ხევის საჯარო სკოლის XI კლასის მოსწავლე სანდრო ტაბატაძე „ერასმუს+“ სასწავლო პროგრამით ახლახან ავსტრიაში იმყოფებოდა.

სანდრო ამბობს, რომ ავსტრიაში განათლების სისტემებსა და ამ ქვეყნის კულტურულ მრავალფეროვნებას გაეცვნო, გაიუმჯობესეს ლიდერობის უნარ-ჩვევები და ინგლისური ენის ცოდნა. სანდრო სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებულ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს.

სანდრო ტაბატაძე: „ერასმუს+“ის ყველა პროგრამა აქტუალურ თემებზეა დაფუძნებული, თუმცა კონკრეტულად ეს პროექტი „Be a part, Not apart“ (იყავი ნაწილი და არა ცალკე) ჩემთვის განსაკუთრებით საინტერესოა, რადგან მსოფლიოში მიმდინარე თანამედროვე თემებს ეხმიანება.

პროგრამა 12 დღეს მოიცავდა და საქართველოდან კონკურსით შერჩეულ 10 მონაწილესთან ერთად ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ვიმყოფებოდი. ავსტრია საოცრად მოწესრიგებული და სუფთაა, ხოლო ცხოვრების ხარისხი საკმაოდ მაღალი.

ამ პროგრამაში მონაწილეობით გვეძლევა შესაძლებლობა, გავეცნოთ ევროპულ კულტურას; კარგად დავინახოთ მათი ძლიერი თუ სუსტი მხარეები, რათა სამომავლოდ სწორედ ამ ფასეულობებზე დაყრდნობით დავიწყოთ ჩემმა თაობამ ევროპული, ძლიერი საქართველოს მშენებლობა.

ახალგაზრდებს მოვუწოდებდი მსგავს პროექტებში ჩართვას, რადგან ვფიქრობ, რომ მხოლოდ ფორმალური განათლება არ არის საკმარისი. განვითარებისთვის ყველა საშუალება უნდა გამოვიყენოთ. ამისთვის „ერასმუს+“ ერთ-ერთი საუკეთესოა, რადგან იგი არა მარტო მოგზაურობა ან კონკრეტულ თემაზე ცოდნის ამაღლების საშუალებაა, არამედ არის გზა ჭეშმარიტების ზუსტად დასანახად.

ამ პროგრამის მონაწილეებს გვეძლევა შანსი, სხვადასხვა საკითხზე მივიღოთ ზუსტი და ამომწურავი ინფორმაცია, გავეცნოთ მასპინძელი თუ მონაწილე ქვეყნების კულტურას, წარმოვაჩინოთ და საერთაშორისო ასპარეზზე გავიტანოთ ჩვენი კულტურა; გავიუმჯობესოთ ინგლისურად მეტყველების უნარი და გავიძლიეროთ კრიტიკულად აზროვნების უნარ-ჩვევები.

ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო ავსტრიის არქიტექტურის, ისტორიის, ხელოვნებისა და ცხოვრების ხარისხის შესწავლა. ამ ყველაფრის გათვალისწინებით შემიძლია ვთქვა, რომ „ერასმუს+“ახალგაზრდების განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესოა“.

ფოტოზე: სანდრო ტაბატაძე (პირველ რიგსი ცენტრში) ავსტრიაში „ერასმუს+“-ის მონაწილეებთან ერთად

ამავე თემაზე

ბედნიერი ვარ, ბუქარესტში ქართული კულტურა რომ წარმოვაჩინე – სანდრო ტაბატაძე

სანდრო ტაბატაძე – მომავლის მწერალი ხარაგაულიდან