასაც აღარ მეყოფა.
„მასტერაო“ ჩემთვის ყველაზე ხელსაყრელი ტრანსპორტი იყო. ძალიან მძიმე დღეში ჩავვარდი. მოსახლეობამ უნდა მოვითხოვოთ ამ მატარებლის სასწრაფოდ აღდგენა“.
წიფის მაჟორიტარი დეპუტატის, ბესიკ ტალახაძისგან მოპოვებული ინფორმაციით, გასულ კვირაში ფონიდან მოლითამდე მოსახლეობას მუნიციპალური ტრანსპორტი ემსახურებოდა, ხოლო მოლითიდან ხარაგაულის მიმართულებით – ზვარე-ხარაგაულის მიკროავტობუსით მგზავრობდნენ.
ბესიკ ტალახაძე იმედოვნებს, რომ ჩხერიმელას ხეობის სოფლების მოსახლეობის ხარაგაულამდე ტრანსპორტრით მომსახურებას მუნიციპალიტეტის მერია „მასტერაოს“ აღდგენამდე უზრუნველყოფს.
დღეს, 11 ივლისს, ბათუმში ათასობით ადამიანი ,,ევროპის დღეზე“ შეიკრიბა და ევროკავშირთან,
პირველი სასწავლო წელი ზესტაფონის მოზარდთა სახლში 60-მა მოსწავლემ დაასრულა.
პირველი ივლისიდან წლის ბოლომდე ევროკავშირის საბჭოს
საქართველოში ერთიანი ეროვნული გამოცდები
მიმდინარე წლის 8 ივლისს ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესა და დიუშენის