„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე 2025 წლის 1 იანვრიდან მუნიციპალიტეტებმა თავიანთ ტერიტორიაზე პერსონალური ასისტენტის სერვისის მიწოდება უნდა უზრუნველყონ.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აღნიშნული პროგრამა საკრებულომ უკვე დაამტკიცა, თუმცა როდიდან ამოქმედდება/განახლდება სერვისი, ჯერჯერობით, უცნობია.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე განმარტავს, რომ ხარაგაულში პერსონალური ასისტენტის პროგრამის ამოქმედების ხელისშემშლელი ფაქტორი ისაა, რომ ჩვენს მუნიციპალიტეტში არ არსებობს პროვაიდერი ორგანიზაცია, რომელიც ამ პროგრამას განახორციელებს.

„თითქმის ყოველ კვირაში ყველა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინ შეხვედრას ვესწრებით და ამ პროგრამის შესახებ ვსაუბრობთ. ორგანიზაცია, რომელიც პერსონალურ ასისტენტებს მოიძიებს, გადაამზადებს და დაასაქმებს, სამინისტრომ უნდა მოიძიოს. თვითმმართველობა ამას ვერ გააკეთებს. სამინისტროდან მეუბნებიან, რომ ამ საკითხზე მუშაობენ და პრობლემა მალე მოგვარდება“, – ამბობს ნანა კიკნაძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 2022-2023 წლებში შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის პროგრამა მოქმედებდა.

ეს პროგრამა, რომელიც მარტოხელა მოხუცებსა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე ზრუნვას მოიცავს, ასოციაცია „ანიკას“ მხარდაჭერითა და ევროკავშირის დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაციამ „ნაბიჯი ხარაგაული“ (დირექტორი რუსუდან გურგენიძე) განახორციელა.

ნანა კიკნაძის ინფორმაციით, ამ პროგრამაში დასაქმებულ პირებს შინმოვლის სერთიფიკატი ჰქონდათ, თუმცა პერსონალური ასისტენტის – არა; ამიტომ მათი ჩართვა პერსონალური ასისტენტის პროგრამაში, გადამზადების გარეშე, ვერ ხერხდება.

„შინმოვლისა და პერსონალური ასისტენტის  პროგრამის დაწყება ხარაგაულში ძალიან კარგი იყო, რადგან ვფიქრობდით, რომ 2025 წელს, როცა ეს ვალდებულება მუნიციპალიტეტებს დაეკისრებოდათ, მომზადებული შევხვდებოდით.

პროგრამა მუნიციპალიტეტებში მიზნობრივი ტრანსფერით განხორციელდება. ამ ეტაპზე, ზეპირი გაანგარიშებით, 100 ათასი ლარი მოვითხოვეთ, თუმცა ფინანსთა სამინისტრო, ჯანდაცვის სამინისტროსთან კონსულტაციით, რა თანხას გამოყოფს, ეს ჯერ არ ვიცით.

პერსონალური ასისტენტის მომსახურების მსურველმა პირებმა განცხადებით უნდა მომართონ ხარაგაულის მერიას, ჩვენ მათ საბუთებს საექსპერტო ბიუროში გადავაგზავნით; ეს ბიურო შეაფასებს, კონკრეტულ მოქალაქეს რამდენად სჭირდება პერსონალური ასისტენტი,“ – ამბობს ნანა კიკნაძე.

„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია დამატებით ინფორმაციას პერსონალური ასისტენტის პროგრამის ამოქმედებისთანავე გაცნობებთ.

თამთა გოგოლაძე